ლევან ჩაჩუა – “ივანიშვილის რეიტინგი ნულს მიუახლოვდა”

ლევან ჩაჩუა - “ივანიშვილის რეიტინგი ნულს მიუახლოვდა”მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას.
– ოპოზიციური სპექტრი მოზომილად და დიპლომატიურად გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ანონსს იმის შესახებ, რომ იგი მარტიდან დისტანციურად უფრო აქტიურად ერთვება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და თავის მიერ შექმნილ ბიბლიოთეკაში შტაბს ქმნის. ნაცმოძრაობის თავმჯდომარეობიდან მიდის გრიგოლ ვაშაძე. რა პროცესებია მიმდინარეობს?
– გრიგოლ ვაშაძე ნაცმოძრაობის ფიქტიური თავმჯდომარეა. ეგ ისეთივე თავმჯდომარეა, როგორებიც იყვნენ “ქართულ ოცნებაში” გიორგი კვირიკაშვილი და სხვები. ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი ლიდერი ყოველთვის სააკაშვილი იყო, “ქართული ოცნებისა” კი – ივანიშვილი.
ივანიშვილი ფორმალურად წასული იყო, მერე პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნდა. სააკაშვილი სხვანაირად ბრუნდება – შტაბს აწყობს. ცოტა ხანში, ივანიშვილს საარჩევნოდ გაუჭირდება და შეიძლება პრემიერადაც დაბრუნდეს.
გრიგოლ ვაშაძეს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, არც პარტიაში და არც საგარეო მინისტრობისას ხალხისთვის თავი არ დაუმახსოვრებია. საზოგადოება მას ყოველთვის იცნობდა ნინო ანანიაშვილის მეუღლედ. ბოლო ხანს გრიგოლ ვაშაძემ თავი გამოიჩინა თავისი ხულიგნური გამოხდომებით და უწმაწური გამონათქვამებით. ისე იქცეოდა, როგორც არ ეკადრება არავის. მით უფრო, იმ პარტიის ლიდერს, რომელიც მთავარ ოპოზიციად ითვლება. ნაციონალებს პარტიაში შიგნით დიდი უთანხმოება აქვთ.
– სააკაშვილი შტაბს თვითონ უხელმძღვანელებს. ეს რას მოიტანს?
– სააკაშვილის შორს ყოფნა აწყობთ როგორც ნაციონალებს, ისე “ოცნებას”. “ქართული ოცნებისთვის” სააკაშვილი ძველი საფრთხობელაა. ნაცმოძრაობის ელექტორატისთვის კი – იმედის მომტანი ზეპო. “დათა თუთაშხიას” პერსონაჟს, ჭაში მჯდარ ზეპოს, ხალხისთვის იმედი მოაქვს. ასეა სააკაშვილიც, რომელიც მომხრეებს ჩამოსვლას და ყველაფრის მოგვარებას ჰპირდება.
– ნაცმოძრაობიდან ამ დღეებში გამოვიდნენ ნინო კალანდაძე, ზაზა ბიბილაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და სხვები.
– ამით განსაკუთრებულად არაფერი შეიცვლება. შეიძლება ისინი “ქართულ ოცნებასთანაც” აღმოჩნდნენ. ცოტა ნაცი გახდა ქოცი? მით უმეტეს, ახლა, კოაბიტირებული გემი იძირება. ხალხი გარბის “ოცნებიდანაც” და ნაცმოძრაობიდანაც. არ არის გამორიცხული, გარიცხულები და გამოსულები ერთად დადგნენ.
– კერძოდ?
– ჩაძირული გემიდან მორბენალი ნაცები და ქოცები, ალბათ, საერთო გაერთიანებას შექმნიან. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს ისინი ვერ დააინტერესებენ. ხალხს უკვე ორივე ძალა და მათი ანასხლეტები ყელში ჰყავს ამოსული.
– სააკაშვილი მიიზიდავს ადამიანებს?
– სააკაშვილი ზენიტში რომ იყო, მაშინ წააგო პოლიტიკური ბრძოლა. ეს დანაშაულებრივი რეჟიმი იყო, მაგრამ მაინც ჰყავდა მხარდამჭერები. მას შემდეგ სააკაშვილი დღითიდღე კარგავს გავლენას და ავტორიტეტს. რამდენიმე კაცს თუ დაიყენებს გვერდით, ეგ იქნება.
საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის ძალას ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. 30-ზე მეტი პარტია რომ გაერთიანდა და დღემდე გაიძახიან, დიდი ძლიერი ერთობა ვართო. როგორ არიან ძლიერები, როცა ხალხი ვერ გამოიყვანეს!
– ამბობენ, რომ ხალხის სრული მობილიზაცია მათ გეგმებში არც შედიოდა.
