2 თებერვლის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა

2 თებერვლის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა2 თებერვალს, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრები და ეროვნული მოძრაობის ვეტერანები გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და კიდევ ერთხელ გაიხსენეს 28 წლის წინ მომხდარი სისხლიანი მოვლენები.

აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებისგან 2 თებერვლის ტრაგედიის გამოძიებას, დამნაშავეთა მხილებას და მკვლელების დასჯას მოითხოვდნენ.

როგორც აქციაზე შეკრებილებს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარიდან თითქმის 3 ათეული წელი გავიდა, ასეთი მასშტაბის დანაშაული არასდროს მიეცემა დავიწყებას და შეუძლებელია ვისაუბროთ სამართლიანობის აღდგენაზე, თუკი პასუხს არ აგებენ ამ სისხლიანი მოვლენების მონაწილეები.

„არცერთ მომდევნო ხელისუფლებას არ გამოუძიებია ეს შემზარავი დანაშაული და პასუხი არ უგია არცერთ მკვლელს.

მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტაში მონაწილე პირები დღემდე თავისუფლად განაგრძობენ ცხოვრებას, მათი ნაწილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში არიან დასაქმებული და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას,“- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

1992 წლის 2 თებერვლის სისხლიანი ტრაგედიიდან, როდესაც სამხედრო საბჭოს შეიარაღებულმა ბანდ-ფორმირებებმა გმირთა მოედანზე, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად შეკრებილ ათასობით მშვიდობიან მომიტინგეს ცეცხლი დამიზნებით გაუხსნეს, 28 წელი გავიდა. შედეგად, დაიღუპა რამდენიმე ათეული მოქალაქე და დაშავდა ასეულობით პირი.

იპნ