ლაშა ჩხარტიშვილი – “რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა”

ლაშა ჩხარტიშვილი - “რევოლუცია ჩვენ კი არა, “ოცნებას” უნდა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ თვის ბოლომდე უნდა თქვას პასუხი, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებები მერე ვეღარ მოესწრება. 100-50-ზე ბოლო შეთავაზებაა. რას უპასუხებთ?
– ვპასუხობ: პოლიტიკაში მათთვის ნამდვილად ბოლო წელი არის. 100-50-ზე ეს მათი შემოთავაზებაა, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება.  ჩვენს შეთავაზებას, ე.წ. გერმანული მოდელის ადაპტირებულ ვარიანტს, არავითარი საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება და მარტივი უმრავლესობით შეუძლიათ მიიღონ. აქედან გამომდინარე ხელისუფლება დემაგოგიაშია შესული. ის ახლა სპეკულაციებს ეწევა ყველა მიმართულებით. არავითარი მოლაპარაკება არ სურს, რადგან არ არის მზად პროპორციული არჩევნებისთვის. იციან, რომ ტოტალურად დამარცხდებიან და წააგებენ არჩევნებს. ამიტომ ატყუებენ მოქალაქეებს.
ჩვენი პირობა მოლაპარაკების დასაწყებად ასეთი: პოლიტპატიმრების განთავისუფლება და აგრესიის შეწყვეტა, რომელმაც აღვირახსნილი სახე მიიღო. კომკავშირელ ხუნვეიბინებს ოფისები, სახელი და გვარები ერევათ, არ იციან, რას ითხოვენ და რას აპროტესტებენ, მაგრამ მაინც აპროტესტებენ.
თუ რეპრესიები არ შეწყდება და პოლიტპატიმრებს არ გაანთავისუფლებენ, მაშინ მოლაპარაკებები აზრს კარგავს.
– მდინარაძე აცხადებს, რომ რევოლუციურია ოპოზიციის სცენარი. 
– რევოლუციური სცენარი თავად ხელისუფლებას აქვს. რევოლუციის იმიტირება თუ ვინმეს აწყობს, ეს პირველ რიგში ივანიშვილია და არა – ოპოზიცია. ოპოზიცია მზადაა, ნებისმიერი მოდელით წავიდეს არჩევნებზე. თუმცა, ვცდილობთ, არჩევნები სამართლიანი სისტემით ჩატარდეს და გვინდა, ეს ვაიძულოთ ხელისუფლებას, რადგან ეს მეტ გარანტიას იძლევა ივანიშვილის რეჟიმის დასრულების. მეორე, ვიბრძვით დავასრულოთ საერთოდ ერთპარტიული მმართველობა ქვეყანაში. ამიტომ, რევოლუციაზე ბოდვები და შეთქმულების თეორიები ახალი არ არის, ეს ყველა ავტორიტარ რეჟიმს ახასიათებს.
სააკაშვილს უყვარდა ამაზე საუბარი. შევარდნაძესაც, რომელმაც საბოლოო ჯამში იმდენი ქნა, რომ თავად მოიწყო რევოლუცია. სწორედ არჩევნების გაყალბებამ აიძულა საზოგადოება, რევოლუციურ რეჟიმში გადასულიყო.
რევოლუციები ყოველთვის ხელისუფლების დამსახურებაა. რევოლუციას ოპოზიცია კი არ იწვევს, ხელისუფლება იწვევს. ჩვენ არჩევნებზე მივდივართ, მაგრამ თუ “ოცნება” წიხლებით და ავტომატებით, მასობრივი გაყალბებით ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და ამ გზით შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, ამ შემთხვევაში მოქალაქეებს აქვთ უფლება, საკუთარი არჩევანი დაიცვან. ჯერ ჩვენ მხოლოდ არჩევნების მოგებაზე ვფიქრობთ.
– 4 აპრილის აქციის სამზადისი დაიწყო ოპოზიციამ. რამდენ კაცს გამოიყვანთ?  
– 4 აპრილს, 4 საათზე პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქციისთვის ვემზადებით. ყველა მოქალაქის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ბევრად უფრო უმტკივნეულო იყოს. საზოგადოებაზეა დამოკიდებული, რამდენი გამოვა. რაც უფრო მასშტაბური იქნება აქცია, მით უფრო უმტკივნეულოდ ჩაივლის ივანიშვილის რეჟიმის დემონატაჟი.
– რეგიონებიდან იქნება ხალხი?
– ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ოპოზიციის ლიდერები ჩავიდნენ რეგიონებში და ადგილზე შეძლონ ადამიანების ინფორმირება, ახსნა, რა მდგომარეობაც არის. საზოგადოებას უნდა ავუხსნათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პროპორციული არჩევნები, რომელიც არის დაბალანსებული ხელისუფლების საწინდარი.
ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ივანიშვილის წასასვლელად, არამედ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასოდეს იყოს ერთი პარტია და ერთი კაცი ყველაფერი. მე ვფიქრობ, ამას გაიგებს ხალხი.
– ვანო მერაბიშვილს მიიღებთ ლეიბორისტების ოფისში? ზოგადად მასზე რას იტყვით?   
– ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, ეს კარგი პრეცედენტია. ყველა მინისტრმა უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში ყველას მოეთხოვება პასუხი დანაშაულისთვის. ეს კარგად უნდა იცოდეს პატიმრობის კანდიდატმა გახარიამ. ცხადია, ამას კანონი იტყვის და არა სხვა ვინმე, როგორც ამას ვხედავთ.
ბევრი დაუსჯელი დარჩა, ბევრი დანაშაული გამოუძიებელი და გაუხსნელი დარჩა, ეს ფაქტია. სამართლიანობა რომ არ აღდგა, ეს ივანიშვილის კისერზეა. სტრასბურის სასამართლომ თქვა, გირგვლიანის მკვლელობის საქმის დაფარვაში, გამოძიებისთვის ხელის შეშლაში თანაბრად იყო დამნაშავე სასამართლო და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამ საქმეზე მურუსიძეც უნდა გასამართლებულიყო მერაბიშვილთან ერთად. მურუსიძე კი არ გასამართლდა, უვადო მოსამართლე გახდა.
წინა ხელისუფლების 80% ამ ხელისუფლებამ გადმოიბარა თავის დამნაშავე-დანაშაულიანად.