ზაზა სარალიძე – “მე წლებს არ ვითვლი, თუ უნდათ, ყველა დღესვე გამოუშვან, მთავარია, ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს”

“მე წლებს არ ვითვლი, არ მაინტერესებს. თუ უნდათ, ყველა დღესვე გამოუშვან, მთავარია ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს“, – ამის შესახებ “2020NEWS”-ს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა.

„მე წლებს არ ვითვლი. არც ერთ ეტაპზე კანონი მე არ შემკითხვია, ამდენ წელს ვაძლევ და გაკმაყოფილებს თუ არაო. ახლა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რატომ შემეკითხებიან შევუმსუბუქოთ თუ არა სასჯელიო?! როცა მიუსაჯეს მაშინ მკითხა მე კანონმა ამდენი წელი უნდა მივუსაჯო და გაკმაყოფილებს თუ არაო, მკითხა?! – ხომ არ უკითხავს ? ახლა რატომ უნდა მკითხოს?! მე წლებს არ ვითვლი, არ მაინტერესებს. თუ უნდათ სულ ყველა დღესვე გამოუშვან, მთავარია ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს“,- განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, 28 იანვარს უზენაესმა სასამართლოს ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულების გუგა ბარბაქაძისა და გიორგი ჯანაშიას მიმართ გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მართლმსაჯულების უმაღლესმა ინსტანციამ, ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. ბარბაქაძეს 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ბარბაქისთვის დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში სასჯელის დამძიმების შესახებ. მას მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ბრალი დაუდგინდა.

რაც შეეხება დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, ბრალის აღიარებისა და თანამშრომლობის სანაცვლოდ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომელიც საბოლოოდ ოთხი წლის ვადით პირობით და ოთხი წლის ვადით რეალურ სასჯელს გულისხმობს. ის მოსამართლეთა კოლეგიამ დამნაშავედ სცნო. სასჯელის ვადა ჯანაშიას დაკავების დღიდან აითვლება.