თაკო ჩარკვიანი – ”ნინო ბურჯანაძესთან სიაში ყოფნას არ ვაპირებ”

თაკო ჩარკვიანი - ”ნინო ბურჯანაძესთან სიაში ყოფნას არ ვაპირებ”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

რა მოვლენებით გამოირჩა 2019 წელი? რა გამოწვევებია ამ წელს და რა მოლოდინი არსებობს 2020 წელს? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი საუბრობს.

_ რომელ პოლიტიკურ საკითხებს გამოარჩევდით 2019 წლიდან?

_ დავიწყებ დადებითით და ეს არის ის, რაც სულ რამდენიმე დღის წინ გავიგეთ. ძალიან გამიხარდა, რომ ოკუპანტების მიერ დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს და ახალ წელს საკუთარ ოჯახში შეხვდა. ვულოცავ ამას მის ოჯახს და მთელ საქართველოს. ეს არის დადებითი მოვლენა.

ახალი წლის დღეებში მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ძირითადად უარყოფით მოვლენებს ვხედავ. ჩვენ ისეთი მოვლენები გადავიტანეთ გავრილოვის ღამის გამო, რომ ეს უკვე შევიდა ისტორიაში. პრაქტიკულად უკვე დაემართა ამ ხელისუფლებას ეს და ახალგაზრდებს თვალები დასთხარეს. ამაზე დიდი და საშინელი რა უნდა დაგემართოს, როდესაც მომავალ თაობას შეიძლება გადაუხადო სამაგიერო სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის?!

უარყოფითი იყო ისიც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მოქმედი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი გავრილოვი იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სპიკერის სავარძელში. დიდი სირცხვილი დაგვემართა.

საერთოდ, პესიმისტურად განწყობილი არ ვარ და არ ვთვლი, რომ ეს ასე დასრულდება. იმიტომ, რომ ასეთი მოვლენები პესიმისტურად არ მთავრდება ხოლმე. ეს არ დამთავრდება კარგად ამ ხელისუფლებისთვის და მგონია, რომ ოპტიმიზმის საფუძველი მაქვს.

_ რა გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს?

_ სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო ამერიკის მხრიდან იმ წერილით, რომელიც კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს და მახარებს ეს მხარდაჭერა.

_ თუმცა, იგივე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ოდნავ შეარბილა ტონი ბოლო განცხადებაში.

_ არა უშავს. რაც მთავარია, არის ეს განცხადება და ეს უკვე კარგია. ეს განცხადება ნიშნავს, რომ სამომავლოდ გარკვეულ სანქციებს მიიღებს ეს ხელისუფლება, თუ ასე გააგრძელა ყველაფერი.

_ რა სანქციები შეიძლება იყოს?

_ შეიძლება გადახედონ მაღალჩინოსნების და კერძოდ ივანიშვილის ფინანსურ მდგომარეობას.

_ ანუ, შეიძლება, რომ ივანიშვილის ანგარიშები დააყადაღონ?

_ თავისუფლად შესაძლებელია ეს. ასეთი პრეცედენტები ბევრი ვიცით ჩვენ. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უმთავრესი პარტნიორია აშშ და მას ჩვენთვის კარგის მეტი არაფერი აქვს გაკეთებული. თანხები აქვს ჩადებული საქართველოს განვითარებაში.

_ მუშაობთ ამ მიმართულებით ოპოზიცია ამერიკასთან, რომ ივანიშვილის ანგარიშები დააყადაღონ?

_ ჩვენ ვმუშაობთ ობიექტური მოვლენების მიწოდებით, დანარჩენს ამერიკა თავად გადაწყვეტს. დანარჩენზე ჩვენ ვერც ვიმუშავებთ. ზედმეტს ჩვენ არ გვთხოვენ. ფაქტებს აწვდის ოპოზიცია პარტნიორებს და ეს არის ჩვენი ვალდებულება.

ჩვენ ხომ დავინახეთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების გამო ორი ქალი ერთმანეთს ამუნათებდა, არა კოსაჩოვს უნდა გადავუხადოთ მადლობა და არა კალაშნიკოვსო. ინაშვილი და ბურჯანაძე. ოკუპაციის კანონის პირობებში რუსეთზე მომუშავე ორი ქალი ამას აკეთებს. სირცხვილია, როდესაც 21-ე საუკუნეში ორი ქალი ერთმანეთს ამუნათებს ამაში. ინაშვილმა მერე ჩანაწერი მოგვასმენინა, რომ ჩემი ხელი ურევია ამაშიო.

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ისრაელის რომელიმე ოპოზიციური პარტია ხალხის ლეგიტიმაციის გარეშე გაუმჭვირვალობით და საერთაშორისო არბიტრების გარეშე წავიდეს იქ, ვისთანაც ბრძოლა აქვს და ესაუბროს. სულ ცოტა სამხედრო ტრიბუნალი არ ასცდება. ავიღოთ თუნდაც აზერბაიჯანი და სომხეთი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ფორმატში დაიწყოს საუბარი სომხეთმა აზერბაიჯანთან, ან პირიქით აზერბაიჯანმა სომხეთთან.

