გოგი წულაია – “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს”

გოგი წულაია - "ქართული ოცნება" თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობა” ესაუბრა პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარეს, ყოფილ დეპუტატ გოგი წულაიას.
– ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოშვებამ საზოგადოებაში პოლარიზაციის ახალი ტალღა შეიტანა – ნაწილი ქუჩაში გამოდის და აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი და მას არასაკადრისად მიეზღო, ნაწილი კი მას ლამის ოპოზიციის ლიდერად აღიარებს.
– გეთანხმებით, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია ძლიერდება. საკითხავია, ვის აწყობს პოლარიზაცია?! რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებას”. ხელისუფლება ჩასვრილია და არ უნდა, რომ ყურადღება ამაზე და მძიმე რეალობაზე იყოს გადატანილი.
ისე, ამათი გამკვირვებია – გამოდიან და იმ რესტორანთან აწყობენ აქციებს, სადაც მერაბიშვილი იმყოფება. მერაბიშვილისგან რას მოითხოვენ, თვითონ გამოაცხადოს, სხვა ბევრი დანაშაულიც ჩავიდინე და ციხეში მიმაბრუნეთო?! მერაბიშვილს რომ გადაცდომები აქვს და ყველაფერზე პასუხი არ უგია, ამას ვეთანხმები. ამისთვის “პოლნი კატუშკა” არ მიუღია. ვერ გამიგია ამ პროტესტის არსი. თუ პროტესტის გამოხატვაა, ბარემ, ივანიშვილის შუშის სასახლესთან მივიდნენ!
– იქ რომელი პრობლემების წამოჭრას ურჩევთ?
– პრობლემების მეტი რაა! შიმშილით იხოცება ხალხი. ამას ემატება საშინელი საყოფაცხოვრებო პირობები. ოთხი პატარა ბავშვი მაგის გამო არ ამოგვებუგა ცეცხლში? ამ ოჯახაშენებულმა ივანიშვილმა, რომელიც ფულს ხარჯავს საპროტესტო აქციების ორგანიზებაზე, ეს სახსრები იმ ოჯახებს მოახმაროს, რომლებსაც ყველაზე უფრო უჭირთ.
ეს კაცი ვერ მიმხვდარა, რომ მათ ამის შემდეგ შეიძლება ხელისუფლებაზე გული მოუბრუნდეს. მაგაზე ვინ ფიქრობს! ის ურჩევნიათ, პოლარიზება იყოს. მერაბიშვილის გარშემო ატეხილ ამბებს რომ ვადევნებდი თვალს, ერთ ძალიან საინტერესო ახალ ამბავს წავაწყდი. განვითარებულ ქვეყნებს ქარის ენერგია ხომ დიდი ხანია ათვისებული აქვთ. ახლა, თურმე, ფინეთში ქარისგან მიღებულ ელექტროენერგიაში ხალხს ფულს არ გადაახდევინებენ. ხედავთ, სად არის ცივილიზებული მსოფლიო? ჩვენ რას ვაკეთებთ? ხალხი მშიერია, ყველგან აგრესია მძვინვარებს, ვანო მერაბიშვილს კი უწყობენ აქციებს, ციხიდან რატომ გამოხვედიო!
– საზოგადოების ნაწილი მას ტაშით ხვდება. ზოგისთვის მერაბიშვილი ლამის ოპოზიციის ლიდერია.
– მისი გამოსვლა რომ ვიღაცას გაუხარდა, ეს გასაგებია. ოპოზიციის ლიდერი მისგან არ გამოვა. ლიდერი არა, ტოროლა! ისე, რა გვჭირს ამისათანა, რომ ლიდერებისა და ბელადების გარეშე არ შეგვიძლია?! 21-ე საუკუნეა. მისი პირველი მეოთხედი გავიდა. ყველა ადამიანი თანასწორია. რას ჰქვია ლიდერი! ან პოლიტიკოსების გაკერპება და შეყვარება რა უბედურებაა? პოლიტიკოსი შეიძლება მოგწონდეს და მას ენდობოდე. ან არ მოგწონდეს და არ ენდობოდე. სიყვარულით ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ბუნება, ქვეყანა, ქალაქი, სოფელი უნდა გიყვარდეს.
– ცოტა ხნის წინ თქვენ ქუთაისის მერიასთან პერფორმანსის დროს დაგაჯარიმეს. როგორც ვიცი, ჯარიმას ასაჩივრებთ.
– იმ თოვლიან დღეს ქუთაისის მერიასთან, ქუჩაში, მივიტანე შეშა და სოციალურად დაუცველებს მოვუწოდე, გამთბარიყვნენ. იმ დღეს ქუთაისში ხელისუფლების უნიათობით და უგუნურებით კატასფროფა და პანიკა შეიქმნა.
– გაზი გაითიშა?
– ჯერ გაზი გაითიშა, მერე – დენი. ჯერ ერთი, ზამთარს მომზადებული უნდა შეხვდე, რომ ავარია არ მოგივიდეს. დავუშვათ, გაზი ავარიულად მაინც გაითიშა. რას ვიზამთ, ხდება! ყველაზე აღმაშშოთებელი ის იყო, რომ ამას ვერ გაუძლო კაბელებმა და ელექტროსისტემამ. ამაზე უარესი პურის გაქრობა იყო. ხალხი უსმენდა ინფორმაციას იმაზე, რომ პურის ქარხნებს გაზის მიწოდება შეუწყდათ. ადამიანები ჩაცვივდნენ პანიკაში და მოიმარაგეს პური.
