მურმან დუმბაძე – “ოცნება” მოქკავშირივით დაიშლება”

მურმან დუმბაძე - “ოცნება” მოქკავშირივით დაიშლება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო მურმან, ბიძინა ივანიშვილმა რატომ წაუყრუა დასავლეთის კრიტიკას, რატომ არ სცემს პასუხს?
– ბიძინა ივანიშვილი ახლა კუთხეშია მიყენებული. რასაც ეუბნებოდა სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს მასშტაბით, იგივე დაადასტურა დასავლეთმა, ევროპამ და ამერიკამ. დასავლეთი ივანიშვილს ერთხმად ეუბნება, რომ 2020 წლის არჩევნები გადამწყვეტი არჩევნებია და აქ ზედმეტ ჩარევებს, ხალხის ნების საწინააღმდეგო მოქმედებას მას არავინ აპატიებს. ყველა დაინტერესებული მხარის მიერ ამ არჩევნებმა და რაც მთავარია მისმა შედეგებმა ნდობა უნდა მოიპოვოს. ამ შედეგების მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეს თავად ამომრჩეველს.
პრაქტიკულად ივანიშვილს უთხრეს: ის ან ატარებს ნორმალურ, დემოკრატიულ არჩევნებს ან ამაზე შეგნებულად ამბობს უარს, რაზეც მთელ პასუხისმგებლობას თავად იღებს. რასაკვირველია, როდესაც ამ დილემის წინაშე ხარ, პასუხის გაცემა ძალიან ძნელია.
ის ეცდება, რომ მაქსიმალურად წაუყრუოს და გამოიყენოს ბოლო შანსი თავისი ფინანსური და სახელისუფლო რესურსის, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს.
– ამ შემთხვევაში როგორი იქნება ოპოზიციის რეაქცია?
– ჩვენ ამის შესაძლებლობას მას არ მივცემთ.
– როგორ?
– ყველა დაშვებული მეთოდით შევებრძოლებით, რომ ეს არ მოხდეს. ამდენი გარე და შიდა ზეწოლის მიუხედავად, თუ ის მაინც უარს იტყვის პროპორციულ არჩევნებზე და დატოვებს არსებულ საარჩევნო სისტემას, ჩვენ ამ სისტემით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას და მაინც დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”. ამ მახინჯი, შერეული სისტემითაც ის დამარცხდება და ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
არათუ ხელისუფლებას, პარტიასაც კი ვერ შეინარჩუნებს. დაიშლებიან მარტივ მამრავლებად, ისე, როგორც თავის დროზე დაიშალნენ მოქალაქეთა კავშირი და აღორძინება. ეს იმდენად ცხადი და რეალური ამბავია, რომ ამას ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ.
– კობახიძემ განაცხადა, რომ ევროსაბჭომ სიტყვა “პროპორციული” ამოიღო. ეს შეიძლება ახალი არგუმენტი იყოს ხელისუფლებისთვის?
– ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება, რადგან გარკვევით უთხრეს, რომ საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობა უნდა ჰქონდეს ოპოზიციას, რომელიც ამ არჩევნებში იღებს მონაწილეობას. ჩვენ კი მთელი ეს პერიოდი სწორედ ამიტომ ვიბრძვით, რომ ნდობა არ გვაქვს, რადგან ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც მანდატების სამართლიანად განაწილებისგან შორს არის.
ჩვენ ვთავაზობთ ე.წ. გერმანული მოდელის ქართულ მოდიფიკაციას, მიიღონ ეს ვარიანტი და ამ შემთხვევაში ოპოზიციას ექნება ნდობა სისტემის, არჩევნების მიმართ. ხომ ეს მოწოდებაა, ყველა დაინტერესებულ მხარეს უნდა ჰქონდეს ნდობა! მიიღონ გერმანული მოდელი და გვექნება.
ევროსაბჭოს რეზოლუციაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელიც მოქმედებს, არ მოსწონს საზოგადოებას, დაინტერესებულ პოლიტიკურ პარტიებს და შეცვალეთ.
– თებერვალში დაანონსებული საპროტესტო აქციები გადაიდო?
– არა, არაფერი არ არის გადადებული! აქციები, გამოსვლები, დიდი მიტინგები, ყველაფერი კვლავ დღის წესრიგში რჩება, სანამ არ დაკმაყოფილდება ის მოთხოვნები, რომელთა შესახებაც კარგად არის ინფორმირებული ხელისუფლება.
ამას უკვე მხოლოდ ქართული ოპოზიცია კი არ ითხოვს, ითხოვს ევროსაბჭო, მისი საპარლამენტო ასამბლეა. ესენი ხელწამოსაკრავი ხალხი არის. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე ღიად განაცხადა, ამერიკელი კონგრესმენები ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში ჩამსხდარი ხალხიაო.
ამას ამბობს რეგიონის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი. ეს ხომ არ არის რიგითი მოქალაქე, რომელიც რაღაცას წამოროშავს ტროლეიბუსში?! საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამერიკის კონგრესმენები და სენატორები ნაციონალური მოძრაობის ჯიბეში არიან! წარმოგიდგენიათ, რა დონეზეა საუბარი! ასეთი რამ 30 წლის განმავლობაში არავის არ გაუბედია. შევარდნაძის მმართველობიდან მოყოლებული, რომელიც საბჭოთა ნომეკლატურიდან მოსული მმართველი იყო, საქართველოში ასეთი რამ მასაც კი არ გაუბედავს! ლავირებდა და აბალანსებდა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებს.
21-ე საუკუნეში, სხვა ეპოქაში, სხვა ტექნოლოგიების ხანაში, სხვა მსოფლიოს ხანაში ბიძინა ივანიშვილს სხვა ცნობიერება და სხვა მოქმედება დასჭირდება, ის ყველას და ყველაფერს ვერ იყიდის.
ძალაუფლებას ვერ იყიდის, რაც არ უნდა მოინდომოს.