– როგორ არ შედიოდა! ფულიც ბევრი იხარჯება ამ საპროტესტო აქციებზე. სასტვენები და სხვა ნივთებიც ფული ღირს. თითო პარტიას, კანონით, მინიმუმ, 1.000 წევრი უნდა ჰყავდეს. გამოჩნდა, რომ ამ ოპოზიციურ ერთობაში მყოფ პარტიებს წევრებიც არ ჰყავთ. თუ ივანიშვილმა ძალით არ გააცოცხლა, ეს პარტიები მკვდრები არიან.
სააკაშვილის გააქტიურებით და შტაბით მოხდება ამ ოპოზიციური ერთობის დასუსტება. ეს ოპოზიციური ერთობა ისედაც არ უქმნის პრობლემებს ივანიშვილს, თუმცა, მას ურჩევნია, თუ ამ ერთობას ვიღაცას დაატაკებს. თავის პარტიაშიც ასე აჯახებს სხვადასხვა ჯგუფს ერთმანეთს. ამიტომაა, რომ “ოცნებაში” ერთმანეთს ჭამენ.
– აღნიშნეთ, რომ ხალხს არც ქოცები და არც ნაცები არ უნდა. არჩევნების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს ასე არაა.
– არჩევნების შედეგებს ნუ დავეყრდნობით. ბოლო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა. საპარლამენტო არჩევნების დროს 10.000 საჩივარი იყო, თუმცა, ყუთები არ გახსნილა და ისინი საჩივრებად დარჩა.
საპრეზიდენტო არჩევნების დროს “ქართული ოცნების” კანდიდატსაც და ნაცმოძრაობის კანდიდატსაც დაუმატეს ხმები. არმისული ამომრჩეველი კიდევ უფრო მეტი იყო, ვიდრე გვეუბნებიან.
პირველი ტურის შემდეგ გაფითრებული ივანიშვილი ხალხს ეხვეწებოდა დახმარებას. დაგვპირდა, ერთ წელიწადში ბევრ რამეს მივხედავო. მას შემდეგ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდა. ხალხი უფრო გაღარიბდა და გამწარდა. სულიერების მხრივ იმაზე უარესი ვითარებაა, რაც სააკაშვილის დროს იყო.
მოსახლეობის 70-მდე პროცენტი ემიჯნება სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც და იმ ოპოზიციურ ერთობასაც, რომელსაც ტყუილი ამბიციები აქვს. თქვენს გაზეთს ბევრი მკითხველი ჰყავს და მინდა დავამშვიდო ადამიანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან სხვა, გაუსვრელი ძალის გამოჩენას. მათ ვეტყვი, რომ ცოტაც მოითმინონ. ხალხი ლამის ყოველდღე მაჩერებს მაღაზიებში და სხვაგან და სურვილს გამოთქვამს. მხარი დაუჭიროს პატრიოტ გაუსვრელ სახეებს.
– ხალხს ეჩქარება სხვა ძალების ხილვა პოლიტიკაში. ამაზე ბევრი ლაპარაკობს.
– გაუსვრელი, ხალხის ინტერესების გამტარებელი ძალა რომ ახლა გამოჩნდეს, ნაცები, ქოცები, სააკაშვილი, ივანიშვილი და მათი მოკავშირეები მის წინააღმდეგ გაერთიანდებიან და ჭამას დაუწყებენ. ეს ძალა მოგვიანებით გამოჩნდება. შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს. ეს ძალა მოახერხებს ადამიანების საარჩევნო ყუთებთან მიყვანას. თუ საჭიროდ ჩათვლის, ხალხის დიდ მობილიზაციასაც მოახდენს, რომ არჩევნების გაყალბება არ გაბედონ. არჩევნები თუ გაყალბდა, მერე ნაცები და ქოცები ერთმანეთს გაასწრებენ ქვეყნიდან.
– ივანიშვილის მოწოდება ახსენეთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ. ახლა რა მდგომარეობაშია ივანიშვილი?
– ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მისი რეიტინგი ნულს მიუახლოვდა. ხალხი უიმედოდაა, მშიერი და დაუცველია. ადამიანებს სამართლიანობის იმედი დაეკარგათ. ირღვევა ადამიანის უფლებები. ერთადერთი, რაც არ ხდება, ქუჩებში ადამიანების მასობრივი გახვრეტა და წამებაა.
სააკაშვილის რეჟიმი უფრო სისხლიანი იყო. პირადად მე 3 წელიწადი არაფრის გამო, ტყუილად ვიჯექი სააკაშვილის ციხეში, შემდეგ კი სინდისის პატიმრად მაღიარეს. ივანიშვილი ჯერ ამ დონემდე არ მისულა, თუმცა, არ ვიცი, რა იქნება.
თავიდან სააკაშვილიც არ იყო უზომოდ სასტიკი. მერე გაუჭირდა და დესპოტად გადაიქცა. თუ ძალიან გაუჭირდა, შეიძლება ივანიშვილმაც დაიწყოს მასობრივი რეპრესიები.