ზაზა ხატიაშვილი – “ივანიშვილი გახარიას აპრილში გაუშვებს”

ზაზა ხატიაშვილი - “ივანიშვილი გახარიას აპრილში გაუშვებს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი, ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი პასუხობს
– ბატონო ზაზა, “ქართულ ოცნებაში” მეორედ მოსვლა უკვე ტრადიციად იქცა. ყველა დარწმუნებულია, რომ მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გახდება. რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?
– კანდიდატურების წარდგენის ვადა ამოიწურა, ამ კანდიდატურებიდან კი გამოკვეთილი სახელისუფლო კანდიდატი არის შოთაძე. ამიტომ ყველა საუბრობს იმაზე, რომ სწორედ შოთაძის დაბრუნება უნდა ივანიშვილს. ივანიშვილს რადგან უნდა, გააკეთებს კიდეც. თავისი მძღოლი რომ არ დაგვინიშნა მთავარ პროკურორად, კბილის ექიმი ან უდიპლომო ადამიანი, მე მგონი, ამაზეც მადლობა უნდა ვუთხრათ. ივანიშვილი საერთოდ გამოსულია სამართლებრივი სივრციდან.
– ასეთი შიმშილი აქვთ კადრების, რომ გამუდმებით წასულებს აბრუნებენ?
– არა, ასე არ არის…
– მაშინ რა ხდება, ერთგულ კადრებს ვერ პოულობენ? თალაკვაძემ განაცხადა, რომ პარლამენტის სრული მხარდაჭერა ექნება შოთაძეს.
– ივანიშვილი არის ხუშტურა ადამიანი. რაღაცას აიჩემებს და მერე ის უნდა გააკეთონ. აიჩემა შოთაძე, დანიშნა, აიჩემა – გააგდო, აიჩემა უდიპლომო თადუმაძე, დანიშნა. რასაც მე ვუყურებ, საერთოდ გამოსულია ეს კაცი სამართლებრივი სივრციდან. რა ვიცი, რას აკეთებს. ან თვითონ იცის, რას აკეთებს?!
– ყველა სფეროში ცუდი სიტუაციაა, სასამართლოშიც, პროკურატურაშიც, აბსოლუტურად ყველგან. რა ეშველება ამ ყველაფერს?
– პროკურატურაში ცუდი კი არა, კატასტროფული სიტუაციაა. თადუმაძემ ეს გაუბედურებული პროკურატურა იმ დონეზე დაანგრია, თადუმაძემ შექმნა ისეთი პრეცედენტები, რომ რა ვიცი, რა უნდა გვეშველოს ჩვენ?!
ერთ-ერთ ჩემს საქმეზე, რომელიც ძალადობას ეხება და სახელს და გვარს ამ ეტაპზე სპეციალურად არ ვიტყვი. ადამიანი მისცეს პასუხისგებაში ოჯახურ ძალადობაზე, როცა ეს ადამიანი საბერძნეთში იმყოფებოდა მამის დაკრძალვაზე. აი, ეს პრეცედენტი შექმნა პროკურატურამ. მსგავსი პრეცედენტი სააკაშვილის რეჟიმის დროსაც არ ყოფილა.
როდესაც ასე აიხლართებიან, მერე იმისთვის, რომ საქმის პროკურორი გადაარჩინონ, სასწაულებს ჩადიან.
– ბატონო ზაზა, შოთაძე ხორავას ქუჩის ამბებს გადაჰყვა. ახლა ბრუნდება, რატომ, აღდგა სამართალი?
– ივანიშვილმა სამარცხვინო თამაში გაითამაშა. მიხვდა, რომ ბევრი ხალხი გამოვიდოდა ქუჩაში და გაუშვა შოთაძე. ვერც შოთაძის გაშვებამ რომ ვერ უშველა, გამოვიდა და დაპირდა პროპორციულ არჩევნებს. აქაც მოატყუა ხალხი და ვხედავთ, რომ შოთაძესაც უკან აბრუნებს.
– გადააგორა კრიზისი და აბრუნებს?
