“წულუკიანის კახიშვილით შეცვლა “ოცნებისთვის” მომგებიანი იქნება”

“წულუკიანის კახიშვილით შეცვლა “ოცნებისთვის” მომგებიანი იქნება”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში შესაძლო სამთავრობო ცვლილებების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– თეა წულუკიანმა საკუთარი წასვლა დააანონსა. რა ხდება, სად მიდის წულუკიანი?
– ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი, თუ რა ხდება. მიდის არჩევნებისთვის მზადება, ჩემი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ერთი-ორი, წულუკიანისნაირი ძალიან არაპოპულარული ფიგურა გადაწიონ გვერდით. ფუნდამენტური ცვლილება რომ არ მოხდება და ვერ მოხდება, ამაზე ვთანხმდებით. სად აქვს “ოცნებას” ფუნდამენტური განახლების რესურსი.
– თუ პარტიის ხელმძღვანელობის სურვილი იქნება, მე დავრჩები გუნდში და აქტიურად მივიღებ მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაშიო. ეს თუ რას ნიშნავს, შესაძლოა, სულ გაუშვან?
– წულუკიანის ყოფნა-არყოფნა აქ მეორეხარისხოვანია, მთავარია, თუ გამართლდება ხმები, რომ ივანიშვილი ბრუნდება.
– თქვენი აზრით, დაბრუნდება?
– ვფიქრობ, რომ არ დაბრუნდება და ეს მოარული ხმები გაზვიადებულია. ჯერ ერთი, საკანონმდებლო პრობლემები აქვს, მეორეც, ის იმ კომფორტის ზონიდან, რომელშიც დიდი ხანია, იმყოფება, არ გამოვა ასე მარტივად.
– იმასაც გამორიცხავთ, რომ თეა წულუკიანი გახდეს ახალი პარლამენტის სპიკერი? ეს თანამდებობა შესთავაზა ივანიშვილმაო.
– ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად წავა წულუკიანი. აქ მნიშვნელობა აქვს ერთ რაღაცას, რამდენად სწორად დააკომპლექტებენ იმ კაბინეტს, რომელიც არჩევნებს მოიგებს. ესაა მთავარი, თორემ პარლამენტში ვინ იჯდება და წულუკიანი თავის გესლიან ფრაზებს პარლამენტიდან ისვრის თუ მინისტრთა კაბინეტიდან, ამას რა მნიშვნელობა აქვს.
– და რამდენად სწორად დააკომპლექტებენ მინისტრთა კაბინეტს, თუ ეს იქნება მორიგი კარუსელი?
– რა თქმა უნდა, იქნება კარუსელი, აბა რესურსი მაგათ არ აქვთ, რომ ახალი სახეები მოიყვანონ. შეიძლება ღარიბაშვილი აღმოჩნდეს კიდევ ერთი სიურპრიზი, დაწინაურების რანგში. შოთაძესაც ხომ აბრუნებენ. კახიშვილზე ამბობენ, წულუკიანს შეცვლისო, თუ ასე მოხდა, ეს, ასე თუ ისე, მომგებიანი იქნება “ოცნებისთვის”.
– რა ხდება თვითონ გუნდში, მალე უნდა ველოდეთ ცვლილებებს?
– ალბათ მალე იქნება, რადგან ის ხმები, რაც გახარიას შესახებ დაირხა, არ მგონია ჭორი, ალბათ სიმართლესთან ახლოს არის. რა მოხდა გახარია-ივანიშვილს შორის, ამაზე არაფერი ვიცი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც სერიოზული საქმეა.
არ მგონია, ეს შავ ფულს და ასე შემდეგ ეხებოდეს. მათ შორის უფრო სერიოზული რამ მოხდა. თუმცა გახარია ივანიშვილისთვის მაინც რჩება იმ კადრად, რომელსაც შეუძლია არჩევნების მოგება. რა მეთოდებით, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ მან ამ მხრივ თავი გამოიჩინა. ისეთი რაღაც მოხდა მათ შორის, რომელიც შეიძლება ვერც კი გავიგოთ.
– ვინ შეცვლის გახარიას? თალაკვაძეზე საუბრობენ, სუსტი კანდიდატი ხომ არ არის?
– მე არ მგონია, თალაკვაძემ ჩაანაცვლოს გახარია. თუ თალაკვაძეს დანიშნავს, მაშინ ძალოვნების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება მოუწევს, რადგან არჩევნებს ძალოვნები ატარებენ, ჩვენთან ხომ ასე ხდება და რამდენად ეყოფა ამისთვის გომელაური, არ ვიცი. ძალიან მიჭირს ამის თქმა.
