თენგიზ არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა

თენგიზ არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭახელოვნების ქურუმს და საქართველოს სახალხო არტისტს თენგიზ არჩვაძეს რუსთავის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.
მსახიობს ჯილდო ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით გადაეცა. რუსთავის მერი თენგიზ არჩვაძეს სახლში ესტუმრა და მადლობა გადაუხადა იმ ღვაწლისთვის, რომელიც მას ქართული სასცენო ხელოვნების და რუსთავის თეატრის განვითარებისთვის აქვს გაწეული. მასთან ერთად იმყოფებოდა პოეტი თემურ ჩალაბაშვილიც.
როგორც რუსთავის მერიაში აცხადებენ, თენგიზ არჩვაძე რუსთავის თეატრის პირველი დასის წარმომადგენელია და რუსთავისთვის განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მატარებელიც არის, რადგან სწორედ თენგიზ არჩვაძე ასრულებს მთავარ როლს ფილმში „კეთილი ადამიანები“, რომელიც უკვე ბევრი ათეული წელია, ქალაქის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა.
რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი 1967 წელს ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის თაოსნობით დაარსდა.

რუსთავის თეატრის დასის წევრები იყვნენ თენგიზ არჩვაძე, ქეთევან კიკნაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, რევაზ ხობუა, ია ხობუა, ლეო ანთაძე, თამარ სხირტლაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, გივი ბერიკაშვილი.