გიგა ბუკია – “სააკაშვილს ორი გვამი დღესაც სჭირდება”

გიგა ბუკია - "სააკაშვილს ორი გვამი დღესაც სჭირდება”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რატომ არ არის საფუძველი ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების იმპიჩმენტისთვის? რატომ არ არის დანაშაული პარლამენტის ქუთაისის შენობის გაყიდვა? რა დატვირთვა ეძლევა ყბადაღებულ “ორ გვამს” რეალობაში? შეიძლება იყოს თუ არა უთანხმოება სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარლამენტის უმრავლესობიდან გამოსულ კონსერვატორ დეპუტატ გიგა ბუკიას.
– პარლამენტში გროვდება ხელმოწერები ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრების იმპიჩმენტის მოსამზადებლად. ისინი არ მივიდნენ პარლამენტში დაბარების შემდეგ. თქვენ რას იტყვით?
– პარლამენტს ევალება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. პარლამენტი ამ ფუნქციას უნდა ასრულებდეს. კანონისა და რეგლამენტის შესრულებაც სავალდებულოა, თუმცა, ამ შემთხვევაში შეიქმნა რაღაც საგანგებო სიტუაცია და მე მინისტრებს ვერ დავადანაშაულებ. მათი იმპიჩმენტის მიზეზს ვერ ვხედავ.
ჩვენ პარლამენტის ახალი რეგლამენტით ვმუშაობთ. თავიდანვე ვამბობდი, რომ გარკვეული პროცედურები ამ რეგლამენტში დასახვეწია. ეს ახლა ნათლად გამოჩნდა. მინისტრები, რომლებიც კომიტეტისა თუ ფრაქციის სხდომებზე არ მოვიდნენ, მანამდე ორი თუ სამი დღით ადრე იმყოფებოდნენ საკანონმდებლო ორგანოში და დიდი ხნის განმავლობაში პასუხობდნენ დასმულ კითხვებს. რისთვისაც კიდევ დაიბარეს, იმაზე მათ ნალაპარაკევი ჰქონდათ.
– რეგლამენტთან დაკავშირებული კოლიზია წარმოიშვა?
– რეგლამენტში ბევრი რამ ჩავწერეთ, თუმცა, როგორც ჩანს, უფრო მეტი დაზუსტებაა საჭირო, ყველა ნიუანსია გასათვალისწინებელი. ეს საიმპიჩმენტო საკითხი არ არის. ამ მინისტრებს რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაედინათ, სხვა საქმე იქნებოდა. როცა საქმე ეხება ინსტიტუციებს და არა – ხელისუფლება-ოპოზიციის კამათს, ჩვენ უნდა დავსხდეთ და დავხვეწოთ რეგლამენტი.
– როცა პარლამენტის პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდებოდა, მინისტრები ხშირად სიშორის გამო ვერ ცხადდებოდნენ პარლამენტში. დღეს საზოგადოების ნაწილი პარლამენტის ქუთაისის შენობის გაყიდვას აპროტესტებს.
– ყველას თავისი მოსაზრება აქვს. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ პარლამენტის ქუთაისში მუშაობამ ამ ქალაქს რაიმე შემატა. ქუთაისი ამან ვერ განავითარა. ეს იყო სააკაშვილის ახირებული და ხარჯიანი გადაწყვეტილება. პარლამენტის თბილისში დაბრუნებას პირად საუბრებში ემხრობოდა ჩვენი ოპონენტების 99%. მათაც უჭირდათ იქ სიარული და დაბარებულ მინისტრებსაც.
ქუთაისის შენობის ასაშენებლად სააკაშვილმა დახარჯა 400 მილიონამდე ლარი. ხომ ჯობდა, რომ ეს სოლიდური თანხა გონივრულად გამოეყენებონა?! ამ შენობის შენახვასაც ფული სჭირდება. რა არის იმაში ცუდი, თუ ის გაიყიდება? აბა, პრივატიზაცია სხვა რა არის? ინვესტორი მას ახალ ფუნქციას შესძენს.
