ლადო სადღობელაშვილი – “სააკაშვილი ოპოზიციის დიდ ნაწილს თავის მხარეზე გადაიყვანს”

ლადო სადღობელაშვილი - “სააკაშვილი ოპოზიციის დიდ ნაწილს თავის მხარეზე გადაიყვანს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. ინტერვიუ გიგი უგულავას დაპატიმრებამდეა ჩაწერილი.
– ლადო, მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ დიდი დაბნეულობა გამოიწვია ოპოზიციის შიგნით. ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ 1 მარტიდან საარჩევნო შტაბს ხსნის. რა ხდება, ემიჯნება დანარჩენ ოპოზიციას, თუ სერიოზულ კონკურენტს ხედავს ბოკერიაში? როგორ გაიგეთ მისი განცხადება?
– ამდენი წელია, სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება. ის რაღაც მითიურ გმირად ევლინება თავის თანაპარტიელებს. გამოანათებს ტელეეკრანებზე, ან ჩაწერს რაღაც ლაივ-ვიდეოს და ამის მერე იწყება მითქმა-მოთქმა, იმედები, აი, მე ჩამოვალ, გადმოვფრინდები, გადმოვცურავ, გვირაბს გავთხრი და ასე შემდეგ.
ამ წლების განმავლობაში ზოგი წავიდა, ზოგი მოვიდა, ვიღაცა გაძლიერდა, ამ ვიღაცამ მიიყვანა თავისიანები და გააძლიერა თავისი ფლანგი პარტიაში.
– სააკაშვილი ფიქრობს, რომ სადავეებს კარგავს?
– აქ მარტო შიდაპარტიულ სადავეობაზე აღარ არის საქმე. ეს უკვე მეორე ფლანგზეა გადასული. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ძალიან საინტერესო პროცესს – ბოკერიას ირგვლივ ერთიანდება ძალიან ბევრი პარტია.
ბოკერიამ ისიც კი არ იუკადრისა, რომ პრორუსულად ორიენტირებული პარტიები დაეყენებინა გვერდით. ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში აღიქმებოდა მთავარ ოპოზიციურ პარტიად და მას ახლა ეს ხელიდან ეცლება. მის ადგილს იკავებს ბოკერია.
სწორედ ამაზეა ორიენტირებული სააკაშვილი, რომ პარტიები, რომლებიც სხედან შალვა ნათელაშვილის ოფისში და ბჭობენ საარჩევნო გარემოზე, რამენაირად დაიქვემდებაროს.
– ანუ ხედავს, რომ მათზე გავლენა არა აქვს?
– დიახ, ზუსტად ასეა საქმე. მას გავლენა აქვს დაკარგული. რადგან ბოკერიას გარშემო ერთიანდებიან ეს პარტიები და ბოკერიაა მათ შორის ლიდერი, რადგან ყველაზე ძლიერი პარტია მისია. ზუსტად ეს არ მოსწონს სააკაშვილს, რომ არის იმის ალბათობა, 2020-ის არჩევნებზე სწორედ ბოკერიამ ჩაანაცვლოს ნაციონალური მოძრაობა და ამოაგდოს იმ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსიდან.
ამიტომ სააკაშვილმა ძალიან ჭკვიანურად გააკეთა ყველაფერი.
– ის, რასაც სააკაშვილი აკეთებს, გამოიწვევს ოპოზიციის რღვევას?
– რა თქმა უნდა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ დღეს ოპოზიცია ერთიანია.
– თუმცა ფასადი ასეთია, რომ ის კონკრეტული საკითხის ირგვლივ გაერთიანდა.
– კი, ასეა. თუმცა რა უნდა შემოგვთავაზოს სააკაშვილმა? როცა ბოკერია და დანარჩენი ოპოზიცია, ასე თუ ისე, ხელისუფლების კანონის ფარგლებში მოთოკვას ცდილობენ, სააკაშვილმა რა უნდა შესთავაზოს მათ? სააკაშვილმა უნდა შესთავაზოს რაღაც რევოლუციური გზა.
ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში ბევრი სააკაშვილის მხარეს გადავა. ჩატოვებული არიან იქ პატარ-პატარა პარტიები, ვინც გაემიჯნება ბოკერიას. მითუმეტეს, რომ ახლა გაჩნდა ასეთი მესიჯი ხელისუფლებისგან, რომ ჩვენი საბოლოო შემოთავაზება ასეთია – 100/50-ზე.
ამ შეთავაზებაზე ბოკერია, ბურჯანაძე და უსუფაშვილი აცხადებდნენ, ამ პირობაზე არ ვართ თანახმაო. სააკაშვილმა ძალიან კარგად წაიკითხა ხელისუფლების ეს მესიჯი და დაიწყო დამოუკიდებელი ვაჭრული თამაში ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ მისმა პარტიამ, მისმა კონკრეტულმა გუნდმა არ დაკარგოს აქტუალურობა.
სადღაც შეიძლება ჩამოყალიბდეს გუნდი და თანხმობა განაცხადოს ხელისუფლების იმ შემოთავაზებაზე – 100/50-ზე.
– შესაძლოა, რომ სულაც მიშამ ითამაშოს ბიძინას თამაში?
– შესაძლოა?! აქ კითხვის ნიშანს რატომ სვამთ, ვერ ვხვდები! მე აქ პირდაპირ ძახილის ნიშანს ვსვამ და ვიძახი, რომ სააკაშვილი 2013 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, თამაშობს “ქართული ოცნების”, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილის თამაშს. ყოველი მისი გამოჩენა წინასაარჩევნოდ, მისი მესიჯები, რომ ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ ასე ვიზამთ აძლიერებს “ქართულ ოცნებას”!
ამ თამაშს თავის დროზე ჩამოსცილდა ბატონი ბოკერია. მან შემოიერთა ეს გუნდი და თითქოს უგულვებელყო სააკაშვილი, სულ არ მაინტერესებს მიშა, აქ მე ვარ პირადადო. ბოკერიამ სააკაშვილის ოდიოზურობა “ქართულ ოცნებას” და მის რეიტინგებს მოაშორა.
და ახლა რა ხდება?! სააკაშვილი ისევ ბრუნდება და ცდილობს, ისევ დაატრიალოს ოპოზიცია თავის ფირფიტაზე, რომ კვლავ ის იყოს პირველი, მან აწარმოოს ბიძინა ივანიშვილის შიკრიკებთან ფარული შეხვედრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე ხდებოდა და ხდება დღემდე.
სააკაშვილი ოპოზიციის მოტრიალებას შეეცდება.
– მოატრიალებს?
– შესაძლოა მთლიანად ვერ მოატრიალოს, მაგრამ დიდ წილს მოატრიალებს თავისკენ. ბოკერია რომ იყოს ლიდერი, ასე ვერ იქნება, ეს ვერ გადახარშა სააკაშვილმა. ის შემოიკრებს დიდ ნაწილს ოპოზიციისას და დაიწყებს ვაჭრობას ხელისუფლებასთან – ან იყოს ასე, ან მე წავალ რევოლუციური გზით.
აი, ამაშია საქმე.
რა თქმა უნდა, ხელისუფლება ბოკერიას დაკრულზე არ გაივლის და მოუწევს მას ისევ სააკაშვილთან შეკვრა, რადგან ხელისუფლებას ურჩევნია, 50/100-ზე იყოს და შეინარჩუნოს უმრავლესობა პარლამენტში, ვიდრე გაიაროს ბოკერიას დაკრულზე, სადაც პროპორციულ არჩევნებზე და გერმანულ მოდელზეა საუბარი და, შესაბამისად, დაკარგოს სადავეები.
– ბოკერია სერიოზულად არ უყურებს სააკაშვილის განცხადებებს, საერთოდ არ ვიცი, რა შტაბზეა საუბარი, სააკაშვილის საქმეა, რაც უნდა, ის ქნას, პარტიებს შორის შეთანხმება ლეიბორისტების ოფისში ხდებაო. არ ელოდა ამას ბოკერია?
