რევაზ არველაძე ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას ითხოვს

რევაზ არველაძე ბიძინა ივანიშვილის გაპრემიერებას ითხოვსმმართველი პარტიის დეპუტატი რევაზ არველაძე ითხოვს, “ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.  აღნიშნულის შესახებ დეპუტატმა ”2020NEWS”-თან განაცხადა.

სააგენტოს კითხვაზე, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილი აქვს თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება? არველაძე გვპასუხობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ივანიშვილის პოზიციის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

“ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ეს ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს. პარტიის ლიდერობა ერთია, მაგრამ ქვეყნის ლიდერობა მეორე.

ლაპარაკია, რომ გუნდის წევრები ყველაფერს მას უთანხმებენ, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ხომ წარმოგიდგენიათ, შეთანხმებებში რამდენი დრო იკარგება.

ბიძინა ივანიშვილი თავად არის პირველი პირი. ის ისეთ განკარგულებებს იძლევა, რომლებიც ქვეყნის წინსვლას უწყობს ხელს, ამიტომ ვფიქრობ, რომ მისი გაპრემიერება ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.

“ოცნების“ დეპუტატი ბიძინა ივანიშვილთან გამართული აუდიენციის დეტალებსაც იხსენებს. როგორც დეპუტატი გვეუბნება, ამ შეხვედრაზე მან ივანიშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება რამდენჯერმე სთხოვა.

“ბატონ ბიძინას მთარობის სათავეში ჩადგომა რამდენჯერმე ვთხოვე. მან მაშინ მიპასუხა – არაო. ახლა როგორია მისი პოზიცია, ნამდვილად არ ვიცი“,- განაცხადა რევაზ არველაძემ.

შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას გიორგი გახარია რამდენიმე დღეში დატოვებს. დაუდასტურებელი ვერსიით, აღნიშნულ პოსტს “ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დაიკავებს.