“მერაბიშვილი სააკაშვილს და მის გუნდს დაუპირისპირდება”

“მერაბიშვილი სააკაშვილს და მის გუნდს დაუპირისპირდება”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს პოლიტიკური მოძრაობა “სოციალური სამართლიანობისთვის” ლიდერი, უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე პასუხობს.
– ბატონო მამუკა, რა მდგომარეობაა სოციალური სამართლიანობის კუთხით საქართველოში?
– საქართველოში სოციალური სამართლიანობის კუთხით ჯერ კიდევ მძიმე მდგომარეობაა. თუ დღეს არსებულ მდგომარეობას 90-იან წლებს შევადარებთ, იმ დროს უმძიმესი სიტუაცია იყო. დღეს მძიმე სიტუაციაა. თუ  არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებისთვის სახელისუფლებო ძალები სათანადოდ იზრუნებენ, შეიძლება მალე წარმატებული ქვეყნების რიგში ჩავდგეთ.
– არსებულ მდგომარეობას წინა ხელისუფლების პერიოდს თუ შევადარებთ, რა სურათი გვექნება?
– წინა ხელისუფლების პერიოდში უფრო უარესი მდგომარეობა იყო. ამ კუთხით, ახლა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ არ არის ის სტანდარტი, რაც საჭიროა. ბევრი სამუშაოა იმისთვის, რომ საქართველოში სოციალური სამართლიანობა დამკვიდრდეს.
– მოგეხსენებათ, ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარება უნდა შეიცვალოს. ამაზე რას იტყვით?
– ვანო მერაბიშვილი სხვა განცხადებას ვერ გააკეთებდა. მან გააკეთა ბუნებრივი განცხადებები. ის დაკავებული იყო. თავისი სასჯელი მოიხადა და გათავისუფლდა. სხვა პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, მან სასჯელი მოიხადა.
– მერაბიშვილმა სასჯელი მოიხადა, თუმცა, ის არანაირ დანაშაულს არ აღიარებს. მიხარია, რომ ჩემ თავთან კომპრომისზე არ წავედიო, ანუ ის არ აცნობიერებს იმ დანაშაულებს, რაც მან ჩაიდინა და მის პერიოდში ხდებოდა.
– მისი ეს განცხადება და ქმედება შემაშფოთებელია, რადგან ორი გვამის მოთხოვნის ავტორს წესით უნდა რცხვენოდეს. მას უნდა ეთქვა, რომ რცხვენია, რადგან ნაცმოძრაობის დროს მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ნაცმოძრაობის ლიდერები, ნაციონალური რეჟიმის შემოქმედები აღიარებენ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს და რაღაცნაირად ცდილობენ, გამოისყიდონ ჩადენილი დანაშაულობები სხვადასხვა გზით.
– ამ დროს ევრონაცების ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, ვანო მერაბიშვილი მძიმეწონიანი პოლიტიკოსია და გაუხარდება, თუ მათ რიგებში იხილავს.
– ვანო მერაბიშვილს მძიმეწონიან პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლით. თუმცა, ჩემი პროგნოზით, ვანო დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს. ის ციხიდან ძალიან გაბერილი ამბიციებით გამოვიდა. მერაბიშვილს თავი ნელსონ მანდელა პგონია. შესაბამისად, ვფიქრობ, ის დაიწყებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს.
ის დაუპირისპირდება სააკაშვილს და მის გუნდს. “ევროპული საქართველოდანაც” ძალიან ბევრი ადამიანი გადავა ვანო მერაბიშვილთან. მას დიდი ამბიციები აქვს. ამბიციებისაგან შეიძლება გასკდეს ადამიანი. სააკაშვილიც მერაბიშვილთან უკვე დაპირისპირებულია.
– მერაბიშვილი წუხს, რომ ნაცმოძრაობის გუნდი დღეს გაყოფილია და შეეცდება მის გაერთიანებას.
– მერაბიშვილი შექმნის მესამე ნაცძალას. ნაცმოძრაობიდან და ევრონაცებიდან მასთან გადავლენ. პრაქტიკულად, მერაბიშვილი დაპირისპირებულია ნაცებთან, მიხეილ სააკაშვილთან, ნაცმოძრაობის შემოქმედთან, ევრონაცებსაც ვერ შეესისხლხორცება.