– ბოკერიასთვის ეს ყველაფერი დიდი შოკია. დღეს სააკაშვილი აშანტაჟებს ოპოზიციას, რომ გამოაცლის ფრთას, რომელიც ოპოზიციისთვის ძლიერი დასაყრდენია და ისე დატოვებს. მთლიანი ოპოზიციის შანტაჟზე მიდის, რომ მე თქვენ დაგირღვევთ ამ ერთობას. ანუ ან მე ან ბოკერია, აი, ამას იძახის მიშა. ბოკერიამ ეს ყველაფერი მარტო სააკაშვილის გამო კი არ დაიწყო, ბოკერიას კიდევ სხვა საფრთხე აქვს.
– რა საფრთხე?
– მისი საფრთხეა ლელო, რომელიც ხელისუფლებასთან ძალიან კარგ ურთიერთობაშია. ბოკერიას ადრე თუ ინაშვილი ჰყავდა კონკურენტად, ახლა ორივეს ერთად ყველაზე დიდი კონკურენტი უჩნდება, ლელო.
ლელოს აქვს იმის შანსი, რომ ორივე მოაშოროს პარლამენტიდან. ამის შანსები მაღალია. ლელო თვიდან თვემდე ძლირდება. ის გაერთიანებული ოპოზიციის შიდა გაერთიანებაა.
– ანუ ბიძინა ივანიშვილმა თავისი თამაში წამოიწყო ოპოზიციის შიგნით?
– როგორც ჩანს, მას კარგი მრჩეველი ჰყავს. მან ძალიან ჩახლართა სიტუაცია ოპოზიციაში. ამას კი მხოლოდ იმისთვის აკეთებს, რომ თავისი სარგებელი ნახოს. აქ რაიმე სხვა ღირებულებებზე საუბარი არ არის, მხოლოდ მის პირად სარგებელზე!
გამოდის თალაკვაძე და თეთრი სახლის ფონზე აცხადებს, ამერიკელები ჩვენს მხარეს არიანო და იქიდან სთავაზობს ოპოზიციას, 50/100-ზეო. ამაზე ქვემოთ არ დავლენ. ბოკერია ამას არ თანხმდება, თუ დათანხმდა, ეს ნიშნავს, რომ ეს თამაში რეალურად წააგო.
მაგრამ უეცრად ამ ერთიანობიდან ჩნდება რაღაც ახალი ჯგუფი, რომელიც დიდი შანსია, რომ დათანხმდეს ხელისუფლების თამაშს. მე თუ მკითხავთ, ბოკერიას პოლიტიკურად სული ამოხდება! არც ის არის გამორიცხული რომ ახლა ჩანაწერებიც გავრცელდეს, რომ სააკაშვილი ამას აპირებს. სააკაშვილი და ბიძამისი ლაპარაკობენ ნიუ-იორკში და ხდება ჩაწერა ამ საუბრის. ან ერთი იწერს და ან მეორე იწერს! ან ერთი აწვდის მერე ხელისუფლებას, ან მეორე! რომ მერე ხელისუფლებამ გამოააშკარავოს.
– ანუ ესეც შეთანხმებით ხდება?
– დიახ, შეთანხმებით. აბა ამერიკაში სხვა ვინ ჩაიწერს მათ საუბარს?!
კვირიკაშვილის დროს თუ იყო ხელისუფლებასთან ძალიან ჩახუტებული ბოკერია, ახლა ისეთი სურათი იხატება, რომ სააკაშვილი უფრო დაალაგებს ხელისუფლებასთან. მით უფრო, რომ ეს გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები, ბოკერიას სახით, არ ცდება 15%-ს. იქ ნაციონალური მოძრაობა იყო ყველაზე დიდი სიმძიმის ცენტრი, თუ გამოეცლებათ, ცუდად იქნება მათი საქმე. მარტო ნაცებს, ცალკე აღებულს, აქვთ 15% და ამათ ყველას ერთად თუ ექნებათ მაგდენი.
