ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ – ვიდეო

ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ირაკლი შოთაძის მოსმენაზე ივანიშვილის ნიღბებით მივიდნენ - ვიდეოიურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გენერალური პროკურორობის კანდიდატის ირაკლი შოთაძის მოსმენა უნდა დაწყებულიყო, „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მივიდნენ. ელენე ხოშტარიას და თინა ბოკუჩავას ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღაბი ეკეთათ. ისინი ირაკლი შოთაძესთან მივიდნენ, რასაც კომიტეტის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

თინა ბოკუჩავას და ელენე ხოშტარიას ჰქონდათ ფლაერები, რომელთა დარიგებასაც დეპუტატებისთვის აპირებდნენ. ფლაერებზე, როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, პოლიტპატიმრები არიან გამოსახულნი.

“შოთაძემ მინდა ჩახედოს თვალებში პოლიტპატიმრებს,”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ და ირაკლი შოთაძეს ფლაერი დაუტოვა.

ამის შემდეგ ელენე ხოშტარიამ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ნიღაბი ეკეთა,  ირაკლი შოთაძეს მიმართა: “შემომხედეთ კარგად, ამის მონა ხართ თქვენ.”

ოპოზიციონერ დეპუტატებს ფლაერების დარიგების საშუალებას პარლამენტის დაცვის სამსახური არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ, ბოკუჩავამ და ხოშტარიამ მათი გადაცემა კოლეგებისთვის მაინც მოახერხეს.