– დიახ. სწორედ ამიტომ ვამბობ, ქართველი ხალხი ხომ უყურებს, ეს კაცი როგორ დასცინის ქვეყანას. ამდენი პოლიტპატიმარი გვყავს. 20 ივნისის მოვლენებზე ყველა დაჭერილი ადამიანი ხომ პოლიტპატიმარია.
– ძალიან მძიმეა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, კვლევები. რაზე ფიქრობს ივანიშვილი? ფიქრობს, რომ ისევ დარჩება?
– ივანიშვილის რეჟიმი მიდის დასასრულისკენ. რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ერთი ერთში ჰგავს ეს ყველაფერი ერთმანეთს.
რა გადაადგილებებს აკეთებდა სააკაშვილი, ხომ ყველას გვახსოვს, ვანო მერაბიშვილი რომ გადმოიყვანა პრემიერ-მინისტრად, ახალაია შს მინისტრად, კადრების როტაცია რომ გააკეთა, ერთი და იგივე კადრებით მანიპულირებდა.
ეს არის უკვე ბოლო ეტაპი დიქტატორების, რომლებსაც ქვეყანა მიჰყავთ დაღუპვისკენ. ივანიშვილი არის ჩვეულებრივი ფეოდალი დიქტატორი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა სამართლებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჩიხში. აქედან გამოსავალი არის ის, რომ ყველა ადამიანმა უნდა ავიღოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ყველას უნდა გავაგებინოთ, რომ არ შეიძლება 30 ლარი ავიღოთ ხმის მიცემის სანაცვლოდ. გაზეთმა, ტელევიზიებმა, რუბრიკა უნდა გააკეთონ იმისა, რომ არ აიღო 30 ლარი! არ გაყიდო ქვეყანა! თუ ამ ხალხმა არ გაიგო, რომ ხახვზე, ფქვილზე და კარტოფილზე ხმა არ უნდა მისცეს, ივანიშვილი უარესს გააკეთებს.
– შოთაძის დაბრუნებით ფარცხალაძის რეანიმაციაც მოხდება პროკურატურაში?
– ფარცხალაძე არც არსად წასულა. ფარცხალაძეს აქვს თავისი დანიშნულება, რომელიც კონკრეტულ სფეროებს აკონტროლებს.
– იატაკქვეშეთში მოღვაწეობს?
– კი, ასეა. აქედან გამომდინარე, ფარცხალაძეს ამ არჩევნების წინ მიეცემა გარკვეული ამოცანა. ამ ადამიანებს ივანიშვილი ავალებს, ვინ რამდენი პროცენტი უნდა მოიტანოს. ზუსტად ამას აკეთებდა სააკაშვილიც.
– რეჟიმი დღეებს ითვლისო და უფრო საშიშები ხომ არ გახდებიან?
– სააკაშვილის რეჟიმიც ხომ ძალიან საშიში იყო, მაგრამ ის რეჟიმი დამარცხდა და წავიდა. ბიძინამ რომ დაინახა ერთი წლის თავზე, რომ არ შეეძლო ქვეყნის მართვა, დაიწყო ფიქრი ისეთი რეჟიმის შექმნაზე, რომელიც პოლიტიკურ ძალაუფლებას შეუნარჩუნებდა.
ეს იყო ქვეყნის მურუსიზაცია და ჩინჩალაძიზაცია. ფაქტობრივად, კოლექტიური მურუსიძეები და ჩინჩალაძეები გვყავს ყველგან – სასამართლოში, პროკურატურაში, ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში თუ კულტურის სამინისტროში, აბსოლუტურად ყველგან! აქედან გამომდინარე, სანამ ეს სიტუაცია იქნება, ქვეყანა ვერ განვითარდება!
– რა არის საჭირო, რომ ქვეყანა განვითარდეს?
– ყველა ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და ყველამ ერთის წინააღმდეგ მისცეს ხმა. სააკაშვილი იყო ბიძინაზე ორჯერ ძლიერი, მაგრამ ხალხი აღსდგა რეჟიმის წინააღმდეგ. ახლაც მოვიდა დრო, რომ მთელი სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდეს და თქვას, რომ მე არ მინდა, რომ ამ ადამიანმა დამცინოს, მე არ მინდა, რომ 30 ლარიანი ხმის გამყიდველი მერქვას და ყველამ ერთად უნდა უთხრას ბიძინას – არა!
