”მინივენი მოცურდა და დაეჯახა ტრაილერი” – დაღუპულები ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან იყვნენ

”მინივენი მოცურდა და დაეჯახა ტრაილერი” - დაღუპულები ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან იყვნენსამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის ვალერი ფოცხვერიას ინფორმაციით, სამტრედიასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 5 ადამიანი ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან იყვნენ.

მერის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას ტრაილერის მძღოლი გადაურჩა.

“ხუთი ადამიანია დაღუპული, მინივენის მძღოლი და მისი მგზავრები. ის დაეჯახა ტრაილერს. ტრაილერის მძღოლი გადარჩა. რამდენადაც ვიცი მძღოლი უნდა იყოს ბათუმიდან, მგზავრები ქუთაისიდან და ჩოხატაურიდან,” – განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ.

მამაკაცი, რომელიც შემთხვევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა აცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ცუდმა ამინდმა გამოიწვია.

“ცუდი ამინდის გამო მოცურდა პატარა მანქანა და დაეჯახა ტრაილერი. სამგზავრო მინივენი იყო,” – განაცხადა ადგილობრივმა.

ხუთი ადამიანი დაიღუპა სამტრედიასთან ავტოავარიაში. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მინივენი შეეჯახა, მინივენში მსხდომი ყველა მგზავრი გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რუსთავი 2