“გიგი უგულავას დაჭერა განახლებული რუსული სქემების ნაწილია”

"გიგი უგულავას დაჭერა განახლებული რუსული სქემების ნაწილია"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რას უკავშირდება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას კიდევ ერთი დაკავება? რას მოიცავს რუსეთის პოლიტტექნოლოგების ახალი სქემები” რა კავშირი აქვს ამ გეგმებს სააკაშვილთან? რატომ არ გამოუვა სააკაშვილს ალტერნატიული პროცესების აგორება? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერს, მირიან მირიანაშვილს.
– რას ნიშნავს გიგი უგულავას კიდევ ერთხელ მიბრუნება ციხეში? რა იმალება ხელისუფლების გამომწვევ მოქმედებებში?
– “ახალი თაობისათვის” მიცემულ ინტერვიუში ადრე ვთქვი, რომ 15 დეკემბრიდან რუსეთის გადაწყვეტილებით საქართველოს პოლიტიკურ თეატრში შესვენება გამოცხადდა. თებერვლიდან თეატრი უნდა განახლებულიყო. ეს მოხდა კიდეც, ოღონდ ათდღიანი დაგვიანებით და განახლებული სცენარით. ჩაუხედავ მკითველს ვეტყვი, რომ რუსეთი დაახლოებით ორი წელიწადია ცდილობს თავისი გეგმის მიხედვით განახორციელოს ხელისუფლების გადაბარება. ჩაფიქრებული იყო რიგგარეშე არჩევნების ხელოვნურად გამოწვევა. ეს არ გამოვიდა. თეატრი განახლებული პიესებით გაცოცხლდა.
– გიგი უგულავა ამ სცენარისთვის გაიწირა?
– რასაკვირველია. ივანიშვილმა ეს პოლიტტექნოლოგიური სქემების შესაბამისად გააკეთა. გიგი უგულავას დაჭერა განახლებული რუსული სქემების ნაწილია. მაყურებელმა უნდა დაიჯეროს, რომ ივანიშვილი და ბოკერიას პარტია ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვიან, რომ “ევროპული საქართველო” მთავარი ოპოზიციაა, რომელსაც რუსეთთან საერთო არაფერი აქვს. შემთხვევითი არაა, რომ დირიჟორებმა მწვავე პროცესები აშშ-ის ახალი ელჩის საქმიანობის დაწყებას დაამთხვიეს.
– 10 თებერვალს ელჩს მიღება ჰქონდა. მას პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. გიგი უგულავას დაჭერის გამო ბევრმა მათგანმა მიღება ადრე დატოვა.
– მიღების ჩაშლა ადრევე იყო ჩაფიქრებული. იმ საღამოს პროტესტი არ იგეგმებოდა. ისეთი რა გაუჭირდათ პოლიტიკოსებს, რომ მიღებაზე ერთი საათი ვერ გაჩერდნენ! ეს უპატივცემულობაა.
– სააკაშვილის მხრიდან თბილისში საკუთარი შტაბის შექმნის და მართვის სურვილი რისი გამოვლინებაა?
– სააკაშვილი აშანტაჟებს თავის კურატორებს რუსეთიდან, ასევე – თავის ხელქვეითებს საქართველოში.
– რუსებს რატომ აშანტაჟებს? თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს?
– სააკაშვილი, გარკვეულწილად, რუს პოლიტტექნოლოგებში უკვე ბალასტად აღიქმებოდა. თუმცა, მისი საჭიროება დადგა მას შემდეგ, რაც ჩაფლავდა სცენარები ბოკერიას დაჯგუფების მონაწილეობით. ბოკერია უკვე გაჭრილი კარტი გახდა. თებერვლის სცენარში მთავარი როლი ისევ უკანა პლანზე გადასულ სააკაშვილს უნდა რგებოდა. მოხდა ისეთი რამ, რაც სააკაშვილს მთავარი როლი დააკარგვინა.
– კიევში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რომ სააკაშვილი არ მიიღო, ამაზე ხომ არ საუბრობთ?
– ამ ფაქტმა უფრო ნათლად გამოააშკარავა, რომ სააკაშვილი ვაშინგტონისთვის კატეგორიულად მიუღებელია. რუსი სცენარისტები ისევ ბოკერიას მიუბრუნდნენ.
– თქვენ ამბობდით, რომ ვაშინგტონისათვის “ევროპული საქართველოც” გაშიფრულია.
– რასაკვირველია. აშშ-ში ისიც იციან, რომ თვეზე ოდნავ მეტი ხნის წინ ივანიშვილი, ბოკერია და ხაზარაძე მოსკოვში ერთად რეკავდნენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ათანხმებდნენ.
