მეგი გოცირიძე – “9 წელი ნაციონალები ასამართლებდნენ კრიმინალებს, ახლა 8 წელი კრიმინალები ასამართლებენ ნაციონალებს”

მეგი გოცირიძე - “9 წელი ნაციონალები ასამართლებდნენ კრიმინალებს, ახლა 8 წელი კრიმინალები ასამართლებენ ნაციონალებს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს მეგი გოცირიძე პასუხობს.
– პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს. როგორია თქვენი პოზიცია?
– 15 კაცამდე იყო პასუხისგებაში მიცემული ქართუ ბანკის გაკოტრებასთან დაკავშირებით და გარდა ნიკა მელიასი, ყველას მოეხსნა ბრალდება. მათ შორის, ირაკლი შიხიაშვილს, რომელიც იყო იმდროინდელი საკრებულოს თავმჯდომარე. ყველას მოეხსნა, როგორც კი თანამშრომლობა დაიწყეს “ქართულ ოცნებასთან”. დარჩა მხლოდ ნიკა მელია! ეს რასაც ემსახურება, გასაგებია. რა, “ოცნებაში” ნაკლები დამნაშავეები არიან?!
– კერძოდ, ვის გულისხმობთ?
– დარჩა ვინმე, ვისაც დანაშაული არ ჰქონდეს ჩადენილი?! უსუფაშვილით დავიწყოთ, პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, ყველას გვახსოვს, ამ ცოლ-ქმარმა ორი ახალგაზრდას სიცოცხლე რომ შეიწირა. ასევე დავით უსუფაშვილს უკავშირდება მუშის გარდაცვალება. კალაძის ესკორტს უკავშირდება ადამიანის გარდაცვალება, ასევე გუგული მაღრაძეს. სოზარ სუბარმა რომ კაცი მოკლა…
– მან თუ მისმა მძღოლმა?
– სოზარ სუბარმა! ზუსტად, სიტყვა სიტყვით მახსოვს, რა ხდებოდა ამასთან დაკავშირებით. სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა და მინისტრი სუბარის ავტომობილი შეეჯახა ტაქსისტს. ავტოავარიის შედეგად, 68 წლის ემზარ ხონელიძე გარდაიცვალა.
მომხდარი ფაქტი სოზარ სუბარმაც კი ვერ უარყო, რადგან უამრავი თვითმხილველის თვალწინ მოხდა ეს შემთხვევა. უგონოდ მთვრალი მართავდა საჭეს მინისტრი სუბარი. ეს უბედურება ვერ დამალეს უბრალოდ და ვერც ოჯახი მოისყიდეს. საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მწუხარებას გამოთქვამდა მინისტრი და უთანაგრძნობდა გარდაცვლილის ოჯახს. იქვე მისი მეუღლე წერდა: უბედურება დაგვატყდა თავს, არავინ ვართ შემთხვევისგან დაზღვეული. დედაჩემის სახელთან ერთად მის სახელსაც ყოველთვის მოვიხსენიებ ლოცვაშიო. მინისტრის ცოლი წერდა ამას.
– საქმე აღიძრა ამ ფაქტზე?
– აღძრეს. შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობდა შემდეგს: ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავდა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე!
მე მაინტერესებს, ელის თუ არა სოზარ სუბარს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა? მე მაინტერესებს, ქართუ ბანკის გაკოტრების სქემა უფრო მნიშვნელოვანია? თან მაშინ, როცა მხოლოდ მელიას უტოვებენ ამას და თან ამდენი წელი გავიდა და რას იძიებენ, კაცმა არ იცის. თურმე მარტო მელიამ გააკოტრა ქართუ ბანკი.
– ანუ ცდილობენ, ყველა ძლიერი ოპოზიციური ლიდერი ჩამოიშორონ?
– რა თქმა უნდა, მაგრამ მარტო ლიდერი ხომ არ არის პოლიტიკა?! იმ მილიონ ადამიანს რას უშვრებიან ვინც “ოცნების” წინააღმდეგ მისცა ხმა, ყველას დაიჭერენ?!