_ ამ ფონზე გიგი უგულავა ამბობს, რომ საერთო სია უნდა შედგეს ყველა ოპოზიციური ლიდერის მონაწილეობით.

_ ვნახე ეს განცხადება, საინტერესო დეტალებია, მაგრამ ეს ჯერ არ მიგვიღია და ეს არის განხილვის რეჟიმში. ვნახოთ, ჯერჯერობით ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ნედლი ვერსიაა. ეს შეიძლება ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენოს და ამიტომ ეს ძალიან დასაფიქრებელია.

_ როგორ შეიძლება გამოიყენოს ხელისუფლებამ სათავისოდ?

_ თავისუფლად. იმიტომ, რომ ასეთი გაყალბების პირობებში კაცმა არ იცის, რას გამოაგდებს. თორემ ჩემთვის პრობლემა არაა.

_ პრობლემა არაა ის, რომ თქვენ და ბურჯანაძე ერთ სიაში იყოთ?

_ მე ვთქვი, რომ მაჟორიტარული სისტემა არაა პრობლემა. თორემ ბურჯანაძესთან ერთად სიაში ყოფნას არ ვაპირებ. იცით ჩემი დამოკიდებულება. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ღირებულებებს და ბრძოლა ღირებულებების გარეშე არაფრად არ მიმაჩნია. დამისახელეთ მოგებული ბრძოლა პრინციპების და ღირებულებების გარეშე. ეს ქულები და კვოტები და რაღაცები, ზუსტად ეგაა, რაც გვღუპავს.

როგორც კი გადავა ახალი წლის დღეები, ჩვენ დავაყენებთ ჩვენს იდეას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ურთიერთობა გაერთიანებულ ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-თან. პროპორციულის მოთხოვნის გარდა მე არ მესმის, რაზე უნდა ველაპარაკო პოლიტიკოსს, რომელიც ცოტა ხნის წინ შვილს ელაპარაკებოდა, რომ 500 კაცი რომ დაიღუპოს, არაფერი არ არის ასეთი ვითარების დროს და მერე „გრუ“-ს ჯარებს ელაპარაკონო.

8 წელი გავიდა და გაიტანოს ის ჩანაწერი ექსპერტიზაზე. თუ ფული არ აქვს, მე მივცემ, ოღონდ გაიტანოს ეს ჩანაწერი ექსპერტიზაზე. ვინმემ ასეთი ჩანაწერი რომ დამიდოს, თავს მოვიკლავდი და დავამტკიცებდი, თუ ეს სიმართლე არ არის. ქალს გაცხადებული აქვს თავისი პოლიტიკა.

ჩემთვის ბურჯანაძე არ არსებობს, ჩემთვის არსებობს რუსული რადიკალური ვექტორი. ესენი არიან რუსული რადიკალური ვექტორის მომხრეები. თორემ, როდესაც მოვა კოალიციური ხელისუფლება, ის დაელაპარაკება ოკუპანტს, ოღონდ ეს მოხდება გამჭვირვალედ, ხალხის ლეგიტიმაციით და საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

თუ ჩვენ წყალგამყოფი არ გავაკეთეთ რუსულ ვექტორთან, პუტინი ყოველთვის შეძლებს სიტუაციის არევას, როგორი კარგი, პროდასავლური და ძლიერი ხელისუფლებაც არ უნდა გვყავდეს სამომავლოდ. ღმერთმა არ ქნას, რაღაც დანაშაული თუ მოხდება, იმას გაახუთმაგებს. მოხდა დანაშაული სააკაშვილის დროს ციხის ამბების გამო? მერე დადგეს რაღაც კადრები ბედუკაძის მეშვეობით. მე კი არ უარვყოფ, რომ რაღაც დანაშაულები იყო, მაგრამ ბედუკაძესაც ხომ ვერ უარყოფს ვინმე?! ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავადგეთ იმ გზას, რომელსაც დაადგა ბალტიისპირეთი.

ვნახოთ, არჩევნებისთვის როგორ გადავლაგდებით. ახლა ამაზე ვერ ვილაპარაკებ. „ძალა ერთობაშია“-ს ფორმატში უნდა დავსხდეთ და იქ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და მერე გავახმოვანებთ. გიგი უგულავამ დააყენა თავისი იდეა, ჩვენ ჩვენსას დავაყენებთ და შეჯერდება კომპრომისული გადაწყვეტილება.

_ 2019 წელს ”ქართული ოცნება” 22-მა დეპუტატმა დატოვა. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ ჩამოშლა დაიწყო?