– კონგრესმენ ადამ კინზინგერის შეფასებით, სასამართლოს იარაღად გამოყენება დემოკრატია არ არის. ასე გამოეხმაურა იგი გიგი უგულავას დაკავებას.
– საქართველოში ბოლო 30 წელიწადის განმავლობაში არაერთი პოლიტიკოსი დაუკავებიათ. ყველა დაჭერა პოლიტიკური იყო და მას საერთო არ ჰქონდა გადაცდომებთან და დანაშაულებთან.
გიგი უგულავა მორიგი პოლიტიკური მოღვაწეა. გეგმის თანახმად, ოპოზიციამ, პირველ რიგში, ბოკერიას პარტიამ, რომელსაც შლეიფად მიჰყვება ხაზარაძის “ლელო”, უნდა გააქარწყლონ ჭორები რუსეთთან და ივანიშვილთან გარიგების შესახებ. აშშ-სთვის ეს ჭორები არ არის. ამერიკელებს ფაქტებით დადასტურებული ინფორმაციები აქვთ. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციის ნაწილს აფინანსებს ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი ვანო ჩხარტიშვილი. ივანიშვილთან კონფლიქტი რომ ჰქონდეთ, ივანიშვილის წრიდან დაფინანსდებოდნენ?!
– ოპოზიცია დიდ პროტესტს აანონსებს.
– გეგმის თანახმად, ეს პროტესტი წარიმართება ბოკერიას ეგიდით.
– სააკაშვილი როგორ იმუშავებს თავის შტაბში?
– შტაბს ალტერნატიული სახე აქვს. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ სააკაშვილი აპირებს მოქმედებას ნაციონალური მოძრაობის გარეშე. როგორც ჩანს, პარტია სააკაშვილის მითითებებით არ იმართება. მას აქვს შეუთავსებლობა გრიგოლ ვაშაძესთან, რომელსაც რუსეთთან თავისი კავშირები აქვს. რუსებს კი, როგორც გითხარით, სააკაშვილი აღარ სჭირდებათ. სააკაშვილს არ უნდა, პროცესებიდან გარიყული იყოს და ქმნის შტაბს.
ამ შტაბს უფრო დეკლარაციული ფუნქცია ექნება. სააკაშვილი ალტერნატიულ პოლიტიკურ პროცესებს ვერ წამოიწყებს. მას თვითონ არ აქვს გააზრებული, რა უნდა გააკეთოს. სააკაშვილი რუს კურატორებს და თავის ყოფილ მომხრეებს აღიზიანებს. რუსებმა სააკაშვილი ნაწილობრივ მას მერე ჩამოწერეს, რაც მან რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ ორგანიზებული ევროპული ღონისძიებები ჩააგდო.
– რომელი ღონისძიებები? ემიგრანტებს რომ ხვდებოდა და მათთან ერთად საქართველოში ჩამოსვლას აპირებდა?
– დიახ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საგარეო დაზვერვის ორგანიზებით სააკაშვილს ემიგრანტებთან შეხვედრები მოუწყვეს. დარბაზებიც რუსებმა უქირავეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ყველაფერს რუსებისთვის არანაირი შედეგი არ მოუტანია, არადა, ფული ბევრი დაიხარჯა. სააკაშვილი უკვე ჩამოწერილია.
– ისევ კეთდება განცხადებები იმაზე, რომ ამერიკელები ივანიშვილს პრემიერად დაბრუნებას თხოვენ.
– ამაზე უფრო აბსურდული აზრი წარმოუდგენელია. აშშ-ს რომ ივანიშვილი უმაღლეს თანამდებობაზე უნდოდეს, მის გაპრეზიდენტებას დათანხმდებოდა.
– ივანიშვილს პრეზიდენტობა 2018 წელს უნდოდა?
– ამერიკელებს ამაზე გზავნილები მისდიოდათ. ისინი პრეზიდენტად ივანიშვილის კანდიდატურას არ დათანხმდნენ. ივანიშვილმა შეთანხმებას ვერ მიაღწია. თუ პრეზიდენტად არ უნდოდათ, პრემიერად რატომ უნდა მოუნდეთ?
რუსული შეკვეთით და ივანიშვილის სურვილით საქართველოში უამრავი აბსურდული ინფორმაცია ვრცელდება. არაინფორმირებული ხალხი აბსურდის მოსმენისას ვერ ხვდება, რომ ქვეყანაში რუსული პოლიტიკური თეატრი მოქმედებს, მისი სპექტაკლების ჩაშლა კი აშშ-ის დამსახურებაა.