გიგლა ბარამიძე – „თალაკვაძის აშშ-ში მივლინება სრული კრეტინიზმია“

გიგლა ბარამიძე - „თალაკვაძის აშშ-ში მივლინება სრული კრეტინიზმია“მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
საქართველოს ხელისუფლებას მეხად დაატყდა უმწვავესი კრიტიკა აშშ-დან, ევროპარლამენტიდან, ასევე სხვა პარტიორებისაგან. ქვეყნის შიგნით კი ისევ კრიზისული სიტუაციაა, რასაც ახლავს ისეთი ინციდენტები, როგორებიცაა ოპონენტის ჯგუფურად გალახვა. რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ? როგორ რეაგირებს ამაზე ხელისუფლება? „ახალი თაობა“„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურ მდივან გიგლა ბარამიძეს ესაუბრა.
გიგლა ბარამიძე:
– აშშ-დან და ევროსტრუქტურებიდან ისეთი შენიშვნები მოდის, რომ მმართველ პარტიას თავი არ გამოეყოფა. ხეპრე უნდა იყო, რომ ვერ ხვდებოდე, რას ნიშნავს ასეთი კრიტიკა. თუმცა, ესენი თავისას არ იშლიან და ცდილობენ, სადმე გაძვრნენ, თავი დაიძვრინონ. ეს ის ხალხია, ივანიშვილის მილიარდების წყალობით რომ მოხვდა პოლიტიკაში, მაღალ თანამდებობებზე და ისე იქცევა, როგორც უეცრად გამდიდრებული უზნეო მდაბიო. ეს არაკომპეტენტური არსებები, რომლებმაც ხალხს თავი დაამახსოვრეს არაკაცობითა და არაქალობით, სისულელეებით ყველა ხელისუფლებას აჭარბებენ.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– უნამუსო ჩინოსნებმა ანგარიში გაუსწორეს საკრებულოს დეპუტატს, რომელიც დიდი ხანია, ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს. ლევან ხაბეიშვილი დიდ პრობლემას წარმოადგებს მერისთვის, მინისტრებისათვის, სხვა მოხელეებისთვის. მხილებულებს სიმართლის თქმა სწყინთ და მამხილებელს დამრტყმელების ჯგუფი მიუსიეს.
– კოლექტიური ანგარიშსწორება უბრალოდ კანონის დარღვევა არ არის. ეს ბევრად უარესია.
– რა გვიკვირს? დამრტყმელები არშემდგარი ბოქსიორები და არშემდგარი პოლიტიკოსები არიან. მათ უკანაც არ დგანან თანამდებობისათვის შესაფერისები. ისინი „შეჩემობით“ და „ტოებით“ ლაპარაკობენ. თავი მაგარი ბიჭები და პოლიტიკოსები ჰგონიათ. არ იციან, რომ სლენგს თავისი ადგილი აქვს. არ გაეგებათ, სად რომელი ლექსიკა უნდა გამოიყენონ. ასე ხდება, როცა პოლიტიკასთან უკაცრავად მყოფი ფეხბურთელი პოლიტიკოსობას დაიწყებს და თანამდებობაზე მოხვდება.
– ყოფილ ფეხბურთელს, თბილისის მერს, კახა კალაძეს მაღალი რეიტინგი აქვს. ითვლება, რომ „ქართულ იცნებაში“, ბიძინა ივანიშვილს თუ მხედველობაში არ მივიღებთ, მას აქვს დიდი ავტორიტეტი.
– კალაძის პიარის სამსახურის 200-მდე თანამშრომელი რომ გამოჰკითხო, ცხადია, ყველასთვის კალაძე იქნება ავტორიტეტი. ეტყობა, მერიის სამსახურებში ატარებენ სოციოლოგიურ კვლევებს.
– მერის პიარის სამსახური ასეთი მრავალრიცხოვანია?
– ამ სტრუქტურაში 150-მდე კაცი მუშაობს. მერიის სხვა სამსახურებშიც ბევრი ჰყავთ დასაქმებული. მერიის თანამშრომლებისთვის კალაძე პირველი კაცია. აბა, სხვა თბილისელებს ჰკითხონ! ისინი დედაქალაქის პრობლემებზე ილაპარაკებენ, ინფორმირებულები კი მერიის კორუფციულ სქემებსაც ახსნიან. ის, რაც სხვების დავალებით თბილისის საკრებულოში მოხდა, უდიდესი სირცხვილია. კიდევ ერთი დიდი სირცხვილია თემირლან მაჩალიკაშვილის ამბავი.