მარგველაშვილი რომ გამოდის ახლა შეწუხებული სახით, პოლიტიკაში რომ იყო, რა გააკეთა?! მე მგონი, მარტო ბავშვები, მეტი მაგის გაკეთებული არაფერი გვინახავს! მაგან არ შეიწყალა მაკა ჩიჩუას კრიმინალი ძმა, რომელიც პირველად გასამართლებული იყო ნარკოტიკების მოხმარების და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის?! 2 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და 3 ათას ლარიანი ჯარიმა. ასევე მეორედ იყო დაპატიმრებული კვლავ ნარკოტიკების მოხმარებისთვის და 277-ე მუხლით იყო გასამართლებული. მიუსაჯეს 2 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საპროცესო შეთანხმებით, 3 წლიანი პირობითით და 2 ათას ლარიანი ჯარიმით შეეცვალა.
შემდეგში უკვე 2011-ში, 4 მაისს, ძალიან კარგად მახსოვს, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობისთვის 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გაასამართლეს. მიუსაჯეს 17 წლით პატიმრობა. ამ პლასტელინმა პრეზიდენტმა ეს კრიმინალი ცოლისძმა გამოუშვა და ისე წავიდა, ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია არც ჩვენს სამხედრო ტყვეებზე, რომლებიც ციხეში არიან. ეს ბიჭები ჩატოვა ციხეში და ვინ გამოუშვა?!
– იქით მიანიშნებთ, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ ბევრი დანაშაული ჩაიდინა?
– ესენი ვის დანაშაულზე ლაპარაკობენ. რაც მოვიდნენ, სულ დანაშაულს არ სჩადიან?! ჯერ კრიმინალებმა რამდენი პოლიციელი მოგვიკლეს ქუჩებში. რამდენი პატიმარი მოკვდა ციხეში, ასევე კარგად გვახსოვს ციხეში წულუკიანის დაკვეთით დაბმული პატიმრები.
ჩვენ არაფერი გვავიწყდება. ამდენი გადამწვარი ბაზრობა, ბავშვთა სამყარო! ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში მყოფ ატუს მიერ გაჩანაგებული შაორის ტყე. მთელ საქართველოში ატუმ გააჩანაგა ტყეები და არა მარტო ტყეები. ასევე მიწისაგან პირისა აღგვილი საყდრისი. ივანიშვილმა, პრემიერობის დროს, საკუთარ კომპანიას მიანიჭა ლიცენზია, პირადი გადაწყვეტილებით. კომპანია ატუს მიანიჭა სრული უფლება გაჩეხვაზე. საქართველოში არ დარჩენილა ბაზრობა, რომელიც არ გადაწვეს. ბავშვთა სამყარო რომ გადაწვეს, პირდაპირ წერია ექსპერტიზის დასკვნაში, ბენზინი იყო დასხმულიო. კაციშვილი არ იძიებს! ვინ დაასხა ის ბენზინი?!
– იყო ვარაუდი, რომ იქ სავაჭრო ცენტრის აშენება უნდოდათ.
– კარფური უნდა აეშენებინათ მანდ, მაგრამ იმხელა ამბავი ატყდა ამაზე, რომ ჩაეშალათ ეს გეგმა. ჯაშუშების და პედოფილების შეწყალებაში აღებულ მილიონები არ ახსოვთ?! კოკაინის ბარიგები შეიწყალა ბესელიამ.
– დღეს ბესელია ოპოზიციაშია.
– საერთოდ არ მაინტერესებს, დღეს სად არის და რა პოზიციაზეა, გამოაგდეს “ოცნებიდან”. იცით რა არის? იმიტომ კი არ ატეხა ბესელიამ ამბავი, რომ ჩამოაქვეითეს და გამოაგდეს.
– აბა რატომ?