_ რა თქმა უნდა. მე ერთხელ ვთქვი, რომ რამდენიმე ოჯახში არ სიამოვნებდათ, რომ მათი ოჯახის წევრი იყო „ოცნებასთან“ დაკავშირებული და წამოვიდნენ. უკვე შეუძლებელი იყო იქ ყოფნა. ჩამოშლის პირას არის „ოცნება“.

მაგრამ პეტრე არ იქნება? იქნება ივანე. სულ იპოვის პუტინი მომხრეს, თუ წყალგამყოფი არ გავაკეთეთ. კარგი ფორმატია ყველა მინუს ერთი, მაგრამ ეს მინუს ერთი უნდა იყოს პუტინი. თორემ ის ყოველთვის იპოვის აქ ვინმეს _ არ აქვს მნიშვნელობა, ბიძინა ერქმევა, ნინო, გახარია თუ ლამარა. მთავარია წყალგამყოფი.

სხვაგვარად აზროვნება მუდმივად გამოიწვევს საქართველოს ყირაობას. ეს იქნება ამათი ხელით, პრიმაკოვის ხელით, ვითომ რუსული კულტურის ხელით. დიმიტრი ლორთქიფანიძე ვისი პარტიის წევრი იყო? ბურჯანაძესთან ხომ იყო?! ახლა კი ის არის პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი. პიროვნულად არაფერს ვერჩი ბატონ დიმიტრის, ის რომ არ იყოს და სხვა იყოს, იმ სხვაზე ვიტყოდი.

მე რუსულ ლიტერატურაზე საერთოდ არ ვსაუბრობ. საქართველოში სულ რამდენიმე მეგულება ისეთი, როგორც ეს იცის დედაჩემმა. დაინგრა საბჭოთა კავშირი, მაგრამ არ დაინგრა სისტემა და სამართლებრივი სისტემა იგივე დარჩა, ჩვენ ვიბრძვით, რომ დავანგრიოთ ეს გადმონაშთი და დავნერგოთ დასავლური სისტემა. მითხარით, რა მესაქმება ისეთი პარტი(ებ)ის ლიდერ(ებ)თან, რომლებიც მთავაზობენ რუსულ სამართლებრივ სისტემას?! მე მინდა დასავლური სამართლებრივი სისტემა და ქუჩაში ამიტომ ვდგავარ, გარდა პროპორციულის მოთხოვნისა.

შენ ჩემს ქვეყანას სთავაზობ რუსულ სივრცეს და ეს ჩემთვის მიუღებელია! 2020 წელს ვუსურვებ, რომ ჩხუბისა და დავიდარაბის გარეშე მოვახერხოთ იმ ლიანდაგზე გამოკვეთილად დგომა, რასაც ჰქვია დასავლური სისტემის მოპოვება და, შესაბამისად, ძველი საბჭოური და რუსული სისტემის ნგრევა. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველოში შევასუსტოთ რბილი ძალა, რომელიც რუსული ძალის უკან დგას. რუსული ვექტორი არ უნდა მოვამაგროთ და სამომავლოდ კოალიცია რომ მოვა ხელისუფლებაში, მას არ უნდა მივცეთ ამ კოალიციის აყირავების შესაძლებლობა.

რუსულმა ვექტორმა მოაქცია იზოლაციაში პირველი პრეზიდენტი გამსახურდია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჯერ არ ედგა რუსთაველზე კარვები. პირდაპირ იყო დასახელებული ფოფხაძე და იქნებ მიმართოთ ვინმემ, შევარდანაძეს თუ იცნობთო, ეს ვიდეო დევს „იუთუბი“-ზე. შემდეგი პრეზიდენტი მოვიდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შევარდნაძის დროსაც იყო ასეთი რამე, რომელიც კომუნისტური პარტიის გზაგამოვლილი იყო, მაინც მოახერხეს მისი აფეთქება. სააკაშვილი იყო, რომელმაც დაიწყო ბრწყინვალედ, მიდიოდა ინსტიტუციების განვითარება, როგორც კი შეცდომა მოუვიდა ძალოვან სისტემებში, მაშინვე გამოიყენეს ესეც და ეს შეცდომა გაუათმაგეს და ამის გაკეთების შესაძლებლობა აღარ უნდა მივცეთ.

ამიტომ გვინდა დასავლური სისტემა, კოალიციური მთავრობა და უნდა იყოს დამოუკიდებელი პროკურატურა სასამართლო და ყველა ინსტიტუცია.

ასეთ პირობებში არ იქნება ერთპიროვნული მართვის სისტემა და შეცდომის ალბათობაც ნაკლებია. არ უნდა მიეცეს რუსულ ვექტორს შესაძლებლობა, რომ ააყირავოს ახალი კოალიციური მმართველობა. ამიტომ დავდივართ წრეზე 27 წელია, რომ ამას არ ვაკეთებთ და უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც მოიქცა ბალტიისპირეთი.