”უზარმაზარმა კოლონამ მიაცილა გულნარა წიკლაური თავის სამარადისო სამყოფელამდე” – აშშ-ში გარდაცვლილი ქართველი მხატვარი საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალეს

”უზარმაზარმა კოლონამ მიაცილა გულნარა წიკლაური თავის სამარადისო სამყოფელამდე” - აშშ-ში გარდაცვლილი ქართველი მხატვარი საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალესდღეს ამერიკაში გარდაცვლილი ქართველი მხატვარი გულნარა წიკლაური ქუთაისში დაკრძალეს.

ამის შესახებ ფეისბუქში ნანული ცხვედიანმა დაწერა:

”საფიჩხიის სასაფლაოზე დღეს წმინდა სამების ეკლესია და მისი შემოგარენი სავსე იყო ადამიანებით, რომლებიც გულნარა წიკლაურს გამოეთხოვნენ. ამერიკაში გარდაცვლილი ქუთაისელი მხატვრის პატივსაგებად მოვიდნენ ბავშვობისა და ყრმობის მეგობრები, ნათესავები, მწერლები, მხატვრები, ჟურნალისტები, უნივერსიტეტის პროფესურა, ქალაქის საჯარო სკოლების მასწავლებლები, საბიბლიოთეკო ქსელის თანამშრომლები, მისი ნიჭის დამფასებელი ფართო საზოგადოებრიობა.

უზარმაზარმა კოლონამ მიაცილა გულნარა წიკლაური თავის სამარადისო სამყოფელამდე. იყო ბევრი ყვავილი და გულწრფელი ცრემლი, არ წაკითხულა დეპეშები, არ წარმოთქმულა ხმამაღალი სიტყვები. აბსოლუტურ სიჩუმეში ჩაეშვა ამოჭრილ სამარეში ძვირფასი კუბო და მშობლებმა ჩაიხუტეს მრავალი წლის უნახავი შვილი.

… საზოგადოება მადლობას გამოხატავდა თითოეული ადამიანის მიმართ, ვისი ძალისხმევითაც გულიკო შორეულ კონტინენტზე არ დაიკრძალა და სამუდამოდ დაბრუნდა თავის სამშობლოში.”