– რომ გაუსკდა ბესელიას საქმე, რომ ბიძინას გვერდის ავლით აკეთებდა მილიონებს, იმიტომ მოხდა ეს ამბები. მთელი ფოთი გადაჭმული ჰქონდა. მაგისი კრიმინალი შვილი ვინმეს დაავიწყდა?! მე არ მავიწყდება არაფერი! ანუ ბესელიას შვილი, როცა ის ბესელიობდა, იყო ხელშეუხებელი. ყველამ ვნახეთ კადრები, საძილე არტერიაში ჩაარტყა პირდაპირ ჩანგალი ფოთში მაღალჩინოსანს! რა, ამ ყველაფერს არა უშავს?!
ან კიდევ მანანა კობახიძე რომ მოსამართლედ გაუშვეს. დაგავიწყდათ მაგისი გამომძალველი ძმა?! დასაქმების სანაცვლოდ, “ოცნების” აქტივისტებს ფულს სძალავდა და ხელფასის წილში უჯდებოდა. კოკაინის ბარიგებს მფარველობდა მანანა კობახიძე და დღეს მოსამართლეა, წარმოგიდგენიათ?! ეს მარაზმია. ან ეს სახედაკარგული უსუფაშვილი.
– უსუფაშვილი ოპოზიციაშია დღეს.
– არ მაინტერესებს, სად არიან! სწორედ მაგის ხელმოწერილია ის დოკუმენტი, პედოფილები, ჩატაევები და ჩახალიანები რომ გამოუშვეს ციხიდან. მაშინ ქუთაისში იყო პარლამენტი, აქ საკომიტეტო მოსმენებისთვის მოიწყვეს ოთახები და მარტო ფარდების შესაძენად დიდი ფული აქვს გამოყოფილი. რა, ეს არ არის გაფლანგვა და 7 პიჯაკია გაფლანგვა?!
– ანუ შერჩევითი სამართალია ქვეყანაში?
– რა თქმა უნდა! 9 წელი კრიმინალებს ასამართლებდა ნაციონალური ხელისუფლება. დღეს, უკვე 8 წელია, კრიმინალები ასამართლებენ ნაციონალურ მოძრაობას. აი, ამაშია საქმე.
ვინმეს ხომ არ დაავიწყდა მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი?! რატომ გაიყვანეს მერაბიშვილი? მარტო ერთი სიტყვა უნდა ეთქვა მიშაზე და იქვე დაიხურებოდა მაგის საქმე. გამოვიდოდა და იცხოვრებდა ბედნიერად, როგორც მისი მოადგილე, გამყიდველი, გარეწარი მესხელი, ისე იქნებოდა ვანოც ხელშეუხებელი და კუნძულზე იცხოვრებდა.
ან ბაჩო ახალაია რისთვის ჰყავთ ციხეში. წიწაკის სროლაზე, კომბოსტოს სროლაზეო, 13 უაზრო ბრალდება იყო მის მიმართ. 13-ვე საქმეზე მოუხსნეს და რა დაუტოვეს ბოლოს?! გარეწარი ბედუკაძე, რომელიც თვითონ აწამებდა, თვითონ აუპატიურებდა და თვითონვე იღებდა. სხვა არავინ არსებობს ბუნებაში ამ საქმეზე და სწორედ ბედუკაძეა მოწმე ბაჩო ახალაიას საქმეში. თეთრაძის წამების საქმეში მწამებელი ეუბნება ვიღაცას, დიახ, ბოსო და ეს ბოსი იყო ბაჩო ახალაიაო და აი ამაზე აქვს წაყენებული ბრალი!
– დააკავეს უგულავა, პატიმრობა ემუქრება ნიკა მელიას. საუბარია, რომ ხაზარაძესაც დაიჭერენ…
– გაწყვეტინებ, ხაზარაძეს რაც შეეხება, შარშან არ იყო არჩევნები და გარეწარ, გამყიდველ და ყოვლად უზნეო ქალს, სალომე ზურაბიშვილს, ასე ღიად რომ გამოვიდა და პირდაპირ მხარი დაუჭირა, ხაზარაძე არ იყო ეს?! მოღალატე პრეზიდენტის მხარდასაჭერად მოუწოდა ადამიანებს. ახლა კი გამოდის და ამბობს, ივანიშვილს საქართველო შეჰყავს რუსეთში და ამიტომ ვარ მისი წინააღმდეგიო. მიშას დროს რომ ჩაიქცა და ახლა, როგორც თავად ყვება, მარტო ზარალზე რომ მიდიოდა და აკოტრებდა ბიძინა. ის 600 ათასიც, ხალხს რომ უთხრა, ჩამოგაწერთ ვალებსო, ეგეც ხაზარაძეს შეტენა. გამოდის და ამ ყველაფერს ახლა ამბობს ხაზარაძე! ასეთ ადამიანს მე როგორ ვენდო, ასეთ ადამიანს როგორ შეიძლება ანდო ქვეყანა?!
