კახა კუკავა – “მთავარმა არხმა ივანიშვილის დავალება შეასრულა”

კახა კუკავა - “მთავარმა არხმა ივანიშვილის დავალება შეასრულა”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს
– ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც კალაძემ ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები დააანონსა, მასთან პირისპირ შეხვედრაზე მხოლოდ ორი ოპოზიციური პარტია მივიდა, თქვენ და გირჩი. რაზე ისაუბრეთ ამ შეხვედრაზე?
– კალაძეს მართლა არ შევხვედრივარ. ბოლოს ვნახე შარშან გამსახურდიას იუბილეზე, მარჯანიშვილის თეატრში. მას შემდეგ საერთოდ არ მინახავს.
– “ოცნების” სხვა ლიდერებიდან შეხვდით ვინმეს?
– არა. შეხვედრები იმართება იმ ხუთეულთან, რომელიც არის ოპოზიციური დელეგაცია, რაღაც არაფორმალურ გარემოში, ამერიკის საელჩოში, საუზმეზე, ვახშამზე და ასე შემდეგ.
– კახა კუკავა და გირჩი შეხვდნენ კალაძესო. ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მითხრა.
– კი, გირჩი ნამდვილად შეხვდა. ჩვენ არ შევხვედრივართ, თუმცა არსებობს არაფორმალური კომუნიკაციის უამრავი ფორმა და ამას ოფიციალური შეხვედრები არ სჭირდება. ამისთვის არსებობს ტელეფონი, ვოტსაფი და ასე შემდეგ…
– ანუ ხდება ეს შეხვედრები ფარულად და ამას არ ასაჯაროებენ?
– შეხვედრა რომ იყო ამერიკის საელჩოში, ეს ითქვა და დადასტურდა, უბრალოდ, ოფიციალურ სახეს არ აძლევენ. ხვდებიან და ამას სხვადასხვა სახელს არქმევენ. არის ასეთი ფორმა, მაგალითად, ამერიკის ელჩთან საუზმე…
– რა დათმობაზე უნდა წამოვიდეს ხელისუფლება?
– ხელისუფლება თუ ყველა მაჟორიტარს მოიგებს, არ უნდა შეეძლოს ერთპარტიული მთავრობის შექმნა, თუ ვერ აიღებს ხმების 40%-ს მაინც. ეს არის მთელ მსოფლიოში აპრობირებული წესი. ელემენტარული მათემატიკა გვკარნახობს იმას, რომ იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მიიღოს 40% და ყველა მაჟორიტარი, უნდა იყოს 120/30-ზე დაახლოებით. ანუ 120/30-ზე ნიშნავს იმას, რომ თუ მთავრობა მოიგებს ხმების 40%-ს და მოიგებს 30 მაჟორიტარს, ის შექმნის უმრავლესობას. ხოლო თუ მთავრობა ხმების 40%-ს ვერ აიღებს და აიღებს 35%-ს, მას საარჩევნო სისტემა არ უნდა აძლევდეს მთავრობის შექმნის საშუალებას. უნდა წავიდეს ან კოალიციაში, ან შექმნას კოალიცია.
– მაჟორიტარები ახსენეთ და ოპოზიციური პარტიების კანდიდატების დასახელებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია,. ამაზე რას იტყვით?
– მე მქონდა საუბარი რამდენიმე პარტიის ლიდერთან პრინციპის დონეზე და მე ვაცხადებ, რომ ჩვენ ამ პრინციპს მივესალმებით, რომ მაჟორიტარმა ოპოზიციონერმა კანდიდატებმა ერთმანეთს ხმები არ წაართვან. რაც შეეხება გვარებს, გვარებზე არანაირი შეთანხმება არ ყოფილა ოპოზიციის შიგნით და ის ინფორმაცია, რაც გაავრცელა მთავარმა არხმა, იყო პროვოკაცია!
– რაში ჭირდებოდათ ეს პროვოკაცია?
– რაც გააკეთა მთავარმა არხმა, ეს იყო პირდაპირ ივანიშვილის დავალების შესრულება! ეს არის ამ საერთო იდეის დისკრედიტაცია! დღეს სამთავრობო პროპაგანდის მთავარი ხაზი არის ის, რომ წარმოაჩინონ, რომ მთელი ოპოზიცია იგივე ნაციონალური მოძრაობაა. გვარამიას არხიც აკეთებს ზუსტად იგივეს. დასკვნები გააკეთოს საზოგადოებამ.
– უკვე არაერთხელ ითქვა, რომ გვარამია ივანიშვილს თამაშს თამაშობს. ასეა?
– მე რაც არ ვიცი, ჭორაობას ვერ დავიწყებ, მაგრამ გვარამია და პოსტივი დღეს მუშაობენ ერთი და იგივე პროპაგანდისტულ თემაზე, რომ წარმოაჩინონ – ოპოზიცია უდრის ნაციონალურ მოძრაობას.
ეს არ არის მარტო მედიის ხარჯზე. ეს შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ეს უკვე ვიცი, რომ სხედან მთავრობის პიარშიკები – ლაშა ნაცვლიშვილი, ნიკა ლალიაშვილი, კოკა ყანდიაშვილი, შალვა რამიშვილი, ერთადერთი პიარი, მათ რაც აქვთ და რაც მუშაობს, არის ის, რომ ჩვენ თუ არ ვიქნებით, ნაცები მოვლენ. ამიტომ მათი მთავარი სტრატეგიაა ის, რომ მოხარშონ ოპოზიცია ერთ ქვაბში და თქვან, რომ ეს ყველა ერთად არიან ნაცები.
გადახედეთ მთავარის საინფორმაციო გამოშვებებს, ამით იწყება და ამით მთავრდება, რომ ლეიბორისტების ოფისში ვინც მიდის, ყველა არის ნაცი.
რაც გააკეთა მთავარმა არხმა, ეს არის სამთავრობო პროპაგანდა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ მთავარი არხის პროვოკაციაა და ამაში რომელიმე სხვა არხი არ მონაწილეობს.
ჯერ მაჟორიტარებზე საუბარი ადრეა, ჯერ უნდა შევცვალოთ საარჩევნო სისტემა!