– საქმის გამოძიება შეწყდა, პროკურატურა და სუსი გვეუბნებიან, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი დამნაშავე იყო, ხალხს ამის არ სჯერა.
– ორი წელიწადია, გვპირდებოდნენ, რომ გამოიძიებდნენ საქმეს და დასჯიდნენ იმათ, ვინც ლოგინში მწოლიარე 19 წლის მაჩალიკაშვილი მოკლა. ახლა გვეუბნებიან, რომ არავის არაფერი დაუშავებია, არავის არაფერი შეშლია. გვარწმუნებენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ლოგინში ხელყუმბარა ჰქონდა.
ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო ხელყუმბარა?! მკვლელებს ხელს აფარებენ, უდანაშაულოს დანაშაულს ჰკიდებენ და ტერორიზმთან მებრძოლებად მოაქვთ თავი. არჩევნების საკითხში ხომ საერთოდ თავი მოიჭრეს.
– რას ელით, რას შეცვლიან შეცვლიან 2020 წლის არჩევნებისთვის?
– ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ დამთავრებულა. პირველ რაუნდამდე „ქართული ოცნება“ გაიძახოდა, არაფერს შევცვლიო. ახლა ისე გაუხდათ საქმე, აქეთ იხვეწებიან, მოგველაპარაკეთო.
– მმართველ პარტიის ვარიანტი 100 პროპორციულად არჩეული და 50 მაჟორიტარული მანდატია. ოპოზიცია ამას არ თანხმდებით?
– ეს არის კიდევ ერთი თაღლითობა. ამ ტყუილში არ გავყვებით. სამართლიანია პროპორციული არჩევნები. ეს იყო „ქართული ოცნების“ დაპირება, რომელიც ნოემბერში გადათქვა. 100:50-ც „ოცნებას“ აწყობს. ხმების მესამედიც რომ მიიღოს, მანიპულაციებით საკონსტრიტუციო უმრავლესობას შექმნის. ახლანდელ პარლამენტშიც ასეთი მეთოდებით მიიღეს მანდატების უზარმაზარი რაოდენობა.
ხალხს აღიზიანებს, როცა პარლამენტში გადაწყვეტილებებს იღებს ძალა, რომელსაც საზოგადოების მანდატი არ აქვს. თან, ეს ძალა ხალხს ყველაფერს ამადლის. ესეც გამაღიზიანებელია. რა სჭირს ხალხს თალაკვაძის, კობახიძის, მდინარაძის, მათიკაშვილის, კილაძის დასაყვედრებელი? საზოგადოება რომ სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით, ესენი ცხოვრებით ტკბებოდნენ და არაფერი აღელვებდათ. ზოგი სწავლობდა, თუმცა, კვალიფიციური არც ერთი არც ერთ საკითხში არაა. რით ვერ მიმხვდარა ივანიშვილი, რომ ეს სამარცხვინო გარემოცვა გადაიყოლებს.
– ფიქრობთ, რომ კრიზისი ივანიშვილის გარემოცვის ბრალია?
– ეს გარემოცვა ივანიშვილს შეცდომებს აშვებინებს. ამათ პროპორციულ სისტემაზეც უთხრეს, 2020-ში ნუ შემოვიღებთ, დაპირება შევცვალოთ, ისევ შერეული დავტოვოთო. ამით რა მიიღეს? ხელისუფლებას შინ და გარეთ ყველა ყველა ბრუნვაში ატრიალებს.
– უცხოელი პარტნიორების შენიშვნები სხვებზე მეტად პირადად ივანიშვილს ეხება. ალბათ, მარტო პროპორციული სისტემის დაპირების ჩაგდებაში არ არის საქმე?