– სწორედ ამის კითხვა მინდოდა მეგი და არ დამასრულებინეთ. როდესაც ოპოზიციაც ასე ჭრელია, ვერ გაიგებ, ვის რა უნდა. ამ ფონზე რამდენად გამოვა ეს ერთობა? ჩვენ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც მოვისმინეთ შტაბის შექმნის თაობაზე და ამან ბევრი გააღიზიანა ოპოზიციაში.
– ყველამ მიხედოს თავის პარტიას და თავის თავს! სააკაშვილი რას იტყვის, რას გააკეთებს და რა ფორმით ჩაერთვება, ეს არის პირადად მისი გადაწყვეტილება და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის, ეს ერთი და მეორეც, მიუხედავად ჩემი პოზიციებისა, თუ ვიზე რას ვფიქრობ ოპოზიციაში, აუცილებელია, რომ ოპოზიციურმა ლიდერებმა მოახერხონ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის სრული მობილიზება!
ძალიან ბევრი იძახის, რომ აი ჩვენ არჩევნებით არ წავალთ. ეს არის ძალიან არასწორი მიდგომა. რა, არჩევნების პირველი ტური არ მოვიგეთ?! უბრალოდ ბაქრაძეს რომ არ დაეყენებინა ცალკე თავისი კანდიდატურა, ჯამში ოპოზიციური ხმები ბევრად აღემატებოდა ხელისუფლების ხმებს.
– კიდევ ხომ არ დადგება ეს საფრთხე, რომ ივანიშვილმა იმუშაოს ოპოზიციურ ლიდერებთან და დაქსაქსოს ხმები? გვესმის საუბრები, რომ უკვე დაიწყო მილიონების დარიგება პარტიებისთვის. მოისყიდის ოპოზიციას?
– თუ არ ვისაუბრებთ გირჩზე, რომელიც გაურკვეველი წარმონაქმნია და საერთოდ არ მაინტერესებს, ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში არავინაა ისეთი, ვისაც ივანიშვილი მოისყიდის. ადამიანის ასე დეგრადირება, რა დონეზეც ახლა ჯაფარიძეა, არ ვიცი, სხვა არ მსმენია.
სხვისგან ეს პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ეს ხომ არ არის გრეჩიხების დროინდელი საქართველო და ოპოზიცია, არა?! თვითონ ქეისებით ფული გამოიტანა და ხალხი კიდევ გაუშვა, წავიდეთ, 100 გრამი ჩავკრათო. ვისი მოსყიდვაც ივანიშვილს შეეძლო, ის თავიდანვე მოისყიდა. მერე დაშალა ისინი და პანჩურით გამოყარა. თავიდან დაურიგა მილიონები და შემოიკრიბა ერთკაციანი პარტიები, ვითომ აი ყველა ერთის წინააღმდეგო და ვინ ერთის წინააღმდეგ, ქვეყანა ვინც ააშენა?! გირგვლიანი და რობაქიძეო და მიშა რა შუაშია საერთოდ ამ საქმეებთან, დღეს რომ ყველაფერს მას აბრალებენ.
– ის იყო სახელმწიფოს მეთაური, პირველი პირი.
