თურქეთში აფხაზეთის აღიარებაზე ალაპარაკდნენ

თურქეთში აფხაზეთის აღიარებაზე ალაპარაკდნენმარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს ოკუპირებული რეგიონების “დამოუკიდებლობის” შემდგომი აღიარების საშინელი პერსპექტივა, როგორც წესი, უფრო მეტად უკავშირდება ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოებს, ასევე აფრიკის სახელმწიფოებს.
ზოგიერთმა ანალიტიკოსმა წინა წლებში გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის გარიგების შედეგად ანკარა ცნობს აფხაზეთის “დამოუკიდებლობას”.
აფხაზების უმრავლესობა რუსეთსა და თურქეთს რეგიონში ერთმანეთის კონკურენტებად აღიქვამს და თურქეთისაგან აღიარების ილუზიაში არ ვარდება.
თურქეთი არ აღიარებს არც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს და არც ყირიმს რუსეთის ნაწილად.
რუსეთსა და თურქეთს შორის დღეს უფრო მჭიდრო ურთიერთობებია, ვიდრე წინა წლებში იყო. განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში. ეს თურქეთის გარკვეულ წრეებში ახალ იდეებსა და პროგნოზებს აჩენს.
გადამდგარი პოლკოვნიკი, თურქეთის გენერალური შტაბის შინაგანი უსაფრთხოების განყოფილების გამგე, უნალ ატაბაში, რომელიც ამჟამად სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია, საქართველოსთვის საშიშ პერსპექტივას სახავს.
მისი სიტყვებით, იმისათვის, რომ რუსეთმა მოახდინოს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატირება სირიასა და და მის საზღვაო ზონებში, სჭირდება თურქეთის მიერ კონტროლირებადი ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორია. ამ საკითხში რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობა გარდაუვალია. რუსეთი მზადაა, თურქეთს დაეხმაროს დაბრკოლებების დაძლევაში სირიაში, ასევე ითანამშრომლოს ანკარასთან ენერგეტიკის დარგში აღმოსავლეთ ხელთაშუაზღვისპირეთში. ამისათვის კრემლი მზადაა, აღიაროს ჩრდილოეთ კვიპროსი. რუსეთი ან თვითონ აღიარებს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას, ან აღიარებინებს აფხაზეთს. ამას, თურქი სამხედრო ექსპერტის თქმით, შედეგად მოჰყვება თურქეთის მხრიდან აფხაზეთის აღიარება.
თურქული მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთს თურქეთში სამხედრო ბაზაც დასჭირდეს საკუთარი ინვესტიციების დასაცავად.
რუსეთისგან, რომელიც, დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, ანდროპოვის სტილის რეფორმებს ატარებს, საქართველოს არაფერი უნდა გაუკვირდეს.
კითხვას აჩენს თურქეთის პოზიცია. წესით, ანკარა აფხაზეთის აღიარებაზე არ უნდა წავიდეს.
თურქეთს ოკუპირებულ აფხაზეთთან წინა წლებში სხვადასხვა სახის არაოფიციალური კონტაქტი ჰქონდა, თუმცა, მისი დამოუკიდებლობა არ უღიარებია და ოფიციალურად არ დაურღვევია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
აფხაზეთს თურქეთში გახსნილი აქვს “სრულუფლებიანი წარმომადგენლობა”.
წარმომადგენლობა პირადად აფხაზეთის დეფაქტო პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას გახსნილია. მისი ოფისი ანკარის ნაცვლად სტამბოლში იმიტომ ამოქმედდა, რომ სტამბოლში აფხაზური დიასპორის ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს.
სტამბოლის აფხაზური წარმომადგენლობა ნახევარი საუკუნეა ფუნქციონირებს. ის ხელს უწყობს სპორტსმენებისა და ხელოვანების გამოსვლებს.
თურქეთში აქტიურია აფხაზ-აბაზინელთა მსოფლიო კონგრესიც. კონგრესი აფხაზეთშიც იკრიბება.
ცოტა ხნის წინ დროის ახალ გამოწვევებსა და მათზე ოპერატიულ რეაგირებაზე საუბრობდა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი დაურ კოვე.
იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც აფხაზეთი არ უღიარებიათ, მან გამოყო აფხაზური დელეგაციების სამუშაო ვიზიტები იორდანიასა და ეგვიპტეში.
ალბათ, კოვე და მისი გარემოცვა აღიარებას ამ ქვეყნებისგან უფრო ელოდება, ვიდრე თურქეთისაგან.
თუმცა, რუსულ-თურქული გარიგების თაობაზე პროგნოზები სოხუმში ბევრს გაახარებს.