ბიძინა რომ წავა, ყველა კარგად დაინახავს, რომ ის არც ისეთი ქველმოქმედი ადამიანია, როგორც თავს გვაჩვენებს. მან ერთიასად ამოიღო ის, რაც საქართველოში ჩადო.
– ამბობენ, გახარიასაც შეცვლისო. რატომ, არც მას ენდობა?
– მე არ მგონია, აპრილამდე შეცვალოს, აი, აპრილში კი ნამდვილად გაუშვებს. გახარია სისხლის სამართლის დამნაშავეა, მან ახალგაზრდებს თვალები დათხარა.
– ანუ აპრილში გაუშვებს?
– კი, სხვანაირად გამორიცხულია. აუცილებლად გაუშვებს.
– ვისით ჩაანაცვლებს? საუბარია, რომ არ ჰყავს მასავით ძლიერი კადრი.
– ძლიერია გახარიაო, რა აქვს მას ძლიერის?! ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც საქართველოს ეკონომიკა გააჩერა ზამთრისა და ზაფხულის კურორტებზე.
პრემიერის ერთადერთი დანიშნულებაა, თუ ვერაფერს მოიზიდავს, სტაბილურობა მაინც შეინარჩუნოს და ზამთრისა და ზაფხულის კურორტებისთვის მოამზადოს ქვეყანა. დამისახელეთ რომელიმე პრემიერი, რომელმაც 1 იანვარს ზამთრის კურორტები დატოვა უწყლოდ!
ე.ი. ყველაზე უტვინო გამოდის ხომ, გახარია?! ეს არ გაუკეთებია არც კვირიკაშვილს, არც ბახტაძეს და არც ღარიბაშვილს. ასეთი სისულელე არავის უქნია! მე ძალიან მიკვირს, როდესაც ამბობენ, ძლიერი ფიგურააო. ძლიერი ფიგურა კი არა, ის არის ყველაზე სასტიკი ადამიანი, რომელსაც გონებრივი მონაცემები აშკარად ძალიან სუსტი აქვს. ჩააგდო მთლიანად საკურორტო სეზონი და ეს არის ძლიერი?!
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ციხეში ზის ზუსტად იმის გამო, რომ ადამიანები დაარბია და დაასახიჩრა. ისეთი უტვინო როგორ უნდა იყო შს მინისტრი, რომ იგივე დანაშაული გაიმეორო, რაც მერაბიშვილმა ჩაიდინა. მალე გახარიაც ციხეში აღმოჩნდება. მერაბიშვილი გამოდის და ის ჩაანაცვლებს.
– ანუ დასასრულისკენ მიდის რეჟიმი და ვერაფერი უშველით?
– აბსოლუტურად ვერაფერი. შოთაძეს იცით, რატომ აბრუნებს ივანიშვილი?!
– რატომ?
– შოთაძე არის ჭკვიანი. შოთაძე თადუმაძე არ არის. შოთაძე რომ საქმეში ჩაიხედავს, მან იცის, ის საქმე შეკერილია თუ ნამდვილად მოხდა დანაშაული. თადუმაძეს ამის ტვინი არ ჰქონდა.
შოთაძის დანიშვნა იმიტომ სჭირდება, ივანიშვილს, რომ მან იცის, არჩევნებს ვეღარ მოიგებს და მას მოუწევს წასვლა. ხოლო გენერალური პროკურორი არის 6 წლიანი თანამდებობა. ვერც სააკაშვილი მოვა ხელისუფლებაში კოალიციის გარეშე. ამიტომ მას სჭირდება პროკურორად თავის კაცი.
უსაფრთხოების სამსახურშიც ივანიშვილი დატოვებს თავის კადრს. შემოდგომაზე იქ ცვლილებს განახორციელებს და კვლავ გომელაურს დააბრუნებს. სწორედ ამ ორ ადამიანს დატოვებს მომავალში სიტუაციის გასაკონტროლებლად.
ივანიშვილმა შოთაძის მობრუნებით აღიარა, რომ არჩევნებს წააგებს.