– კი, ის იყო პირველი პირი და ყველაფერი ცუდიც და კარგიც მას დაბრალდა. კბილაშვილმა თავად თქვა, საქმე არ არის გადაკვალიფიცირებული, მკვლელობა არ არსებობსო. ამ საქმით მოვიდნენ და პირდაპირ თქვეს, რომ არ ყოფილიყო გირგვლიანი და ბუტა რობაქიძის საქმეები, ჩვენ ვერ მოვიდოდითო. მითხრან გვარი და სახელი, ვინ მოკლა გირგვლიანი?! ვიცით სახელი და გვარი? მკვლელი ბუნებაში არ არსებობს! ჩვენ კარგად ვიცით, როგორც მოხდა ეს უბედურება, რომ გაიქცა და გადავარდა და ეს თქვა კბილაშვილმაც.
– ძალიან ბევრი დაგიპირისპირდებათ ამ განცხადებების გამო.
– კი ბატონო, შესაძლოა, ძალიან ბევრი ჩემ მიმართ ცუდათ განეწყოს, ამას რომ წაიკითხავს, მაგრამ ეს იყო სუფთა “გრუზინული რაზბორკა”. აიყვანეს სასაფლაოზე და გაურჩიეს საქმე. ეს იყო ქუჩური საქმის გარჩევა.
დიახ, როდესაც გამოდიხარ შენ, ხელისუფლება და აცხადებ, რომ ქურდულ მენტალიტეტს ებრძვი, არ გაქვს უფლება, ასე ქუჩურად გაურჩიო. ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზები.
კარგით, დავანებოთ ამ ამბებს თავი. საწყალი ირინა ენუქიძე ისე მოკვდა, ბოლო წუთამდე პირზე ეკერა, დაისაჯოს მურუსიძე, დაისაჯოს მელნიკოვი! ამათმა კი მელნიკოვი სასამართლო დარბაზიდან გაუშვეს! მურუსიძე კი ვნახეთ, როგორ დააწინაურეს და დღეს იძახის, მე ვარ მორალი და ზნეობაო.
ესენი ირინა ენუქიძეს და გირგვლიანს რომ ახსნებენ, სურვილი მიჩნდება, რომ ყველაფერი დავმართო. ესენი არიან ზნედაცემული გარეწრები და გარყვნილები! რამდენი გირგვლიანი მოკლა ამ ხელისუფლებამ, რამდენი?! საერთოდ ვიზე იღებენ ხმას! ან ბუტა რობაქიძის საქმე.
– ბუტა რობაქიძე ხომ მოკლეს.
– არ უარვყოფ, ეს მთელი ერის ტრაგედია იყო, გაუვარდა ბაშალეიშვილს და ხელებაწეულ ბავშვს იღლიაში მოხვდა. ხომ იჯდა, სასჯელი ხომ მოიხადა. პოლიტპატიმართა სიაში ჩაწერეს ისეთი ადამიანები, საერთოდ პოლიტიკასთან შეხება რომ არ ჰქონიათ. საერთოდ, ყველანაირი ზღვარი წაშლილი აქვთ, რამდენი სიბინძურე ხდება შიგნით.
დღეს ოპოზიციონერობაზე დებს თავს უსუფაშვილი და როცა მის ცოლს უკადრებელი აკადრა ღარიბაშვილმა, რა კონტექსტში მოიხსენია, ამ ყველაფრის შემდეგ ის მაინც ბოლომდე დარჩა პარლამენტის თავმჯდომარედ და სწორედ იმ ღარიბაშვილს დაანიშნინა მისი ცოლი თავდაცვის მინისტრად. არ ვიცი, ამ ყველაფერს როგორ ყლაპავენ, თან ესენი ლაპარაკობენ რაღაც ქართულზე და ღირებულებებზე. ესენი საერთოდ ვინ არიან!
– ახლოვდება არჩევნები და ივანიშვილი ცდილობს, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. თუ ასე მოხდა, რა იქნება?
– კადაფი იქნება! ჩაუშესკუ იქნება! აი, რა იქნება! სარზე რომ წამოაცვამენ, მერე ნახავენ, რაც იქნება! დედებს მშიერი ბავშვები ხელში აკვდებათ. სწორედ ეს დედები წამოაცვამენ სარზე. აგერ ნახავთ, თუ არა!
მარტო უტასი და ბერასი არ არის საქართველო! საქართველო ჩემიცაა და ჩემს წილს არავის არ დავუთმობ!