გურამ ჩალაგაშვილი – “როგორც მკვდარს ბალზამი ვერ გააცოცხლებს, ისე ვერ უშველიან ლობისტები ”ოცნებას””

გურამ ჩალაგაშვილი - “როგორც მკვდარს ბალზამი ვერ გააცოცხლებს, ისე ვერ უშველიან ლობისტები ”ოცნებას””ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, ხელისუფლება ინდივიდუალურად იწყებს გასაუბრებას ოპოზიციურ პარტიებთან. რა ჩაიფიქრეს, რა უნდათ?
– ეს განცხადება გააკეთა თბილისის მერმა, კახი კალაძემ, რომელიც არის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი. ქალაქის მერთან რაზე უნდა ისაუბროს ოპოზიციამ, დიდად ვერ ვხვდები. ეს ერთი. მეორეც, ის პარტიები, ვინც გამოთქვეს შეხვედრის სურვილი, ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან. ერთია პატრიოტთა ალიანსი და მეორე – გია ჟორჟოლიანის პარტია.
ჩვენ ცალკე სალაპარაკო არავისთან არაფერი გვაქვს. ჩვენ მათ გარკვევით ვუთხარით, მთელმა ოპოზიციამ, რომ ხალხის მოთხოვნა არის პროპორციული არჩევნები! საქართველოში არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული წესით.
იგივე განცხადება გააკეთა გირჩმაც, ზურაბ ჯაფარიძემ: სულ მინიმუმ, უნდა განთავისუფლდნენ პოლიტპატიმრები: ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, გიგი უგულავა, კობა კოშაძე და ყველა, ვინც არის 20 ივნისის საქმეზე დაკავებული. თუ ესენი იქნებიან უპირობოდ განთავისუფლებულები ციხეებიდან, ოპოზიცია მზად არის, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.
ამ პირობის შეუსრულებლად ცალკე ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა ნიშნავს “ოცნების” წისქვილზე წყლის დასხმას.
– ანუ ხელისუფლება ცდილობს, ფონი შეიქმნას, რომ ოპოზიციასთან ლაპარაკი დაიწყო და საამისოდ ეს პარტიები გამოიყენოს?
– კი ბატონო. ხელისუფლებას ჰყავს სატელიტი პარტიები, მათი დახმარებით ხალხს აჩვენებენ, რომ ოპოზიციას შესთავაზეს მოლაპარაკება და აი, წამოვიდა მხოლოდ 2 პარტია, გია ჟორჟოლიანი და ირმა ინაშვილი. ისინი შეეცდებიან, ეს ყველაფერი სათავისოდ შეფუთონ და დიპლომატიურ კორპუსს დაანახონ, რომ ნახეთ, ოპოზიციიდან მხოლოდ 2 პარტია მოვიდა ჩვენთან, ხოლო დანარჩენები არიან დესტრუქციულები და მათ მხოლოდ არეულობა უნდათ.
ხელისუფლება ამას ვერ დააჯერებს დიპკორპუსის ვერც ერთ წარმომადგენელს. ამიტომ ფუჭია და ტყუილია ის მცდელობა, რაც მას აქვს, რომ დაშალოს ის ერთობა, რომელიც რამდენიმე თვეა, არსებობს.
– 115/35-ზეო, ასევე ითქვა 135/15-ზეო, რამდენად თანახმა იქნებით მსგავს შეთავაზებებზე?
– თუ იქნება 135/15-ზე, პრაქტიკულად ეს არის პროპორციული საარჩევნო სისტემა. ეს არ იქნება მიუღებელი პირადად ჩემთვის, არც ჩემი პარტიისთვის და არც იმ დიდი მაგიდისთვის, რასაც ჰქვია ოპოზიციის მაგიდა.
– სხვა გზა არ დარჩა ხელისუფლებას და ეძებს გზებს, რომ წავიდეს დათმობებზე?
– ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხანია ჩიხშია. მთელი 8 წელია, შეცდომებით მოდიან ისინი, მაგრამ ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვეს 20 ივნისს, როდესაც გავრილოვი ჩამოიყვანეს და შემდეგ სისხლიანი რეჟიმის სახელიც მიიწერეს, როდესაც დაგვარბიეს.
ამას მოჰყვა ისიც, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაიჭირეს და გაუშვეს პატიმრობაში. გუშინაც სასამართლოში ვიყავით, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის პროცესები მიმდინარეობდა. ერთი 20 ივნისის საქმეზე, მეორე – რობაქიძის საქმეზე. ეს ხომ ყველაზე დიდი შეცდომაა?!
იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას უკან დაეხია, გიორგი რურუას ჩაუდეს იარაღი, ტვ პირველის დამფუძნებელს აღუძრეს საქმე, ხაზარაძე-ჯაფარიძეს ვხედავთ, რასაც უკეთებენ.
წლების წინ, ორი ინსტანციის მიერ დასრულებული საქმე, უკვე მოხდილი სასჯელი და პროკურორ თადუმაძის მიერ გაგზავნილი ბრალი განიხილა აწ უკვე მოსამართლე თადუმაძემ და უგულავას მიუსაჯა 3 წლით და 4 თვით პატიმრობა. ეს იყო ბოლო წერტილი იმისა, თუ რა სისულელე შეიძლება ჩაიდინოს ადამიანმა. ახლა ველოდებით კიდევ ახალ დაპატიმრებებს.
– შესაძლოა, ნიკა მელიაც დააპატიმრონ?
– ალბათ ეს ნონსენსი იქნება, ორი თვის წინ გაამართლეს ეს კაცი, თქვეს, რომ მართალია და ახლა უცებ აპელაციამ პატიმრობაში გაუშვას, ეს იქნება კოშმარი და ყველანაირი სიბინძურე, თუკი რამე მინახავს.
თუნდაც ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით რასაც კადრულობენ, ეს ყოველგვარ საზღვრებს ცდება. გუშინდელი პროცესი გადაიდო, ოქრუაშვილის ადვოკატი თავს შეუძლოდ გრძნობს და მოსამართლე დაახლოებით 15 წუთი თავჩაღუნული გამწარებული ეძებდა კოდექსში მუხლს და ცდილობდა ყველანაირად, რომ როგორმე დაენიშნა სახაზინო ადვოკატი ოქრუაშვილისთვის. მათ დავალება აქვთ მიღებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ ყველა საქმის განხილვა, განსაკუთრებით, ოქრუაშვილის და სანამ არჩევნები დაინიშნება, მას განაჩენი გამოუტანონ და საბოლოოდ პატიმრობა მიუსაჯონ.
ეს ცირკი ძალიან მალე უნდა დასრულდეს და დასრულდება არჩევნების გზით.
– “ქართული ოცნების” ლიდერები ყოველდღე ახალ-ახალ ლობისტებს ქირაობენ და ამაში დიდძალ ფულს ხარჯავენ. უშველით ლობისტური კომპანიები?
– მიცვალებულს რომ ბალზამი შველოდეს, დღეს ყველა ცოცხალი იქნებოდა. არ მგონია, პრაქტიკულად გარდაცვლილ პოლიტიკურ ძალას, “ქართულ ოცნებას”, რომელიმე ლობისტურმა კომპანიამ უშველოს. ან როგორ უნდა უშველონ მათ?! რა უნდა დაწერონ? რას აკეთებენ მოსაწონს? ან ისეთს, რაც დასავლეთისთვის მისაღებია?! რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი?!
იჭერენ პოლიტიკურ ოპონენტებს გამოგონილი ბრალდებებით, არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს, იჭერენ ასობით ადამიანს. მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადყოფს იმას, რომ საქართველო მიემართება რუსეთისაკენ.
ის, რაც ხდება რუსეთში, ერთი ერთში ხდება ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, ყველა დავალებას იქიდან იღებს ივანიშვილი.
ჩვენ არ ვიქნებით რუსეთის გუბერნია და საქართველო გააგრძელებს დასავლური ცივილიზაციისკენ სვლას.