სოხუმში მომიტინგეები ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ

სოხუმში მომიტინგეები ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენმომიტინგეები, რომლებიც სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილადგამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო.

შეგახსენებთ, აქცია დრამატული თეატრის შენობის წინ დაიწყო და მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან გაგრძელდა. ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის „უზენაესმა სასამართლომ“ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა.

„ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.

იპნ