ამ თემაზეც ისეთივე ხელოვნური აჟიოტაჟია ატეხილი, როგორც ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებზე. ბოლო წლის განმავლობაში ფინანსთა მინისტრი ექვსჯერ თუ შვიდჯერ იყო პარლამენტში მოსული. ესეც გავიხსენოთ. ამ ხელისუფლებას თავისი შეცდომები ეყოფა. მისი დადანაშაულება სააკაშვილის ქმედებებში ღიმილისმომგვრელია. სააკაშვილმა დაუშვა შეცდომა, რომ 400 მილიონი მიახარჯა უსარგებლო ნაგებობას და პარლამენტი იქ გადაიტანა. ხელისუფლება თუ ამ შენობას ყიდის, ის სწორად იქცევა.
– სააკაშვილისგან მალე განსაკუთრებულ აქტივობას უნდა ველოდოთ? მარტიდან მისი შტაბი იხსნება.
– სააკაშვილი შორიდან ისედაც აქტიური იყო. პროპორციული არჩევნები რომ არ უნდოდა, ეს ვერ დამალა. მისი და “ქართული ოცნების” სურვილები ერთმანეთს დაემთხვა. სააკაშვილი დესტაბილიზაციისთვის იბრძვის. ადრე ვანო მერაბიშვილმა სააკაშვილის დავალებით ბრძანა ორი გვამის მოტანა. სააკაშვილს მაშინ ორი გვამი სჭირდებოდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ორი გვამი დღესაც აქტუალურია.
– დააზუსტეთ.
– სააკაშვილს ორი გვამი დღესაც სჭირდება. ამჯერად – ძალაუფლების დასაბრუნებლად. მაშინ ეს ესაჭიროებოდა ხელისუფლების შენარჩუნებისთვის, ახლა კი – დაბრუნებისთვის.
– ამაში ფიგურალურად დესტაბილიზაციას გულისხმობთ? ვანო მერაბიშვილი ისევ მასთან არის? გარეგნულად, სააკაშვილსა და მერაბიშვილს შორის დიდი თანხმობა არ უნდა იყოს.
– არა მგონია, ისინი დაპირისპირებულები იყვნენ. ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის მოსვლის შემთხვევაში ლიდერი ისევ სააკაშვილი იქნება და მის გვერდით ვიხილავთ მერაბიშვილსაც. აბა, სხვა როგორ წარმოგიდგენიათ?
– ყველა იმისთვის იბრძვის, რომ ძალაუფლება აღარ ჩაუვარდეს ხელში რომელიმე ერთ პარტიას.
– თუნდაც ოპოზიციური ერთობა მოვიდეს ხელისუფლებაში. ნათელაშვილი და დავითაია გახდებიან სააკაშვილის ოპოზიცია? ეგენიც სააკაშვილის ქოლგის ქვეშ იქნებიან, მერაბიშვილიც და სხვადასხვა პარტიაში გადანაწილებული ნაციონალებიც. ეს ნაციონალები ხომ სინამდვილეში არ დაშლილან! ისინი გადანაწილდნენ.
სამწუხაროა, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ არჩევნებზე უარით კარი გაუღო ნაცმოძრაობის დაბრუნებას. “ქართული ოცნება” ამყარებს ორპოლუსიანობას. არადა, მოსახლეობის შეკვეთა ორპოლუსიანობა არ არის. პროპორციული სისტემა ამას ბოლოს მოუღებდა.
– მალხაზ მაჩალიკაშვილის სააკაშვილთან ჩასვლაზე რისი თქმა შეიძლება?
– დეტალები არ ვიცი. აძლევს თუ არა ვინმეს დავალებებს სააკაშვილი, ეს წვრილმანია. ფაქტია, რომ მას საქართველოში დესტაბილიზაცია ისევ უნდა. მალხაზ მაჩალიკაშვილზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ მან თავისი შვილის საქმეზე ყოველთვის ბევრი იცოდა. პარლამენტში დახურულ სხდომაზე ჩვენ ამაზე ინფორმაცია მივიღეთ. სამწუხაროა, რომ სააკაშვილსა და მერაბიშვილს ფანებიც ჰყავთ.
– მათი ფანების რაოდენობა გაზვიადებული არ არის?
– სიტუაციის ასარევად დასაწყისისთვის 20 კაციც საკმარისია. სააკაშვილის ბანაკში სხვებიც მოიაზრებიან. ხელისუფლების ვალია, ხელი შეუშალოს დესტაბილიზაციას ქვეყანაში.