“თეა წულუკიანმა ”ოცნების” ხალხი გაუშვა და მერაბიშვილის და ახალაიას კადრები დაიტოვა”

“თეა წულუკიანმა ”ოცნების” ხალხი გაუშვა და მერაბიშვილის და ახალაიას კადრები დაიტოვა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაციები, რომ ივანიშვილი თავად დაბრუნდება პრემიერად, წულუკიანს კახიშვილი ჩაანაცვლებს, ზალკანიანს ბახტაძე და ასე შემდეგ?
– გააქტიურდა საუბარი ამ ცვლილებებთან დაკავშირებით. ერთადერთი უკეთესი ვარიანტი, ხელისუფლებისთვის და საზოგადოებისთვისაც, რაც შეიძლება ყოფილიყო, იქნებოდა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკაში და თავად გამხდარიყო პრემიერი. პირველ რიგში თავად პარტიას სჭირდება ივანიშვილს პოლიტიკაში შემოყვანა.
– რატომ პირველ რიგში პარტიას, რა ხდება ასეთი პარტიაში?
– ჩვენ ნუ დაგვავიწყდება, რომ პარტია “ქართულ ოცნებაში” კალაძე არის ბოსი.
– აბა ბიძინა ვინ არის?
– ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ თავმჯდომარეა. სხვა დანარჩენი კალაძეა.
– თუმცა უკვე კალაძესაც უტევენ.
– ახლა წინასაარჩევნო პერიოდი რომ იყოს და პრემიერად კვლავ გახარია იყოს, შესაძლოა, პარტია ორად გახლეჩილიყო. ბიძინა ივანიშვილს ვერც კალაძე და ვერც სხვა ვერაფერს ვერ გაუბედავს და პრეტენზიას ვერ წაუყენებს, რომ მე შენზე მეტი გამიკეთებია.
ივანიშვილი წყვეტდა და კვლავ ის გადაწყვეტს, გინდა აღმასრულებელში და გინდა პარტიაში. სწორედ ამიტომ იყო საჭირო ბიძინა ივანიშვილის შემოყვანა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გახარიას რაში აღარ ადანაშაულებენ, ხან ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში, ფულის გათეთრებაში და რომელი ერთი ვთქვა.
– საით მიანიშნებთ, რომ წამგებიანია გახარიას პრემიერობა?
– 20 ივნისის შემდეგ გახარიას პრემიერად დანიშვნას მე დადებითად ვერ ვაფასებ. შესაძლოა, შს მინისტრად უფრო ძლიერი და პროდუქტიული ყოფილიყო, იმიტომ, რომ შსს არის ის ხერხემალი, რაზედაც დგას ყველა სახელმწიფო.
ივანიშვილის პრემიერად მობრუნება ბევრად დადებით ეფექტს მოიტანს, ვიდრე გახარიას ყოფნა. რაც შეეხება წულუკიანს, რაც იუსტიციის სამინისტროს პრობაციის სამინისტრო შეუერთდა, ამ დროს მოხდა ძალიან ბევრი კადრის გაშვება ციხის ადმინისტრაციიდან და ამ წასულებში ძირითადათ მოჰყვნენ “ქართული ოცნების” კადრები.
– ეს ხალხიც აუჯანყდა “ოცნებას”, რადგან დაკარგეს სამსახური.
– მაგაზე ვსაუბრობ ზუსტად, რომ როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მერაბიშვილის და ბაჩო ახალაიას ზონდერ კადრები გაუშვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან და ისინი ჩაანაცვლეს “ქართული ოცნების” პროფესიონალი აქტივისტებით.
ეს ჯერ სოზარ სუბარმა გააკეთა, შემდგომ ამას თავისი წილი დაუმატა კახა კახიშვილმა. კახიშვილი იყო ერთ ერთი ყველაზე დადებითი პრობაციის მინისტრი, რომელიც კი ჰყოლია საქართველოს ოდესმე. ეს ადამიანი დიდ ყურადღებას აქცევდა პატიმრებს. მისი ხელმძღვანელობის დროს კრიმინალის ზრდა არ იყო.