ამიტომ ვანო მერაბიშვილი დააფუძნებს ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სათავეში ჩაუდგება. ნაცმოძრაობიდან და ევრონაცებიდან, შს სამინისტროს რაღაც ნაწილი მას გვერდით დაუდგება.
მერაბიშვილი ფიგურაა, რომელსაც 6 წელი და 9 თვე არ ეყო იმისათვის, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედებები მოენანიებინა და გაეცნობიერებინა, როგორ შენდება სამართლიანი სახელმწიფო.
– რომელ გაცნობიერებაზე საუბრობთ, როცა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ფეხი გადმოდგა თუ არა, განაცხადა, რომ ის ერთ წელიწადში ხელისუფლებას დაამხობს.
– ვანო მერაბიშვილი ვერ არის კარგი სპიკერი და პოლიტიკური ლიდერი. ამიტომ ვფიქრობ, მან გულით ამოთქვა ის, რასაც ფიქრობდა. პროკურატურის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მერაბიშვილის განცხადება ხელისუფლების დამხობის თაობაზე, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ვფიქრობ, პროკურატურამ ამ განცხადების საფუძველზე მე-100 მუხლით გამოძიება უნდა დაიწყოს.
– მერაბიშვილის მიმართ სასამართლოში კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე განიხილება – 7 ნოემბრის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და დარბევის საქმეები. ხომ შეიძლება მერაბიშვილი ისევ ციხეში შეაბრუნონ?
– მერაბიშვილს ციხეში კანონი თუ შეაბრუნებს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება კანონს არ გადაახტება. თუ მერაბიშვილს კანონი ციხეში შეაბრუნებს, შებრუნდება. ხელისუფლება ამას პოლიტიკური მოტივებისთვის არ გამოიყენებს იმიტომ, რომ ვანო მერაბიშვილის დანაშაულებათა რიცხვი უთვალავია.
– როცა ამბობთ, კანონი თუ შეაბრუნებსო, 7 ნოემბრის დარბევისა და “იმედის” დარბევის გამო პასუხისმგებლობა არ ითვალისწინებს პასუხისმგებლობას?
– რა თქმა უნდა. სისხლის სამართის დანაშაულებია. ის შეიძლება ციხეში კანონმა შეაბრუნოს, რადგან ჩვენთან მძიმე დანაშაულებზე ხანდაზმულობის ვადა გასულ წელს 25 წლამდე გაიზარდა. შესაბამისად, ვანო მერაბიშვილის ჩადენილ დანაშაულებს ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასვლია. ეს ეხება არამარტო ვანო მერაბიშვილს, არამედ მიხეილ სააკაშვილს და მისი რეჟიმის სხვა შემოქმედებს. იმედია, ყველა პასუხს აგებს კანონის სრული დაცვით.
– მოკლედ, აქტიური პოლიტიკური წელი გველოდება. 
– დიახ, აქტიური პოლიტიკური პროცესები გველოდება. ვანო მერაბიშვილიც შექმნის თავის ძალას და გააჩენს ისეთ სპიკერს, რომელსაც საზოგადოებაში ნდობა ექნება.
– მას არ ენდობიან?
– საზოგადოებაში ვანო მერაბიშვილისადმი ნდობა ნულია. ვანო მერაბიშვილს ნდობა აქვს თავის მეგობრებში, ყოფილ პოლიციელებსა და მოქმედ პოლიციელებშიც, შს სისტემაში. საპოლიციო სისტემა არის ის ძალა, რომლის ნაწილის ნაწილი იქნება მისი მხარდამჭერი. მას ეყოლება დაახლოებით 5 ათასი კაცი, რომელიც ვერ შეძლებს ცვლილების მოხდენას, მით უმეტეს, ამბოხის მოხდენას.
ამდენად, მერაბიშვილის რესურსი სულ 5 ათასი ადამიანი იქნება, რადგან წლების მანძილზე ათეულობით ათასი ადამიანი და ოჯახი ჰყავს გაუბედურებული.