კახა კოჟორიძე – “ივანიშვილს ხაზარაძის და ჯაფარიძის დაპატიმრება უნდა”

კახა კოჟორიძე - “ივანიშვილს ხაზარაძის და ჯაფარიძის დაპატიმრება უნდა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო კახა, როდესაც ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოითქვა, ხელისუფლებამ თქვა, არასამთავრობოებს უკეთესი კანდიდატი წარმოედგინა, იქნებ მას გაემარჯვაო. რას უპასუხებთ?
– ძალიან საინტერესო არგუმენტია პატივცემული ხელისუფლების მხრიდან. 2-3 წლის წინ დაახლოებით იგივე მითხრა ლევან მურუსიძემ, თქვენ არ ღებულობთ მოსამართლეთა კონკურსში მონაწილეობას და აბა, როგორ გინდათო. ახლა ამ გახმაურებულ კონკურსში ძალიან ბევრმა პატივსაცემმა იურისტმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ყველამ ნახა ის ცნობილი სია, რომელიც გავიდა.
რეალურად არანაირი შანსი დამოუკიდებელ იურისტს ამ სისტემაში არ გააჩნია. ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” მასზე დამოკიდებული მართლმსაჯულების სისტემა უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ეს პრეტენზია ვირეშმაკობაა ხელისუფლების მხრიდან. ეს კონკურსები რომ ბლეფია, ყველამ კარგად იცის.
მოსამართლეთა კონკურსის დროს შალვა თადუმაძის გვარი გაჟღერდა თუ არა, ყველამ კარგად იცოდა, რომ ის აუცილებლად გახდებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რა კითხვაც უნდა გაჩენილიყო მის დიპლომთან დაკავშირებით.
ეს კონკურსები აბსოლუტური ფორმალობაა, ეს არის დემოკრატიობანას თამაში. ვნახეთ, ვითომ დალუქული ყუთიდან როგორ ამოიღეს დალუქული კონვერტები, ეს იყო სრული სპექტაკლი. ივანიშვილს უყვარს სპექტაკლები. ამასწინათ ხომ დადგა კიდევ ერთი სპექტაკლი დაჩი ბერაიასა და დიმიტრი ხუნდაძის მონაწილეობით, თუ როგორ აუმხედრდნენ ისინი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.
ვითომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაგრამ რეალურად ამ მოდელში არანაირი დემოკრატია არ არსებობს. ეს არის ერთი კაცის მმართველობა.
– რის გამო შეიძლება ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, დაამუხრუჭოს?
– ამ სისტემაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, ბოტასების ქურდს აქვს შესაძლებლობა, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი გახდეს. ასევე, შესაძლებლობა აქვს ადამიანს, რომელსაც შეიძლება დიპლომი არ ჰქონდეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდეს. შეიძლება ადამიანი პლაგიატში იყოს დადანაშაულებული, მაგრამ უნივერსიტეტის რექტორი გახდეს. ასეთია ეს მახინჯი სისტემა.
ასევე ეს სისტემა იტანს მინისტრს, რომელსაც შინ და გარეთ ყველა ერთნაირად აკრიტიკებს, მაგრამ შეიძლება ეს მინისტრი შეუცვლელი იყოს.
– წულუკიანმა ამასწინათ თქვა, რომ შეიძლება შეიცვალოს კიდეც.
– თამაშიდან კი არ გადის, თქვა, საარჩევნო კამპანიაში ჩავერთვები აქტიურადო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გაგვიხარდა, რადგან წულუკიანი “ქართული ოცნების” ლუსტრირებას კარგად მოახდენს. წულუკიანს არანაირი ავტორიტეტი არ აქვს, ერთადერთი, რაც აქვს, ეს ბოღმაა. ჭკვიანი ქალია, მაგრამ სახელმწიფოს არ ხმარდება მისი ჭკუა.
– რთული წინასაარჩევნო კამპანიის მოლოდინში ხართ?
– დიახ, სამწუხაროდ, ყველაფერი სწორედ ამაზე მეტყველებს. ის ფორსირებული სასამართლო პროცესები ხაზარაძე-ჯაფარიძის იქითკენ მიჰყავს ივანიშვილს, რომ, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება.
ეს მას ძალიან ძვირად დაუჯდება. ეს ადამიანები მზად არიან, რომ ბოლომდე იბრძოლონ. ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის მოტივაცია გახდება. უფრო მეტს გავაკეთებთ, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან დაკავშირებითაც.
“ქართულ ოცნებას” დღეს აწყობს, საუბარი იყოს არა სოციალურ პრობლემატიკაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ეკონომიკის აღორძინებაზე, გაჭირვების დაძლევაზე, პენსიების გაზრდაზე და ა.შ. არამედ გადაგდებაზე, დაკავებებზე, აქციებზე, ვიღაცამ ვიღაცას როგორ ცემა.
ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაახსენდა “ქართულ ოცნებას”, რომ ქვეყანაში სიღარიბეა, ბავშვები შიმშილობენ. ზოგიერთ მათ წარმომადგენელს მერეც არ გაახსენდა, დეპუტატი არველაძე ვერ იჯერებს, რომ ბავშვები შიმშილობენ.
კვირიკაშვილი რომ გადააყენეს ვითომ იუნისეფის კვლევის შემდეგ, რომელმაც ბავშვების შიმშილობაზე დასკვნა დადო, რა გააკეთა ამის გამოსასწორებლად ხელისუფლებამ?! არაფერი არ გაუკეთებიათ, არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ და დღეს უკვირთ კიდეც, როგორ შიათ ბავშვებსო!
რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა ამ ქვეყნას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, პირიქით.