“რევოლუციის მოწყობა მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია” – რაზე ისაუბრა მურმან დუმბაძემ მიხეილ სააკაშვილთან

“რევოლუციის მოწყობა მხოლოდ ივანიშვილს შეუძლია” - რაზე ისაუბრა მურმან დუმბაძემ მიხეილ სააკაშვილთანნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილთან გამართულ შეხვედრასა და ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს.
– ბატონო მურმან, მიხეილ სააკაშვილთან თქვენი შეხვედრა ვისი ინიციატივით გაიმართა?
– რატომ გამოიწვია ამ შეხვედრამ ასეთი აჟიოტაჟი, არ ვიცი. მე როდესაც დავრწმუნდი, რომ ქართული პოლიტიკა მიხეილ სააკაშვილის გარეშე შეუძლებელია, იმის მერე მე მასთან მქონდა შეხვედრები და მაქვს. დიახ, გიდასტურებთ, შევხვდი და ვისაუბრეთ.
– სად შეხვდით, კიევში?
– შეხვედრები ძირითადად ევროპაში იყო, მათ შორის კიევშიც.
– ევროპის რომელ ქვეყანაში?
– საფრანგეთში.
– კონკრეტულად რაზე იყო საუბარი?
– საუბრის თემა ერთადერთია – მშვიდობიანად, არჩევნებით ხელისუფლების ცვლილება. სტრატეგია არ იცვლება, იცვლება ტაქტიკა. სხვადასხვა სცენარები განვიხილეთ, ცხადია, მათ შორის განხილული იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქციები ხალხის მონაწილეობით.
– ხალხი რომ არ გამოდის?
– ხალხის რაოდენობას ნუ დათვლის ბიძინა ივანიშვილი. არც 2003 წელს არ გამოსულა ხალხი, არც აჭარის მოვლენების დროს არ იყო იმდენი ხალხი გამოსული, მაგრამ ასლან აბაშიძეს მოუწია აჭარიდან წასვლა. ბიძინა ივანიშვილმა დანაპირები უნდა შეასრულოს და არსებული საარჩევნო სისტემა შეცვალოს. ეს არის და ეს.
– გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს ივანიშვილი, ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არსებული სისტემით მიიღებს. ეს ვარიანტიც განიხილეთ?
– ეს ის შემთხვევაა, როდესაც გიგა ბოკერიას თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში ივანიშვილი არაფერს არ ცვლის და არჩევნებში წასვლა არსებული, შერეული სისტემით მოგვიწევს, მაგრამ ჩვენ, ოპოზიცია ყველა დონეზე, ყველგან და ყველაფერში შევთანხმდებით და შეთანხმებულად მოვუგებთ ივანიშვილს, შემდეგ კი დავნიშნავთ ვადამდელ არჩევნებს სწორედ პროპორციული სისტემით, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული.
– გამოდის, ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავთ.
– არ გამოვრიცხავ. ივანიშვილის ძალიან კარგად ვიცნობ, მე მასთან ინტენსიური ურთიერთობა მქონდა და ვიცი, რა ვარიანტებს შეიძლება ის ახლა განიხილავდეს. ერთ-ერთი სწორედ ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოს, ამიტომ მას არ გამოვრიცხავ.
– ივანიშვილი ოპოზიციის წევრების გადაბირებას არ შეეცდება?
– დიდი ხანია, ის პატარ-პატარა პარტიების მოსყიდვას ცდილობს, მაგრამ ეს არაფერს მოუტანს მას. ამით ის დისონასს ვერ შეიტანს დიდ ოპოზიციურ ერთობაში.
როდესაც მოქალაქეებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, მერე უკვე ძალიან ძნელია ,რა ბერკეტიც არ უნდა გამოიყენოს ბიძინა ივანიშვილმა, რამე მოახერხოს. ამიტომ, როდესაც ძალა ერთობაშია და როდესაც ყველა ერთის წინააღმდეგ არის, მაშინ ასეთი სვლები, მანევრები არ ჭრის.
ასეთი ერთიანი ოპოზიცია მე არ მახსოვს 90-იანი წლებიდან მოყოლებული. ჩვენ მყარად ვდგავართ ერთად და სწორედ ასე ერთიანი ძალით დავამარცხებთ ივანიშვილს.
– სააკაშვილთან საუბარში თუ იყო განხილული 2003 წლის მოვლენების მსგავსი სცენარი? რევოლუციური სცენარი.
– უნდა გითხრათ, რომ მე ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, მაგრამ ასეთი საუბარი არ ყოფილა სააკაშვილთან. იმიტომ გითხარით, ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, რომ ვიცი, რევოლუციებს არ აწყობს არც ხალხი და არც ოპოზიცია. როგორც წესი, რევოლუციებს თავად ხელისუფლება აწყობს.
2003 წელს რევოლუცია ედუარდ შევარდნაძემ მოაწყო. აჭარაში, ასევე, რევოლუცია ასლან აბაშიძემ მოაწყო. არც მაშინ შედიოდა ოპოზიციის გეგმებში რევოლუცია. დღესაც არ შედის ოპოზიციის გეგმებში რევოლუცია, მაგრამ ეს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული და სხვა არავისზე.