– ლადო, სულ საუბრობენ იმის შესახებ, რომ რაც თეა წულუკიანმა მიიერთა ეს სისტემა, მთლიანად ხელიდან წავიდა სასჯელაღსრულების და პრობაციის უწყება.
– მეც მანდ ვარ ზუსტად. ვერ გაქაჩავს წულუკიანი ამხელა სისტემის ხელმძღვანელობას. კახი კახიშვილი სისტემიდან წამოსული ადამიანი იყო. სისტემის კაცი იყო, ასეთმა კაცმა ყოველთვის იცის, სისტემა როგორ იმართება. რთულია, როდესაც მოდის ასეთ სისტემაში ქალი, რომელსაც ისედაც უზარმაზარი ვალდებულებები აქვს ხელისუფლებაში, როგორც იუსტიციის მინისტრს, ეს ძალიან დიდი სამინისტროა, დიდი პასუხისმგებლობით.
– ანუ შეცდომა იყო მიერთება?
– ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში იუსტიციას ექვემდებარება ციხე.
– მაშინ რა არ მოგწონთ?
– მე ის არ მომეწონა, რომ თეა წულუკიანმა, იმის მაგივრად, რომ “ქართული ოცნების” კადრები შეენარჩუნებინა, ამ კადრების 95% მაინც გაუშვა და მერაბიშვილის და ახალაიას კადრები დატოვა სამსახურებში.
– ეს რატომ გააკეთა?
– არ ვიცი. როდესაც პრობაციის სამინისტრო მიუერთდა იუსტიციას, ძალიან დიდი წმენდა ჩატარდა და ის კადრები, ის უფროსობა, რომლებიც ახალი ხელისუფლების მიერ იყო შემოყვანილი ამ სფეროში, ყველანი გაათავისუფლეს.
თეა წულუკიანმა ეს ხალხი გაუშვა და ციხეებში დააბრუნა სააკაშვილის კადრები! ძალიან ბევრი ისეთი ოდიოზური ფიგურა დაბრუნდა ამ სისტემაში, რომლებიც მართლა ტოვებდნენ სისხლიანი რეჟიმის შთაბეჭდილებას და “ქართულ ოცნებასაც” შესძინეს ეს ელფერი.
ეს ყველაფერი ალბათ იმიტომ გააკეთა თეა წულუკიანმა, რომ ალბათ სურდა, სუბარის და კახიშვილის კადრები მთლიანად მოეშორებინა და მთლიანად თავისი კადრებით შეევსო ეს სისტემა. სამწუხარო კი ის არის, რომ თეა წულუკიანის კონტროლქვეშ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც გაიგივებულები არიან სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან.
ვისაც წვდომა აქვს ამ სისტემასთან, ყველამ ძალიან კარგად იცის, რაზეც ვსაუბრობ.
– ჩაანაცვლებენ წულუკიანს კახიშვილით?
– მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კახიშვილი დაბრუნდეს, მაგრამ ამის არ მჯერა და დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებ.
– დანიშვნის დღიდან თეა წულუკიანი უცვლელია, ვერავინ შეარყია მისი სავარძელი.
– ჩემი ინფორმაციით, თეა წულუკიანს სერიოზული ინფორმაციები აქვს ამ ხელისუფლებაზე.
– ამიტომ ვერ ეხებიან?
– დიახ, კომპრომატები აქვს ძალიან სერიოზული და ამიტომ ვერ ეხებიან. თუ შეეხებიან, მხოლოდ იმ პირობით, რომ წულუკიანი ხელშეუხებელი უნდა იყოს. ალბათ იმ შემთხვევაში დათმობს ამ პოსტს, თუ პარლამენტის თავმჯდომარედ წავა. მხოლოდ ამაში თუ გაცვლის წულუკიანი თავის პოსტს. დღეს წულუკიანის უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი. ისინიც არ მისცემენ მას წასვლის საშუალებას, ეს ასე ადვილი არ არის.
