ცოტაც და, გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებენ

ცოტაც და, გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადებენ“ნაციონალური მოძრაობის“  წევრს,  გრიგოლ ვაშაძეს ოპოზიციისა და ახალგაზრდული მოძრაობის წევრები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ დღის განმავლობაში  ვაშაძის წინააღმდეგ კომენტარი თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა გააკეთა.

დაპირისპირება  გრიგოლ ვაშაძის მიერ “მთავარი არხის“ ეთერში  გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, სადაც ვაშაძე აცხადებდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიყვანა ხელისუფლება პროპორციულო არჩევნების იდეამდე.

მის ამ განცხადებას აქტიურად ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. როგორც “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, “გირჩი” გააგრძელებს, ოპოზიციის ლიდერებთან თანამშრომლობას, თუმცა, გრიგოლ ვაშაძესთან საუბარს არ აპირებენ. ასევე, მისი თქმით, “გირჩი”  არ დაესწრება შეხვედრას, სადაც ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იქნება.

„გირჩი გააგრძელებს კონსულტაციებს ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივ ლიდერებთან (ისევე როგორც სხვა პარტიებთან) იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ქვეყანა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ (როგორ დავშალოთ სისტემა, როგორ მოვახდინოთ ბოლშევიკების მიერ ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია)

მაგრამ, ჩვენ არაფერზე დაველაპარაკებით გრიგოლ ვაშაძეს. მათ შორის, ოპოზიციის ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის იმ შეხვედრებზე, რომელზეც ეს ადამიანი იქნება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. კიევიდან როგორ ჩანს, არ ვიცი, მაგრამ აქ ყლე არავინ არ არის”, – აცხადებს ჯაფარიძე.

ვაშაძის განცხადებაზე გაკეთებულ ჯაფარიძის კომენტარსა და პროტესტს უერთდება პარტია “თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა.

კუკავას განცხადებით, ვაშაძის განცხადება შინაარსობრივადაც არასწორია, რადგან პროპორციული სისტემისთვის ბრძოლა 2007 წელს დაიწყო, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი იმავე წლის 7 ნოემბერს აქციაზე შეკრებილი საზოგადოება დაარბია.

რაც შეეხება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივას, კუკავა აღნიშნავს, რომ ის წამოვიდა ინტერპარტიული ჯგუფისგან, რომელიც არასაპარლამენტო პარტიებით იყო დაკომპლექტებული, მათ შორის კი “ნაციონალური მოძრაობა” არ ყოფილა.

“ნაციონალური მოძრაობა” ამ პროცესებში ბოლო ერთი წელიწადია ნამდვილად აქტიურად ჩაერთო და რა თქმა უნდა, ამაში მათი წვლილიც იყო. თუმცა, 20 ივნისის აქცია და ის მოვლენები, რომელიც გადამწყვეტი ფაქტორი გახდა, რომ ხელისუფლებას პროპორციული სისტემა დაეთმო, “ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებული არ ყოფილა.

კუკავას თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნების” მსგავსად მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნის მთელი არჩევანი და პოლიტიკური სპექტრი დაიყვანება ორ არჩევნზე, ანუ “ქოცებზე“ და „ნაცებზე”.

“სამოქალაქო მოძრაობის“  ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, არ გამოვა რომ ყველაფერი ნაციონალურმა მოძრაობამ მიიწეროს, რასაც ოპოზიცია და ხალხი ერთად  აკეთებს.

„ასე არ გამოვა, ყველაფერი ნაციონალებმა მიიწეროთ, რასაც მთელი ოპოზიცია აკეთებს ხალხთან ერთად.

პ.ს ისე.ისიც კარგად მახსოვს საპროტესტო აქციებზე გრიგოლ ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის უფლება, რომ ჩამოართვეს ახალგაზრდებმა და „ნაციონალების“ სხვა წარმომადგენლებს როგორ უსტვენდნენ ქვემოდან.

პოლიტიკურ გაუმაძღრობასა და ამპარტავნობას თუ არ მოთოკავთ, დარჩებით ისევ თქვენი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირეების ამარა იმ მაგიდაზეც”, – აცხადებს იოსელიანი.

ვაშაძის განცხადება ასევე  გააკრიტიკა  20 ივნისის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  და „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა.

როგორც დიღმელაშვილი აცხადებს, გრიგოლ ვაშაძე ძალიან არასწორ ეგოს შეეხო, რადგან  არანაირი დამსახურება არ აქვს, არც პროპორციული არჩევნების მოთხოვნაში და არც 20 ივნისის აქციების ორგანიზზებაში.

„ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ, ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული 3 მოთხოვნა.პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით. – აცხადებს დიღმელაშვილი.

ვაშაძის განცხადებას აკრიტიკებს ასევე “ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც, მისი თქმიღ, ვაშაძეს არც ღირსება აქვს და არც თავმოყვარეობა.

“გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადებია, პროპორციული არჩევნების პირობა ნაცმოძრაობის დამსახურებააო.

ამ კაცს არც ღირსება აქვს, არც თავმოყვარეობა. მაგისმა ხარბმა ბელადმა მოსყიდულები და შტერები გვიძახა ყველას, ვისაც პროპოციული გაგვიხარდა.

p.s. აქვე ვაშაძეზე სამართლიანად განრისხებულ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს მივმართავ – პროცესს ნუ დააზიანებთ ამ ნაგვის გამო, უბრალოდ – სხვებს ელაპარაკეთ და ამ სიცარიელეს ანგარიში არ გაუწიოთ. ეგდოს თავისთვის – მაქსიმალურად იზოლირებული”,  –  წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ,  არჩევნების პრპორციული წესით ჩატარება „სირცხვილიას“ აქციების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც 24 ივნისს დათანხმდა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ოფისში, ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები სწორედ ამ მოდელით ჩატარდებოდა, თუმცა  14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა.

თამარ ჩუგოშვილმა ვიცე-სპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნის ჩავარდნის შემდეგ, ქართული ოპოზიცია გაერთიანდა და არჩევნების ე.წ “გერმანული მოდელით“ ჩატარება მოითხოვეს.

პარალელურ რეჟიმში რამდენიმე კვირის მანძილზე მიმდინარებდა აქციები პარლამენტთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან , ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტები აქტიურად ახდენდნენ  შენობების პიკეტირებას.

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლების  განცხადებით,  აღნიშნული მოთხოვნით, 4 თებერვალს პარლამენტის შენობის პიკეტირება კვლავ განახლდება.

2020 ნიუსი.გე