“ირანიდან საქართველოში 300 ტრაილერი მოდის” – რას ურჩევს მირიან მირიანაშვილი ხელისუფლებას

“ირანიდან საქართველოში 300 ტრაილერი მოდის” - რას ურჩევს  მირიან მირიანაშვილი ხელისუფლებასმარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
რატომ ინერგება დეზინფორმაცია, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს? რა ახალი რისკების წინაშე დგას ქვეყანა? რატომ არის კორონავირუსი მძლავრი იარაღი საქართველოს არაკეთილმოსურნეებისათვის? ვინ არის დაინტერესებული იმით, რომ საქართველოსა ირანს შორის არ დაიკეტოს სახმელეთო ურთიერთობა? ამ საკითხებზე “ახალი თაობა” ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, “საქართველოს გადარჩენის მოძრაობის” ლიდერ მირიან მირიანაშვილს.
– დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე, როცა ხელისუფლება და ოპოზიციური ერთობა ვერ შეთანხმებულან საარჩევნო საკითხზე და ურთიერთბრალდებებია, საზოგადოებას უკვე ერთი კვირაა, შთააგონებენ, რომ ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა მოითხოვეს ნაციონალური მოძრაობის შენარჩუნება. ირაკლი კობახიძის სიტყვებით, დასავლელმა მეგობრებმა იციან ნაცმოძრაობის მძიმე წარსული, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი შენარჩუნებისკენ მაინც მოგვიწოდებენ.
– ეს არის სიცრუე. დასავლეთიდან ნაცმოძრაობის გადარჩენის არანაირი მითითება არ მოდის. ეს ისეთივე ზღაპარია, როგორც ის, რომ ამერიკელებს ივანიშვილის პრემიერად დაბრუნების ამოცანა აქვთ, ან ის, რომ ისინი ბოკერიას ჯგუფის ხელისუფლებაში მოსასვლელად იღწვიან, ან სააკაშვილს უჭერენ მხარს. რამდენიმე წლის წინ ამჟამად გადაყენებული სურკოვის მიერ მოფიქრებული კოაბიტაციაც დასავლეთს დააბრალეს. ეს მორიგი აბსურდი ასევე რუსი პოლიტტექნოლოგების შემოგდებულია. ქართველი პოლიტიკოსები კიდევ ერთ რუსულ აბდაუბდას უკეთებენ ტირაჟირებას და ხალხს გზა-კვალს ურევენ.
– ამ მომენტისთვის რუსები ნაცმოძრაობაზე არიან ფოკუსირებული?
– რუსების გეგმები მათი ჩაფლავების კვალობაზე იცვლება. ამჟამინდელი სქემით, ნაციონალური მოძრაობა უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში. რუსები ნაციონალების პარლამენტში შეყვანაზე მუშაობენ. ამის გამო იგონებენ ზღაპრებს. მარტო ეგ პრობლემა არ გვიდგას. საქართველო უარესი ხიფათის წინაშე დადგა. ახალი კორონავირუსი შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ იარაღად იქცეს.
– ირანიდან კორონავირუსის გავრცელების საშიშროებაა?
– ცხადია. შეშფოთებას სერიოზული საფუძველი აქვს. ვინ იფიქრებდა, რომ ვირუსი იტალიამდე ჩააღწევდა?! როცა კერა ძირითადად ჩინეთში გაღვივდა, ევროპის ქვეყნები არხეინად იყვნენ. იტალია ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ ვირუსისგან ხალხი დაეხოცებოდა და სკოლებში კარანტინი გამოცხადდებოდა! ჩვენ ევროპაზე ბევრად უარეს მდგომარეობაში ვიმყოფებით. გარდა იმისა, რომ ირანი მეზობლადაა, თვითონ რეგიონია ფეთქებადსაშიში.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ცხელი წერტილია. აქ ადვილია დივერსიების მოწყობა. საქართველოს მტრები არ აკლია. კორონავირუსი შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი დივერსიისთვის. ღმერთმა დაგვიფაროს. საქართველო პატარა ქვეყანაა და დაავადების დაფიქსირების შემთხვევაში მთელ ტერიტორიაზე უნდა გამოვაცხადოთ კარანტინი. ეს ისედაც არამდგრად ქვეყანას პოლიტიკურად და ეკონომიკურად ჩამოშლის.
ირანის მიერ გამოცხადებული ციფრები ზუსტი ვერ იქნება. რეალობა უფრო მძიმეა. ირანში ვსაქმიანობდი. შევსწრებივარ ქოლერის ეპიდემიას და მოვხვედრილვარ კარანტინში. მაშინდელი გამოცხადებული სტატისტიკა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ნამდვილი სურათის დასანახად გამოქვეყნებული მონაცემები რამდენჯერმე უნდა გადაგემრავლებინა.
ახლაც არ გვეუბნებიან სიმართლეს. რეალობა მძიმეა. ჭორები ირანში კორონავირუსის შესახებ ერთი თვეა, მესმის. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ჭორები მართალი ყოფილა. ამ დღეებში ირანში არჩევნები გაიმართა და სიმართლე მხოლოდ არჩევნების შემდეგ გამოამზეურეს. ირანის ხელისუფლებას ეშინოდა, რომ ხალხი არჩევნებზე არ მივიდოდა და მალავდა კორონავირუსის კერის ამბავს.
არსებული ინფორმაციით, ადამიანები უკვე ერიდებიან თეირანის მეტროში ჩასვლას. ზოგიერთ სკოლაში გამოცხადებულია კარანტინი. არ არის გამორიცხული საბაჟოს დაკეტვა ბენდერ-აბასში. ჩვენთანაც სასწარაფოდ მისაღებია ზომები.
– კერძოდ?
– ირანთან საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა გვაქვს. ვიღაცას ჰგონია, რომ საავიაციო ურთიერთობის შეზღუდვით პრობლემას მოაგვარებს. ეს ასე არაა. ირანთან ინტენსიური სახმელეთო ურთიერთობაა. აეროპორტებში სკრინინგი ხდება, ხმელეთზე კი არავინ არაფერს აკონტროლებს. საქართველო-ირანის სახმელეთო ტრაფიკს იყენებს ბიზნესი. კონკრეტულად, სამშენებლო. ირანიდან შემოდის მასალები. ეს ხდება რუსეთის მონაწილეობით. აღმოსავლეთ საქართველოში სამშენებლო ბიზნესი ირანულ-რუსულია, დასავლეთში – თურქულ-რუსული.
– ნათქვამი გაქვთ, რომ რუსეთს ირანთან და თურქეთთან საქართველოს თაობაზე გაფრომებული აქვს ფარული ხელშეკრულებები.
– დიახ. საქართველოსა და ირანს შორის სახმელეთო მოძრაობითა და ერთობლივი ბიზნესით ხეირობს რუსეთიც. რუსეთი ვერ იქნება დაინტერესებული ამ გზის გადაკეტვით. საქართველოს ხელისუფლება ვერ აცნობიერებს პრობლემის მასშტაბურობას.
ირანი-საქართველოს ტრაფიკის ტრასაზე უკვე გამოსულია 200 თუ 300 ტრაილერი. დანარჩენები სადაცაა, ასევე დაიძვრებიან საქართველოსკენ. ამ უკანასკნელების ტვირთების ფული გადახდილია. ტრაილერების მძღოლებს არავინ ამოწმებს. არადა, მათ ექნებათ კონტაქტები სხვადასხვა ადამიანთან.
ხელისუფლება გონზე უნდა მოვიდეს და ვიღაცის ბიზნესინტერესებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე არ ანაცვალოს!