არჩილ გამზარდია – “რატომ არ დევნის “ოცნება” გახარიას და ფარცხალაძეს?”

არჩილ გამზარდია - “რატომ არ დევნის “ოცნება” გახარიას და ფარცხალაძეს?”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პასუხობს.
– ირაკლი სესიაშვილის ახალ კანონპროექტს ინტერნეტ პროვაიდერებთან დაკავშირებით დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. რას იტყვით?
– ჩვენი ხელისუფლება იმდენად დიდი უნდობლობით სარგებლობს, რომ ნებისმიერი ინიციატივა ჩვენთვის არის ხოლმე საგანგაშო და ხშირ შემთხვევაში მიუღებელიც. კიბერუსაფრთხოების თემა დღეს მთელ მსოფლიოში დგას და ეს პროცესი აქაც უნდა დაიწყოს. ამიტომ, მოცემულ შემთხვევაში, ძალიან ძნელია საუბარი, სანამ ტექნოლოგების მოსაზრებები არ იქნება წარმოდგენილი.
ამას უნდა მოჰყვეს ჩვენი პოლიტიკური შეფასებები.
– რამდენად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას მსგავსი კანონპროექტი? ასეთი განცხადებებიც მოვისმინეთ უკვე.
– მე არ გამიკვირდება ხელისუფლებისგან ნებისმიერი კანონის და კონსტიტუციის თავზე გადავლა. ჯერ ტექნოლოგებმა თქვან თავის სიტყვა და შემდეგ დავდებთ უფრო დამაჯერებელ დასკვნებს, ჩვენ, პოლიტოლოგები.
– აქტიურად ისმის კითხვა, გვყავს თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები. უგულავას დაკავებამ კუფრო გაამწვავა ეს თემა, პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს. რას იტყვით თქვენ?
– პოლიტიკური პატიმარი შეიძლება იყოს დამნაშავე სუბიექტიც, რომლის დამნაშავეობაც პოლიტიკური მოტივებით გახდა მნიშვნელოვანი. აი, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ზუსტად ევროსაბჭოს განმარტებაშია წარმოდგენილი.
მთელი რიგი საქმეების საქართველოში ახლა არის სწორედ პოლიტიკური მოტივებით ნაწარმოები. იგივე უგულავამ გამოიყენა თუ არა იმ რაოდენობის თანხა იმ ფორმით, როგორც არის ჩაწერილი განაჩენში, რა დრო ეკუთვნოდა სასჯელის კუთხით, ეს ერთი თემაა, მაგრამ მეორე ის არის, რომ უგულავა, რურუა, ოქრუაშვილი, აგერ უკვე ხაზარაძე, ჯაფარიძე, გვარამია, მელია და ასე შემდეგ სახელმწიფოს მიერ კონკრეტული პოლიტიკური მოტივებით იდევნებიან.
– ანუ ეს არის პოლიტიკური დევნა?
– დიახ, რადგან ყველა შემთხვევაში ფაქტია, რომ საქმეები არის ან რაღაცა პროცედურების დარღვევით, ან კონკრეტული ხელოვნური მოტივაციით, ან როდინდელი საქმეებია წამოწეული ხაზარაძე-ჯაფარიძის შემთხვევაში. შესაბამისად, ჩვენ აქ ვხედავთ ყველა ნაბიჯზე ხელისუფლების მხრიდან სამართალდევნის პოლიტიკურ მოტივებს.
ამავე დროს, საქმეები არ არის წამოწეული “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების შემთხვევაში.
– რომელ მაღალჩინოსნებს გულისხმობთ?
– თუნდაც იგივე ფარცხალაძის ქეისი, იგივე გახარიას ქეისი და კიდევ ბევრი სხვა დანარჩენი, რომელიც პირდაპირ ფაქტობრივი, ვიდეომოცემულობის კუთხითაც კი არის მტკიცებულებების დონეზე წარმოდგენილი და სასამართლო პროცესიც კი არ არის რთული.
– უგულავას საქმეზე შეიძლება ფაქტების დამდგენი კომისია ჩამოვიდეს ევროპარლამენტიდან. რატომ შედის ხელისუფლების ინტერესებში მისი ჩამოსვლა?
– ეს ყველაფერი აწყობს ხელისუფლებას. ჯერ ერთი, მსგავსი დელეგაციების ფორმალური შესაძლებლობები საკმაოდ ფრთხილია. ხელისუფლებამ ეს იცის და ეს რიტორიკული მოწვევაა. სანამ ეს ყველაფერი დადგინდება, სანამ ჯგუფი შეიქმნება, სანამ ჩამოვა, შეისწავლის, თვეები გავა და ამასობაში შეიძლება არჩევნებიც ჩატარებული იყოს.
ამ დროს, როდესაც რაღაცის შესწავლა ხდება ხოლმე, როგორც წესი, პოზიციები რამდენადმე დაპაუზებულია. სანამ საბოლოო დასკვნა არ გამზადდება, ნაკლებად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ იმიჯმეიკინგის ნაწილში თავი უვნებლად წარმოადგინოს.
მეორეს მხრივ რიტუალურს ხდიან ამ ყველაფერს, რადგან ეს მარტივი არ არის და მესამე, ეს ხდება, პროცედურების გამო, დროის მოგების მიზნით.
– ანუ ისევ ხელისუფლება დარჩება მოგებული?
– სავარაუდოდ, რადგან იმდენი პროცედურაა, რომ სხვა თუ არაფერი, დროში მოიგებენ. თუ სახელმწიფო გამჭირვალედ მოქმედებს, ასეთი ჯგუფების შექმნის საჭიროება ნაკლებად არის ხოლმე.
უკვე ყოვლისმომცველი გახდა კრიტიკა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. პერსონალურიდან უკვე უწყებრივ განცხადებებზე გადავიდნენ ევროსაბჭო, კონგრესი, სენატი და ასე შემდეგ. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რაღაცაში დრო მოიგოს.
ცდილობენ, სიტუაცია სათავისოდ მოატრიალონ. მათ აქვთ მოკლევადიანი ამოცანა, რომ 2020 წლის არჩევნებამდე კიდევ რაღაც მნიშვნელოვანი ძვრები არ მოხდეს და 2020 წელი “ქართულმა ოცნებამ”, როგორც ჩანაფიქრში აქვს, ისე გაიტანოს და ამ საარჩევნო სისტემით საკუთარი თავი კვლავ ხელისუფლებაში დატოვოს.
– არჩევნების თემას შევეხეთ და რა მოლოდინები გაქვთ?
– მე არჩევნების მიმართ დიდად ოპტიმისტური განწყობა არ მაქვს, იმიტომ რომ საარჩევნო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ “ოცნებას” დიდ გარანტიებს აძლევს. თუ რაიმე სერიოზული ცვლილებები არ მოხდა ამ თვეების განმავლობაში, მაინცდამაინც იმედიანი მოლოდინი, რომ ხელისუფლება ან შეიცვლება, ან შემცირდება ავტორიტარიზმის და ერთმმართველობის მაჩვენებელი, არ მაქვს.
თუ ეს მოცემულობა არ შეიცვალა, მაშინ ხელისუფლება საპარლამენტო უმრავლესობას, მთელი რიგი მაქინაციების შედეგად, ისევ მიიღებს.