– თავისი კლანი შექმნა?
– მოდით, პირდაპირ ვთქვათ, თავისი კლანი შექმნა და ეს კლანია არა მარტო იუსტიციაში, პროკურატურაში, მოსამართლეებთან მიმართებაშიც ასეა. თავისი კლანი აქვს ამ ქალს და რა გინდა, რომ ქნა?!
– შოთაძეს აბრუნებენ მთავარ პროკურორად?
– როდესაც დამაკავეს, შოთაძე იყო მაშინ გენპროკურორი და მასთან მიმართებაში დადებითად განწყობილი ვერ ვიქნები. ის არც წყალია და არც ღვინო. შესაბამისად, ამ ადამიანის დაბრუნება-არდაბრუნებას რა უნდა მოჰყვეს? არ ვიცი, ივანიშვილს მისი მობრუნება რატომ დასჭირდა.
ოპოზიცია ამბობს, კონტროლისთვის სჭირდებაო და დღეს ბადაშვილია გენპროკურორის უფლება-მოვალეობის შემსრულებელი და ბადაშვილი ნაკლებად მონა-მორჩილია ბიძინა ივანიშვილის?! ან ნებისმიერი სხვა, ვისაც იქ უმუშავია?!
– მაშინ რა მიზნით აბრუნებენ შოთაძეს?
– ამაზე სარწმუნო ინფორმაცია ჯერჯერობით არ მაქვს და ვარაუდებით საუბარი ცოტა რთულია. პროკურატურას არც ფრთები შეესხმება შოთაძის მოსვლით და არც გაკეთილშობილდება.
– კადრების შიმშილს განიცდის “ოცნება”? ყოველთვის ძველს აბრუნებენ.
– რა თქმა უნდა, ეს უკვე თვალნათელია. ეს მარტო აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეხება, ეს ეხება მთლიანად “ოცნების” ხელისუფლებას. გინდ პარლამენტს გადახედეთ, ბიძინა ივანიშვილმა 120 კაცი ვერ შეარჩია ისეთი, რომელსაც თავიდან ბოლომდე ენდობა.
“ქართული ოცნება” 20%-მდე პარლამენტარმა დატოვა, რაც ძალიან ბევრია, პლიუს მაგას, იქ რომ ქვედინებებია და ყველა რომ ვიღაცის კლანს წარმოადგენს, ზოგი კალაძის და ზოგი ვისი კლანია, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ივანიშვილი კადრების შერჩევაში ძალიან მოიკოჭლებს.
– სერიოზულ დაპირისპირებაზე საუბრობენ ივანიშვილსა და კალაძეს შორის, კალაძის გარემოცვის დაპატიმრება იგეგმებაო.
– გარემოცვის დაპატიმრებას რაც შეეხება, უკვე აპატიმრებენ, გუშინაც დააკავეს კალაძის გარემოცვიდან ერთი. თბილისში ვცხოვრობთ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თბილისში რაც ხდება. მერიაში რომ კორუფცია ყვავის, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით.
ძალიან მყრალია ეს სისტემა. იქ მიწები, იქ მშენებლობები, ძალიან მყრალი სისტემაა, შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ კორუფცია არის თუ არა, აქ კითხვის ნიშნის დასმა მინიმუმ არაეთიკურია. არა მარტო კალაძის უწყებაში, პრაქტიკულად ყველა უწყებაში ყვავის კორუფცია!
– და ამ ფონზე გადაწყვიტა ივანიშვილმა, რომ წმენდა ჩაატაროს?