– წულუკიანი ამ მთავრობის უცვლელი მინისტრი იყო. საუბრობენ იმაზეც, რომ წულუკიანს სერიოზული კომპრომატები აქვს ივანიშვილზე და ამიტომ ვერ ეხებოდაო. რატომ იყო წულუკიანი აქამდე უცვლელი მინისტრი, მოსწონს ის ივანიშვილს თუ მართლაც კომპრომატების ამბავია?
– მე ვფიქრობ, რომ წულუკიანი აშანტაჟებდა ივანიშვილს და ეს მშვენივრადაც გამოსდიოდა. ვხედავთ, თუ როგორი ხისტი ხასიათი აქვს, უკანდახევა არ სჩვევია და, როგორც ჩანს, მასთან კონფროტაცია არ უღირდათ ელემენტარულად.
– ახლა რა შეიცვალა, როდესაც წულუკიანი წასვლაზე ალაპარაკდა?
– მიჭირს თქმა. როგორც ჩანს, ივანიშვილმა დაარწმუნა, რომ ამ ეტაპზე საჭიროა გვერდზე გაწევა. პრინციპში, წულუკიანმა ივანიშვილს ერთგულება დაუმტიცა პოლიტიკაში.
– საკმაოდ მწვავე გზავნილები მოდის დასავლეთიდან, კრიტიკულმა ტონმა იმატა. აღიქვამს ამას ადეკვატურად ხელისუფლება?
– დღეს “ოცნებაში” ვინც დარჩა, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, სენატორი ეტყვის საყვედურს თუ ევროპარლამენტარი. მათთვის მთავარია ერთი რაღაც – ბიძინა. სანამ ბიძინასთან არიან, მოასწრონ და ბევრი ფული იშოვნონ. ბევრ მათგანი ვეღარ დარჩება “ოცნებაში”. ამიტომ მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რას ეტყვით.
– ამ ცვლილებებს როდის ელოდებით, გაზაფხულზე?
– ადრე გაზაფხულზე. მე მგონი, ივანიშვილი გახარიას ბოლომდე მაინც ვერ მოიშორებს და მას უშიშროების საბჭოს ჩააბარებს. კადრებიც არ ჰყავს, ამიტომ დაიტოვებს გუნდში.
– ვის მოიაზრებთ გახარიას შემცვლელად?
– რა მოუვა თავში ძნელი სათქმელია, თუმცა მოდით, ირაკლი ღარიბაშვილსაც ნუ გამოვრიცხავთ.
– რადგან მეორედ მოსვლაა, მეორედ მოსვლა იყოს?
– რა თქმა უნდა. რაც მთავარია, ივანიშვილს ერთგულება დაუდასტურა ღარიბაშვილმა. ცოლისძმის გამო ჰქონდა პრობლემები და ამაზე, როგორც მე ვიცი, სერიოზული გაფრთხილება მიიღო.
– რას ელით ოპოზიციისგან? საუბარი იყო, რომ თებერვლის დასაწყისიდან აქციები განახლდებოდა, თუმცა ვნახეთ, რომ პარლამენტთან რკინის კონსტრუქცია აღმართეს, სამუშაოებს ვიწყებთო.
– ეს მოსალოდნელიც იყო, რომ ასე იქნებოდა, თუმცა სასწაულ აქციებს არც ოპოზიციისგან ველოდები, ის დიდი მუხტი, რაც ზაფხულში იყო, ჩაქრა და ხელახლა ამის გაღვივება რთულია. ოპოზიცია უფრო პატარ-პატარა ჯგუფებით მუშაობას გააგრძელებს, როგორც იციან, ხან ვის მიუვარდებიან და ხან – ვის. პარტიზანულ ომს გააგრძელებენ.
– ეს იქნება შედეგის მომტანი?
– კი, ნერვებს მოუშლიან, წყობიდან გამოიყვანენ და უფრო მეტ სისულელეს გააკეთებინებენ. ოპოზიციაც ერთად დარჩება, რადგან სხვა გზა არა აქვთ ამ პატარ-პატარა პარტიებს და მიეწებებიან ნაცმოძრაობას.
– სააკაშვილის განცხადებებზე და მისი დაბრუნების ისტორიაზე რას ფიქრობთ?
– ეს ყველაფერი ცოტა სასაცილოა. ამდენი ლაპარაკი, რომ აი მე დავბრუნდები, აი მე დავბრუნდები, ამდენჯერ რომ იტყვი, მართლა უნდა დაბრუნდე და თუ არ შეგიძლია, მაშინ უნდა გაჩუმდე.
ის რეალობას აბსოლუტურად მოწყვეტილია. რბილად რომ ვთქვათ, ავლენს არათანმიმდევრულობას. ასეთი განცხადებებით ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.