სერგი კაპანაძე – “თებერვლიდან თბილისში აქციებს დავიწყებთ”

სერგი კაპანაძე - “თებერვლიდან თბილისში აქციებს დავიწყებთ”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პასუხობს.
– ბატონო სერგი, “ჰუმან რაითს ვოჩი” აღნიშნავს, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ დაუსჯელობის სინდრომია და ასე შემდეგ. ხელისუფლება ამ კვლევებზე არ რეაგირებს, არაფერს ითვალისწინებს და რას ცვლის ეს დასკვნები რეალურად?
– ეს დასკვნები არის სარკე რეალურად, რომელიც აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში. სარკეს არაფრის შეცვლა არ შეუძლია, ის უბრალოდ გაჩვენებს, რა მდგომარეობაა.
ეს ხელისუფლება არაფერს არ შეცვლის. ამის იმედი ნურავის ექნება. ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა შევცვალოთ, რომ ასეთი რაღაცეები აღარ გაგრძელდეს მომავალში.
ამ დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ 2019 წელს იყო ძალადობა პოლიტიკურ ოპონენტებზე, მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, პოლიციელების დაუსჯელობა, ხდებოდა თავისუფალ მედიაზე შეტევა. ეს არის ვერდიქტი, რომელსაც ასევე ითვალისწინებენ ჩვენი პარტნიორებიც თავიანთ ურთიერთობებში საქართველოს ხელისუფლებასთან. ამიტომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ რომ მომავალში აღარ განმეორდეს, თუმცა მანამდე უნდა შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნების გზით, სულ რამდენიმე თვეში.
– რა გამოხმაურებებს ელოდებით ასეთი დასკვნების შემდეგ? ხელისუფლებას არ აქვს რეაგირება მსგავს საკითხებზე და ყველაფერს ოპონენტების დეზინფორმაციას აბრალებს.
– ხელისუფლების რეაგირება მე არც მაინტერესებს. ისინი იტყვიან იმას, რასაც ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს არის შეცდომაში შეყვანა ოპონენტების მხრიდან, რომ ეს არის არასწორი ფაქტები, რომ ხდება დამახინჯება და ასე შემდეგ.
ფაქტია, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში ამ ქვეყანაში დემოკრატია მიდის სულ უკან და უკან და ეს არც ჩვენს პარტნიორებს რჩებათ შეუმჩნეველი. ამიტომ ამ ანგარიშში საუბარია ყველა იმ სერიოზულ პრობლემაზე, რაც კი ჩვენს ქვეყანაში არსებობს.
ეს დასკვნა არის კიდევ ერთი ვერდიქტი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის.
– 20 ივნისის მოვლენებზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული ამ ანგარიშში.
– ამ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 20 ივნისის აქცია არ იყო ძალადობრივი, თუ არ ჩავთვლით პატარა ეპიზოდებს და ჯამში იყო მშვიდობიანი. ძალა, რომელიც გამოიყენა ხელისუფლებამ, იყო არაადეკვატური და იყო სერიოზული ძალის გადამეტება. ასევე დასკვნაში საუბარია იმაზე, რომ დასჯა მოხდა ცალმხრივად. დაისაჯნენ მშვიდობიანი მომიტინგეები და არ დაისაჯნენ ისინი, ვინც ძალა გადაამეტა, ვინც თვალები დათხარა ახალგაზრდებს.
გაკეთდა შეფასება, რომ გადაულახავ პრობლემად რჩება ეს დაუსჯელობის სინდრომი.
– ყველაზე მეტი კრიზისი და პრობლემა რომელ სფეროში გვაქვს?
– არსად გვაქვს კარგად საქმე. ეკონომიკაში ვხედავთ, რა მდგომარეობაა, როგორი ინფლაციაა, როგორი სიღარიბეა. დემოკრატიის კუთხითაც სერიოზული უკუსვლაა. ასევე თავისუფალი მედიის კუთხითაც. ჯერჯერობით მედია უძალიანდება ხელისუფლებიდან წამოსულ ზეწოლას და ჩვენი მიზანია, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ.
– რა გეგმები აქვს ოპოზიციას? შავ სიაზე მუშაობას კვლავ აგრძელებთ? ე.წ. შავი სიის ხუთეული უკვე არსებობს. რა იქნება შემდგომ?
– მთავრდება სადღესასწაულო პერიოდი, ჩვენ გვექნება ამ თვის ბოლომდე აქციები რეგიონებში, თებერვლის დასაწყისიდან უკვე ვიწყებთ თბილისში აქციებსაც და ზუსტად იგივე დისკომფორტის შექმნას ვაპირებთ, იქნება ეს პიკეტების, არაძალადობრივი მშვიდობიანი დემონსტრაციების, სხვადასხვა აქციების თუ პოლიტიკური ნაბიჯების გზით.
ხელისუფლებას, ეტყობა, იმედი აქვს, რომ ჩაცხრა საპროტესტო მუხტი, მაგრამ ეს ასე არ არის.
– ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი ექსპერტები იმაზეც საუბრობენ, რომ საკმაოდ სუსტია ოპოზიცია და ამ სიტუაციაში ისევ “ოცნება” გაიმარჯვებს. ამაზე რას იტყვით?
– ამაზე მათ შემიძლია ვუპასუხო, რომ წიწილებს დავითვლით შემოდგომაზე! მე ვარ სრულიად დარწმუნებული, რომ ივანიშვილის არც დაბრუნება, არც მეორედ მოსვლა, არც მოსყიდვები და ასე შემდეგ, შედეგს აღარ გამოიღებს. მოსახლეობა დარწმუნდა, თუ როგორი ხელისუფლება მართავს ქვეყანას, როგორ არ შეუძლიათ არც ერთ სფეროში წარმატების მიღწევა და პირიქით, ახლა, როგორც ჩანს, აპირებს ახალი ძალადობით და ახალი მანიპულაციებით შეინარჩუნოს ხელისუფლება და ეს არ გამოუვათ.
– გაგრძელდება ის მოთხოვნები, რასაც აქამდე აყენებდით?
– აუცილებლად. ჩვენ ვითხოვდით ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს, მაგრამ უარეს შემთხვევაში ეს არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში.
– ამ მხრივ რაიმე წინსვლა თუ გაქვთ?
– ოპოზიციას კვლავაც ერთიანი პოზიცია აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი ერთიანი ხედვა უკვე წარდგენილი გვაქვს ხელისუფლებისთვის, ვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო მოდელს, ან ისეთ მოდელს, რომელიც პროპორციულ შედეგებს მოიტანს არჩევნების გზით და ამაზე გვაქვს სრულიად ჩამოყალიბებული, ერთიანი ხედვა.
ახლა ველოდებით, ხელისუფლების მხრიდან რა რეაქცია იქნება ჩვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ამაზე უარს იტყვის ივანიშვილი, ის ნებისმიერი საარჩევნო მოდელით მაინც დამარცხდება. უბრალოდ, თუ დათანხმდება პროპორციულს, ის ლეგიტიმაციას შეინარჩუნებს და პოლიტიკურ ველზე დარჩენა შეეძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველა გზას იჭრის.
– გასული წლის მიწურულს გიგი უგულავას ინიციატივა მოვისმინეთ ერთიან სიასთან დაკავშირებით, ეს ინიციატივა ძალაში რჩება?
– ამაზე გრძელდება მუშაობა, ეს არის არა ინიციატივა, არამედ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება ივანიშვილის დამარცხება, თუ ის კიდევ ერთხელ უარს იტყვის თავის დაპირებაზე და დატოვებს შერეულ საარჩევნო სისტემას.