მიშაც ფიქრობს, თავისი სიძლიერე რატომ უნდა დაუთმოს იმ ადამიანს, რომელმაც პირველივე მამლის ყივილზე გაყიდა. ვგულისხმობ ბოკერიას.
– ანუ დიდი ამბები იწყება ოპოზიციაშიც?
– ახლა იწყება, რაც იწყება. მით უმეტეს გავარდა ხმები, რომ ბიძინა ივანიშვილი კვლავ მილიონების დარიგებას იწყებს და ხელისუფლების კვლავ ფულით შენარჩუნებასო, ბევრი გაიყიდება მის ფულზე!
მე ადრეც ვიძახდი და განვმეორდები, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი დღემდე ცოცხლობენ სააკაშვილით და ნიკა გვარამიას განცხადებებით. ეს ცხადზე უცხადესია! ვის წინააღმდეგ მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი?! მიშას და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ. ანუ შავი მხარე თუ არის ნაცმოძრაობა, თეთრი მხარე არის “ქართული ოცნება”. თუ ნაციონალური მოძრაობა გაქრა და სააკაშვილი გაქრა, გაქრება “ქართული ოცნებაც”, აღარ იქნება მისი პოლიტიკური საჭიროება.
ჩვენ თუ არ ვიქნებით, მოვა სააკაშვილი! – ეს რომ იძახონ, ამისთვის უნდა არსებობდეს სააკაშვილი. ეს ერთი ჯოხის ორი ბოლოა! ეს ჩვეულებრივი ამბავია.
– ამ ფონზე ხელისუფლების შიგნით რა პროცესები მიმდინარეობს?
– შეერთებული შტატებიდან ძალიან მკაფიო მესიჯები მოვიდა, მათ პირდაპირ უთხრეს წერილებში და იქ ჩასულებსაც, ეს ჩემთვის კულუარულად ცნობილი გახდა, რომ ისინი ბიძინას ეუბნებიან, შენ რომ მიგზავნი აქ ვიღაცა სპიკერს და პრემიერს, მე ამათი აღარ მჯერა. კეთილი ინებე და შენ თვითონ დაგვპირდი იმას, რომ ეს ასე იქნება.
– ამერიკის ელჩის სტუმრობა ივანიშვილთან ამას ნიშნავდა, რომ პირველ პირად სწორედ მას აღიარებენ?
– რა თქმა უნდა! ეს მესიჯი მივიდა ბიძინასთან, არ კმარა, რომ ის მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეა.
– ანუ თავად ივანიშვილს სთხოვენ, რომ გახდეს პრემიერი?
– დიახ, მისგან ითხოვენ პრემიერობას. თუმცა ივანიშვილს ღარიბაშვილი სურს პრემიერად. უკვე 5 თვეა, რაც ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრია და ამ თვეების განმავლობაში ის არ ერთვება არანაირ პოლიტიკურ ბატალიებში. საერთოდ არ აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. მისი შემზადება ხდება პრემიერობისთვის თუ არა, ვიცე-პრემიერობისთვის მაინც.
თუ ბიძინას ძალიან მიაწვნენ ამერიკელები და ის მოვიდა პრემიერად, ღარიბაშვილი ვიცე-პრემიერი გახდება, ხოლო თუ მან შეძლო ამერიკელების დარწმუნება და თავის დაძვრენა, მაშინ პრემიერი ღარიბაშვილი ხდება. მას ამზადებს ამისთვის.
ღარიბაშვილს ძალიან მაღალი დონის შეხვედრები აქვს დასავლეთში, ასეთი არც ერთი მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრსაც არ ჰქონია. ცხადია, რომ ეს ადამაინი რაღაცა დიდისთვის ემზადება. შეიძლება ითქვას, რომ ბატონი გახარიას დრო უკანა მიმართულებით მიდის და მისი წუთები დათვლილია.
ივანიშვილს არ აწყობს გახარიას დიდი ხნით დატოვება ამ თანამდებობაზე, რადგან მასზე სულ უარყოფითი მესიჯები მოდის.
დღეს ამერიკა პირველ პირად ივანიშვილს ითხოვს.