– ქვეყანაში კორუფციას მიაქვს ყველაფერი. ყველგან აღებ-მიცემობაა. ვინც ხელისუფლებას კორუფციაში ამხელს, იმას ფიზიკურად უსწორდებიან. გასვრილი და არასათანადოდ შემოწმებული მოსამართლეები დიდი რაოდენობით უვადოდ დაამტკიცეს. ამდენ მოსამართლეს აშშ-ში არ ამწესებენ უვადოდ. უნდათ, რომ სასამართლოში, პროკურატურაში და სხვაგან დასაყრდენი ჰყავდეთ. მომავლისთვის თავს იზღვევენ.
„ქართულ ოცნებაში“ უვიცი და უსინდისო ხალხია თავმოყრილი. ასეთი უმაქნისი ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია. ჩავარდნაა ყველგან. მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მხრივ.
– „ოცნება“ სტრატეგიულ პარტნიორთან პარლამენტის თავმჯდომარეს აგზავნის.
– პარლამენტის თავმჯდომარის აშშ-ში „საინფორმაციო“ მივლინება სრული კრეტინიზმია. კომოს ტბაზე ნამყოფმა თალაკვაძემ რაში უნდა დაარწმუნოს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები?! მანამდე კომოდალეულის წინამორბედი, კულულებიანი „ჩიჩილაკა“ კობახიძე რომ იმყოფებოდა აშშ-ში, რას მიაღწია? კობახიძე ხელცარიელი გამოისტუმრეს და ზოგან კარიც გამოუხურეს.
– ვის რისთვის სჭირდებათ ეს ვიზიტი?
– ვაშინგტონში ზედმიწევნით იციან, „ქართული ოცნების“ რომელ ჩინოსანსა და დეპუტატს რა უდევს ჯიბეში, ანგარიშებზე და ვინ როდის ავსებს წყალს საკუთარ მდიდრულ აუზში. ამერიკელი პარტნიორები საქმის კურსში იმყოფებიან. თალაკვაძის ვიზიტი ხელისუფლებას სჭირდება შიდა მოხმარებისთვის. ხალხს კიდევ ერთხელ თვალს აუხვევენ და ეტყვიან, რომ პარლამენტის საამაყო თავმჯდომარეს შედეგიანი ვიზიტი ჰქონდა აშშ-ში.
– „ოცნების“ წევრები რომ ვაშინგტონიდან წამოსულ ქარიშხალს ნაცმოძრაობას აბრალებდნენ? ესეც ჩადენილი სისულელეების სიიდანაა?
– ცხადია. ეს სიბრიყვე არის საყოველთაო უვიცობის შედეგი. ჯერ ერთი, უნდა იცოდნენ, რომ აშშ ინფორმირებულია. საქართველოსოდენა საელჩო აქვს აშშ-ს თბილისში და არაინფორმირებული რანაირადაა?! მეორეც, თუ აღიარებენ, რომ ოპოზიციურ ნაცმოძრაობას ამდენი შეუძლია, თვითონ რატომ არიან ხელისუფლებაში?
– აგრესიული პროპაგანდითა და ტროლინგით რას აღწევს ხელისუფლება?
– როგორც „თეთრი ბაირაღების“ პერსონაჟი ამბობს, „მეთოდები დაგიძველდათ!“. „ქართული ოცნების“ ტროლები და ბოტები საინტერესო არ არის. ამ პარტიის მთავარი სახეებიც არ არიან იმის ღირსი, რომ ვინმემ პოლიტიკოსებად მოიხსენიოს. თუმცა, ამ ინტერვიუში მათი გვარების ხსენება მაინც მოგვიხდა.
მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ – ვირეშმაკობები არ გაგივათ! დაანებეთ თავი უზნეო ცემა-ტყეპას და შეასრულეთ დანაპირები! არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით.
ფულის შოვნაზე გადასული ქოცები ფიქრობენ, ჩვენ მერე ქვა ქვაზე ნუ დარჩენილაო. მაგის საშუალებას არ მივცემთ. მოგმართავთ, თქვენ მიერ მოპარულ მილიონებზეც მოგეკითხებათ პასუხი, კორუფციაზეც, უვადო მოსამართლეებზეც და უსამართლოდ ჩატარებულ არჩევნებზეც. ისე არ გაიხადოთ საქმე, რომ უვადო მოსამართლეები და „ოცნების“ სამარცხვინო წევრები ერთმანეთს ასწრებდეთ ქვეყნიდან მოკურცხვლაში.