„შენ მე ღარიბაშვილი ხომ არ გგონივარ“ – დიდი გარჩევები გახარია-ივანიშვილს შორის

20-21 ივნისის, ე.წ. „გავრილოვის ღამის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელს იანვრის ბოლომდე დაემშვიდობება. თუმცა, მისი გადაყენება „გავრილოვის სისხლიან ღამეს“ არ უკავშირდება.

“2020NEWS”-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ გახარიას გადაყენება ამერიკული მხარის კატეგორიული მოთხოვნაა, რადგან მისი გვარი ამოტივტივდა საიდუმლო მასალებში, რაც დიდი ოდენობით თანხებსა და საერთაშორისო უსაფრთხოებას უკავშირდება.

სააგენტოს ინფორმაციით, ეს დოკუმენტები ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილს მაგიდაზე დაუდეს. შესაბამისად, ივანიშვილი იძულებული გახდა, რომ გახარიას საკითხზე გადაწყვეტილება მიეღო და პროცესი დაეჩქარებინა.

ქვეყნის არაფორმალურმა და ფორმალურმა ლიდერებმა „შუშის სასახლეში“ ეს საკითხი უკვე გაარჩიეს.

როგორც სანდო წყარომ “2020NEWS”-ს განუცხადა, ივანიშვილ-გახარიას საუბარი მძიმე და ხმამაღალი იყო.

„შენ მე ღარიბაშვილი ხომ არ გგონივარ? ასე წასვლას არ ვაპირებ“, – უთხრა გახარიამ ივანიშვილს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „გავრილოვის ღამის“ საკუთარ თავზე ამღები, მაშინდელი შს მინისტრი ამ ღამიდან 2 თვეში პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა, ძნელი წარმოსადგენი არაა, ივანიშვილს გახარია ღარიბაშვილში, რომც უნდოდეს, ვერ აერევა.

„შუშის სასახლის“ პატრონმა ისიც ძალიან კარგად იცოდა, ამ პრემიერს ისე ვერ მოხსნიდა, როგორც „შვილივით გაზრდილ“ ყოფილ პრემიერს. „იმას უთხარით, წავიდეს“, – ასეთი იყო ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნათესავების მადაზე გაბრაზებული ივანიშვილის მაშინდელი ბრძანება შვილობილზე. ამ შვილობილმა კი, „შუშის სასახლეში“ პრემიერობიდან რომ გაათავისუფლეს, არც იცოდა და კანცელარიაში ისევ პრემიერობდა.

თუმცა, ზემო სოლოლაკიდან ჩამოღწეული გათავისუფლების დეპეშის შემდეგ, თანამდებობასთან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სულ „მამამარჩენალის“ „უპრეცენდენტო პოლიტიკურ ნაბიჯებზე“ ილაპარაკა, მერე ცოლს უხადა მადლობები, ბოლოს გამოაცხადა, ქვეყნის რიგით ჯარისკაცად ვრჩებიო და წავიდა.

როგორ წავა გიორგი გახარია, უახლოეს დღეებში გაირკვევა. ქვეყნის მოქმედ პრემიერს ახლა ბევრი საფიქრალი აქვს, რადგან ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მის გათავისუფლებას ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი ითხოვს და ბრძანება მხოლოდ შუშის სასახლეში არაა გაცემული.