უკრაინული ბოინგი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო – ახალი ვერსია

უკრაინული ბოინგი ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო - ახალი ვერსიაუკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც 8 იანვარს, აფრენიდან რამდენიმე წუთში, თეირანის სიახლოვეს კატასტროფა განიცადა, ირანულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია პენტაგონში, ასევე ამერიკისა და ერაყის დაზვერვაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკული საინფორმაციო სამსახური CBS ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

თავის მხრივ, გამოცემა newsweek-ს პენტაგონის წარმომადგენლებისა და დაზვერვის მაღალჩინოსნების სიტყვები მოჰყავს, რომელთა მოსაზრებითაც, უკრაინული ბოინგი 737-800 რუსული წარმოების რაკეტის მიერ არის ჩამოგდებული.

“ვეჭვობ, რომ ვიღაცას შეიძლება შეცდომა დაეშვა“, – განცხადება ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს გააკეთა.

აქამდე უკრაინული მხარე აცხადებდა, რომ განიხილავს მისი თვითმფრინავის რაკეტის მიერ ჩამოგდების შესაძლებლობას, თუმცა ოფიციალურმა თეირანმა აღნიშნული ვარაუდი უარყო.

ცნობისთვის, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანში 8 იანვარს ჩამოვარდა, 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი დაიღუპნენ.

იპნ