გურამ ჩალაგაშვილი – “ოქრუაშვილის ციხეში გამოკეტვა 20 აგვისტომდე უნდათ”

გურამ ჩალაგაშვილი - “ოქრუაშვილის ციხეში გამოკეტვა 20 აგვისტომდე უნდათ”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს. ინტერვიუ გიგი უგულავას დაპატიმრებამდეა ჩაწერილი.
– ბატონო გურამ, ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს ბოლო ვარიანტად 100/50-ზე, რაზეც ოპოზიცია კატეგორიულ უარს აცხადებს. როგორია თქვენი შეფასებები ბოლო პერიოდის პროცესებზე, რა მოლოდინები გაქვთ?
– დღევანგელი ხელისუფლება რომ აგონიაშია, მე მგონი, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. ამას მოწმობს ის არაადეკვატური განცხადებები, რასაც ისინი აკეთებენ ნებისმირ საკითხთან მიმართებაში. თუნდაც ავიღოთ ყველაზე ოდიოზური გენპროკურორის საქმე, რომელსაც ვითომ კონკურსში მიაღებინეს მონაწილეობა.
– შოთაძის უკან დაბრუნებას გულისხმობთ?
– დიახ, ის უკან დააბრუნეს. უბრალოდ, ერთი რამ ავიწყდება ბიძინა ივანიშვილს. ადამიანები, რომლებიც უპრობლემოდ, თანხის სანაცვლოდ, ან ხელისუფლებაში ყოფნის სანაცვლოდ, მზად არიან, გააკეთონ ნებისმიერი საქმე, ასევე ყურადღებით აკვირდებიან ყოველდღიურ პროცებს ამ ქვეყანაში. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ და სხვაზე ადრე ხვდებიან, როდის ახლოვდება ამ ხელისუფლების დასასრული.
ეს ადამიანები ძალიან მალე, დაახლოებით ამ ზაფხულის მიწურულს, აუცილებლად დაინახავენ, რომ ამ ხელისუფლების საქმე არის წასული და ბიძინა ივანიშვილს ზურგს შეაქცევენ.
– რას გააკეთებენ?
– ისინი, როგორც გლეხი წიწილას გაიყვანს და გაყიდის ბაზარში, ისე გაყიდიან ბიძინა ივანიშვილს, თვალსაც არ დაახამხამებენ. კალამს ვერ გააგდებინებენ ვერც ერთს ხელიდან, ისე მოყვებიან ყველაფერს, იციან თუ არ იციან, რაც მოხდა.
– საკუთარი გუნდის წევრები უღალატებენ?
– რა თქმა უნდა, აუცილებლად ასე იქნება. ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა?! შევარდნაძის დროიდან მოყოლებული სულ ასე არ ხდება?!
– შემოთავაზებაა 100/50-ზე. დათანხმდება ამ შეთავაზებას ოპოზიცია?
– ოპოზიცია ამაზე არ დათანხმდება, გამორიცხულია! ეს არის რაღაც უაზრო წამოროშვა ხელისუფლების მხრიდან. როგორც ივანიშვილს წამოაროშინეს, ამბოხება მოხდა მაჟორიტარებშიო, რისიც არავის სჯერა, ესეც რიგითი წამოროშვაა. ისინი ფიქრობენ, რომ აიღებენ 28-30%-ს და მაჟორიტარების ხარჯზე ისევ დარჩებიან ხელისუფლებაში. ეს სრულიად წარმოუდგენელია!
– ხომ არ აღმოჩნდებიან ოპოზიციაში ძალები, ვინც გაიზიარებს ხელისუფლების წინადადებას და დათანხმდება ამ შეთავაზებას?
– ვისაც ამ ქვეყნის მომავალი აინტერესებს, ამას არავინ დათანხმდება. თუ ვინმე ამას გაააკეთებს, ეს იქნება დიდი შეცდომა.
ხელისუფლება თავადვე სცემს დასმულ კითხვებს პასუხს. “ოცნების” წევრებს არ უნდათ პროპორციული, მათ უნდათ მაჟორიტარული, რომ იქნებ 50 მაჟორიტარი მაინც გაათრიონ ძალით და თან ამ დროს გამოდიან და რაღაცა უაზრო ციფრებს არახუნებენ, მინიმუმ 55-60%-ს ავიღებთო.
60%-ს თუ იღებ შე მამაცხონებულო, მაშინ რაღატომ ალაპარაკებ ან ოპოზიციას, ან ხალხს და ან მთელ მსოფლიოს?! გადადი პირდაპირ პროპორციულ არჩევნებზე და უთხარი ყველას, რომ პროპორციული არჩევნებითაც აიღებ 60%-ს და მაინც მოხვალ ხელისუფლებაში.
ამიტომაც ვამბობ, რომ არაადეკვატურია მათი ნებისმიერი განცხადება, რაც კი ამ ბოლოს გაუკეთებიათ.
– ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ როგორც ასლან აბაშიძემ თენგიზ ასანიძე გამოკეტა ციხეში და მისი პირადი პატიმარი იყო, ისე ვიჯდები მე ციხეში, სანამ ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაშიო.
– ასანიძე ასლან აბაშიძის პირადი ტყვე იყო და ზუსტად იგივე ხდება ახლაც, ამიტომ შეადარა ოქრუაშვილმა თავი ასანიძეს. სტრასბურის გადაწყვეტილებაც კი იყო გამოტანილი, მაგრამ ასლანმა მაინც არ გამოუშვა ასანიძე.
ზუსტად იგივე ხდება დღესაც. დღეს ივანიშვილი ამბობს, რომ თუკი ვინმესი შეიძლება მეშინოდეს საქართველოში, ეს არის ირაკლი ოქრუაშვილი და ამიტომ ის უნდა იყოს ციხეში. ოღონდ რისთვის უნდა იყოს, ეს არავინ იცის.