ხელისუფლება ამ ყველაფერს მშვიდად შეხვდა. იმის მაგივრად, რომ გამოსულიყვნენ, მოსახლეობა დაემშვიდებინათ, ეთქვათ, გაზი მალე ჩაირთვებაო, თავისი უთავბოლობით ხალხი უფრო ააღელვეს.
– ბილწსიტყვაობისთვის დაჯარიმდით?
– დიახ. საქალაქო სასამართლომ დამაჯარიმა, რასაც სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებ.
– ყველაფერის მიუხედავად, მმართველი პარტია ომახიან განცხადებებს აკეთებს და არჩევნებზე ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.
– გეტყვით, რისი და ვისი იმედი აქვს “ქართულ ოცნებას”. ეგენი ფსონს თავის თანამშრომლებზე და მათ ოჯახებზე დებენ. მერიების, სსიპების, აიპების, სამინისტროების, დეპარტამენტების მეტი რა არის! იქ უამრავი ადამიანია დასაქმებული. ქუთაისის საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო დოღია გახსნილი.
– ეგ რას ნიშნავს? ახალ თანამშრომლებს იღებენ?
– დიახ. ხელშეკრულებით ახლებსაც იღებენ. ამით ხელისუფლება საარჩევნო ხმებს იმატებს. ამათ ხელფასებზე ბიუჯეტის ფული იხარჯება, ხმები კი “ოცნებას” უნდა მიუვიდეს.
– დანარჩენი მოსახლეობაც ხომ არსებობს?
– მოსახლეობის დიდი რაოდენობა ნიჰილიზმშია. ხელისუფლება სწორედ იმის იმედადაა, რომ იმედგაცრუებულები არჩევნებზე არ მივლენ. “ოცნებას” ჰგონია, რომ არჩევნებზე ოპოზიციას დაამარცხებს.
– საზოგადოების უდიდესი ნაწილი კრიტიკულად უყურებს ხელისუფლებას. ამასთან, ოპოზიციური ერთობის მიტინგებზეც არ გამოდის. ზოგისთვის ისიც გაუგებარია, თუ რატომ დანიშნა ოპოზიციამ მასშტაბური მიტინგის დღედ 4 აპრილი.
– “თავისუფალ საქართველოს” სხვა ოპოზიციასთან მხოლოდ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა გვაერთიანებს. ზუსტად ვერ გეტყვით, რატომ აირჩიეს 4 აპრილი და არა – მარტის დასაწყისი.
საერთოდ, ყველაფერს მომზადება სჭირდება. სააკაშვილის დროს, 2007 წლის ნოემბრის აქციებს წინ უძღოდა დიდი მოსამზადებელი სამუშაო. დიდი აქცია 2 ნოემბერს დაიწყო და შემდეგ გაგრძელდა. ყველაფერს სჭირდება ფული და ადამიანური რესურსი. თბილისი დიდია, თავკომბალასავითაა, თუმცა, დიდი აქციების დროს ყოველთვის საჭიროა ხალხის რეგიონებიდან ჩამოყვანა. ხალხი რომ ნაკლებად გამოვიდა ოპოზიციის მიტინგებზე, ამას თავისი მიზეზი აქვს. ნათქვამია, შეშინებული ძაღლი 9 წელი მთვარეს უყეფდაო.
– გინდათ თქვათ, რომ ხალხს შიში აქვს?
– ხალხს შიში და გულგატეხილობა სააკაშვილის დროიდან მოჰყვება. უკმაყოფილო ბევრია, მაგრამ უკმაყოფილებას გარეთ ცოტა თუ გამოხატავს. ადამიანები ინერტულები გახდნენ.
– ოპოზიცია რომ ერთად დგას, ამას როგორ ხვდება ხალხი?
– სხვადასხვანაირად. ერთი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ სხვები ნაციონალურ მოძრაობასთან დადგნენ. მეორე ნაწილი ხვდება, რომ ეს აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისათვის. ჩვენ არ გვინდა, რომ ერთპიროვნული მმართველობა ჩაიბაროს და მთავრობა დააკომპლექტოს იმ პარტიამ, რომელსაც მოსახლეობის სულ რაღაც 20%-ანი მხარდაჭერა აქვს. დღევანდელი საშინელი და უსამართლო სისტემა ამის საშუალებას იძლევა. “ქართული ოცნება”, რომელიც საარჩევნო ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ფაქტიურად, ნაცებს აბრუნებს.
– ნაციონალურ მოძრაობას ამის შანსი აქვს?
– საუბედუროდ. ხელისუფლება ამას ხელს უწყობს. პოლარიზაციას ახდენს, თან სისტემას არ ცვლის. ეს ძალიან სარისკოა. რა გამოდის? “ქართული ოცნება” თავს იკლავს, რომ როგორმე ნაცები დააბრუნოს. თვითონ “ოცნებაში” ფულის კეთებაზე არიან გადასული და ამის გარდა, არაფერი აღელვებთ.
ჩვენ ხელისუფლებაში არც “ოცნება” გვინდა და არც ნაციონალური მოძრაობა. 2011 წლის 26 მაისს მიტინგის დარბევის დროს ნაცებმა იმდენი მირტყეს, ბრეტელებიან მაიკაში 2 კვირის განმავლობაში თავი არ მეტეოდა. მე ნაცების დაბრუნება როგორ უნდა მინდოდეს! ჩატარდეს სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ყველამ მიიღოს იმ რაოდენობის მანდატი, რამდენი ხმაც აიღო.
ესაა ჩვენი მოთხოვნა.