ტრამპი – “ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება”

ტრამპი - "ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება"ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ამერიკელი არ დაღუპულა.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას, ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის კომენტირებისას განაცხადა.

„მანამ, სანამ მე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ვარ, ირანს არასდროს მიეცემა ატომური იარაღის ქონის უფლება.

დილა მშვიდობისა. მოხარული ვარ, გაცნობოთ, ამერიკელი ხალხი უკიდურესად მადლიერი და ბედნიერი უნდა იყოს – ამერიკელები ირანის რეჟიმის წუხანდელი შეტევის დროს არ დაშავებულან. ჩვენ დანაკარგები არ განგვიცდია, ყველა ჩვენი ჯარისკაცი უსაფრთხოდაა და ჩვენს სამხედრო ბაზებს მხოლოდ მინიმალური ზიანი მიადგა“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, თუ ირანი აგრესიას გააგრძელებს, აშშ ირანულ რეჟიმს დაუყოვნებლივ სადამსჯელო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს და ეს სანქციები მანამ გაგრძელდება, სანამ ირანი ქცევას არ შეცვლის.

„ირანი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ბირთვული იარაღი საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ მსოფლიოს. ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. გასულ კვირას ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომა, შეგვეჩერებინა ყველაზე დაუნდობელი ტერორისტი, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს.

ჩემი მითითებით აშშ-სამხედროებმა მოახდინეს ტერორისტ ქასემ სოლეიმანის ლიკვიდაცია, რომელიც ბევრ საშინელებაზეა პასუხისმგებელი. ის წვრთნიდა ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ჰეზბოლას. ბოლო პერიოდში ჩვენზე თავდასხმები სწორედ მისი მითითებით განხორციელდა.

ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ის ხელმძღვანელობდა აშშ-ს საელჩოზე განხორციელებულ ძალადობრივ თავდასხმასაც.

ის უახლოეს მომავალში ბაღდადში ამერიკელებზე თავდასხმას გეგმავდა. მას ხელები ჰქონდა გასვრილი როგორც ირანელების, ასევე ამერიკელების სისხლით. ის დიდი ხნის წინ უნდა მოგვეშორებინა. მისი ლიკვიდაციით ჩვენ ძლიერი მესიჯი გავუგზავნეთ ტერორისტებს“,- განაცხადა ტრამპმა.

მან ნატოს წევრ ქვეყნებს რეგიონში მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ამერიკა ძლიერია და ჩვენი რაკეტები დიდი, ზუსტი და ძლიერია. ჩვენ მათი გამოყენება არ გვსურს. ჩვენ მოვკალით ალ-ბაღდადი, რომელიც იყო მონსტრი და ხოცავდა ბევრ ადამიანს. ჩვენ ასევე ათობით ათასი “აისისის“ წევრი მოვკალით“.

დონალდ ტრამპმა 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაც ახსენა და გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთსა და ჩინეთს ხელშეკრულების დატოვებისკენ მოუწოდა.

„ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოსა და მშვიდობიანს გახდის“, – განაცხადა ტრამპმა.

იპნ