უკვე მეშვიდე თვე სრულდება და ყველა ვუყურებთ, როგორ მიჰყავთ ყოველ სასამართლო პროცესზე 2-3 პოლიციელი, რომლებიც ამბობენ, რომ ან საერთოდ არ უნახავთ ოქრუაშვილი, ან ამბობენ, რომ დაინახეს, რომ ის იდგა ხალხის მასაში. ჯერჯერობით არავის უთქვამს და ვერც იტყვის, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ვინმეს წინააღმდეგობა გაუწია.
– ის ივანიშვილის პირადი ტყვეა?
– რა თქმა უნდა, ირაკლი ოქრუაშვილი ივანიშვილის პირადი ტყვეა. არამარტო ოქრუაშვილი, ასევე გიორგი რურუა, ასევე თამლიანი, რომელიც ვაჟკაცი ადამიანია და რომელზეც დღემდე მიდის ზეწოლა, რომ როგორმე იქნებ მან დაადოს ხელი ირაკლი ოქრუაშვილს ან ნიკა მელიას, განსაკუთრებით ოქრუაშვილზე ამუშავებენ, რომ თითქოს ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტში შეჭრას აპირებდა და ამის სანაცვლოდ პირდებიან თავისუფლებას, თუმცა ეს ვაჟკაცი კაცი ვერ გატეხეს და ამაზე არ თანხმდება.
– მოსამართლეს რატომ მოუნდა პროცესის წინ შვებულებაში წასვლა?
– ყველას კარგად ახსოვს მოსამართლის ქმედება ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით, როდესაც თვითაცილება მისცა მოსამართლემ. რაღაც ახალი გამოიგონეს, ამ უაზრო ქცევებით ცდილობენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაწელონ საქმე და დიდხანს დატოვონ ოქრუაშვილი პატიმრობაში.
ცდილობენ, ის 9 თვიანი ვადა მაქსიმალურად იქნას ათვისებული და გამოყენებული, რაც გამოძიებს აქვს და მინიმუმ 9 თვე ირაკლი ოქრუაშვილი გამოკეტილი ჰყავდეთ ციხეში!
ამას ემატება ისიც, რომ არის მეორე შეთითხნილი საქმე, რომელიც ყველასთვის ცნობილი ნახევარუჯრედიანი ქარელის ჩვენების საფუძველზე მიმდინარეობს. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ბრალი ისე წარუდგინეს. ახლა პროკურატურა ცდილობს, რომ ახალი სისხლის სამართლის კოდექსი შეიმუშაოს და პატიმრობის დღიდან კი არ დაიწყოს ათვლა, არამედ იქედან, როდესაც ბრალი წაუყენეს, ანუ სადღაც აგვისტოს ბოლომდე გაუხანგრძლივონ პატიმრობის ვადა.
აი, ეს არის მათი მცდელობა, ხან მოსამართლეს გაუშვებენ შვებულებაში, მერე შვებულებიდან დაბრუნებულმა შეიძლება თვითაცილება მოითხოვოს და ასე გაწელონ პროცესი უსასრულოდ. მინიმუმ 20 აგვისტომდე უნდა გამოკეტონ ოქრუაშვილი ციხეში.
– ბიძინა ივანიშვილს ამერიკის ელჩი ესტუმრა, როგორ ფიქრობთ რა მესიჯები გადასცა მან?
– როდესაც დაახლოებით 5 დღის წინ ჩამოსული ამერიკის ელჩი თავად სტუმრობს არაფორმალურ მმართველს, ფოტოებიდან კარგად ჩანდა ივანიშვილის სახე, რომელზეც კმაყოფილება ნამდვილად არ იკითხებოდა. ელჩი ნამდვილად არ მისულა იქ მკაცრი გაფრთხილებების მისაცემად და ყურის ასაწევად. ეს დიპლომატიური ენა არ არის. მინიშნებით საუბარი იქნებოდა ყველაფერზე.
ალბათ 1 თვე ელჩი დაელოდება პასუხს ხელისუფლებისას, მის რეაქციას, რამდენად ადეკვატურია ივანიშვილი, სწორად გაიგო თუ არა და მერე გადავა მოქმედების სხვა ზომებზე.
მე არ მგონია, რომ ევროპის პოზიციისგან დიდად განსხვავდებოდეს ამერიკის პოზიცია. ევროპარლამენტარები უკვე სახელით და გვარით მოიხსენიებენ ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც პოლიტპატიმარს. მარტში ჩამოდის ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე და იგი აპირებს, დაესწროს ოქრუაშვილის პროცესს და ის მოინახულოს საპატიმროში და მისგან მოისმინოს ყველა ინფორმაცია.
ასე რომ, ევროპარლამენტი პირდაპირ ეუბნება ხელისუფლებას, რომ მას ჰყავს პოლიტპატიმრები! ასევე ყოველდღიურ რეჟიმში მოდის ამერიკელი სენტორების და კონგრესმენების საყვედურები და ამ ფონზე თალაკვაძე იქიდან გვეუბნება, რომ თურმე თებერვლის ბოლოს დაიხურება მოლაპარაკების ეს ფანჯარა ოპოზიციასთან.
– ულტიმატუმის ენით გელაპარაკებათ?
– ცდილობს, რომ ულტიმატუმის ენით გველაპარაკოს, მაგრამ მან არ იცის რომ “ოცნებაზე” ასჯერ უფრო გამოცდილი პოლიტიკოსები სხედან მეორე მხარეს.
მე არ მგონია, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი დღევანედლ ოპოზიციასთან ხელისუფლებისთვის მომგებიანი იყოს.