– როგორც ჩანს, ასეა. თუმცა ზოგიერთი კადრის მობრუნება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. თუნდაც მამუკა ბახტაძის. რაც უნდა იყოს, ზალკალიანი პროფესიონალი მინისტრია და ბახტაძემ შეცვალოს ზალკალიანი, ჩემთვის ეს ცვლილებაც გაუგებარია. ბახტაძე საგარეო უწყებაში ისე იქნება, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრი სუსის უფროსად რომ დანიშნო. გვარამიას ამ ფეისბუქის პოსტმა გამოიწვია ეს აურზაური და, მე მგონი, შეგნებულად აკეთებენ ამას. დაწერს გვარამია და მერე მთელ დღეს ააგებენ ხოლმე ამაზე.
– რა ხდება, ნიკა გვარამია უგეგმავს პოლიტიკურ დღის წესრიგს “ოცნებას”?
– მე მაქვს დიდი ეჭვი, განცდა იმისა, რომ გვარამია ფარულად ასრულებს ბიძინა ივანიშვილის დავალებებს.
– რას გულისხმობთ?
– ივანიშვილი გვარამიას ახმოვანებინებს იმას, რაც უნდა, რომ საზოგადოებას გზა-კვალი აერიოს. სწორედ იმას ურტყამს გვარამია, ვინც ბიძინა ივანიშვილს აწყობს. სწორედ იმ ადამიანების მიმართ არის განწყობილი გვარამია უარყოფითად, ვინც ივანიშვილს უნდა და ვის მიმართაც ივანიშვილია უარყოფითად, მაგრამ ამას რიგი მიზეზების გამო ვერ გამოხატავს.
მე დავაკვირდი, რომ ეს ასეა. ვინც ამას შეიარაღებული თვალით უყურებს, ის კარგად მიხვდება, რაზეც ვსაუბრობ.
– რაზე მუშაობენ, რომ საზოგადოება დააბნიონ?
– დიახ, რადგან მისი პროგნოზის მხოლოდ 20% თუ გამართლდება.
– ივანიშვილი სიის პირველი ნომერი იქნებაო.
– რა თქმა უნდა, თუ პრემიერი იქნება, სიის პირველი ნომერიც იქნება. თუ წავა გახარია და მას ჩაანაცვლებს ივანიშვილი, ასევე წავლენ ვიცეპრემიერები, წულუკიანი და ცქიტიშვილი.
აქ ძირითადი პრობლემა არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და პარტიაში. კალაძეს არ ვიცი, რას მოუხერხებს ივანიშვილი. თუ დალაგდა კალაძესთან, ხომ კარგი, თუ არა და ღარიბაშვილის კადრებით დააკომპლექტებს პარტიას.
თუ ბიძინა ივანიშვილი არ მობრუნდება პრემიერად, ამ შემთხვევაში მეც ვიზიარებ იმ აზრს, რომ ივანიშვილი ფიქრობს თავის გადარჩენაზე და მართლაც ამიტომ მოჰყავს შოთაძე, რომ თუ “ოცნება” დატოვებს ძალაუფლებას, შოთაძე მაინც არ გაწირავს და არ დაიჭერს ივანიშვილს.
ასევე ფაქტია ისიც, რომ პარტია “ქართული ოცნება” მართლა კახი კალაძეზე არის დამოკიდებული და პარტიული თანამდებობებიც მის კადრებს უჭირავს.
თუ ივანიშვილი დაბრუნდა, პარტიაშიც სერიოზული ცვლილებები წავა, რადგან დღეს პარტია თავიდან ბოლომდე, გარდა თავმჯდომარისა, დაკომპლექტებულია კალაძის კადრებით და ეს ძალიან დიდი საფრთხეა ბიძინა ივანიშვილისთვის. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მას პარტია მთლიანად ჩამოეშალოს.
ამიტომ ფრთხილობს ივანიშვილი, რადგან მან თუ კალაძე გაანაწყენა და ის გაუშვა ოპოზიციაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გაჰყვება ძალიან ბევრი ადამიანი, თავისი კადრები და პარტია დაიშლება.