მურმან დუმბაძე – “ვანო მერაბიშვილისთვის არ მიპატიებია”

მურმან დუმბაძე - “ვანო მერაბიშვილისთვის არ მიპატიებია”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მურმან დუმბაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო მურმან, ხელისუფლება მზად არის, ოპოზიციასთან შეხვედრები ინდივიდუალურ ფორმატში გამართოს. არჩილ თალაკვაძე და “გირჩის” წევრ იაგო ხვიჩიას შეხვდა. შეიძლება ოპოზიციური ერთობა საფრთხის ქვეშ დადგეს?
– გაერთიანებულ ოპოზიციაში გადაწყვეტილება მიღებულია – ჩვენ გაერთიანებული წესით ვმოქმედებთ! ცხადია, ხელისუფლების მიზანი ამ ოპოზიციის დაშლაა, რომ ცალ-ცალკე უფრო მარტივად “იმუშაოს”, მაგრამ ეს არ გამოუვა. “გირჩი” თავის არჩევანში თავისუფალია. ნებისმიერს აქვს უფლება, მივიდეს ხელისუფლებასთან და დაელაპარაკოს ღიად, საჯაროდ, ეს არ არის პრობლემა. თუ უფრო მეტი მოხდება, მაშინ თავს დაიზიანებენ, რადგან მანქანა, რომელზეც “ოცნება” ზის, მორყეულია და სხვებსაც ჩაიყოლებს.
“გირჩი” დაელაპარაკა, მაგრამ პირობები წაუყენა, რომ პოლიტპატიმრები უნდა განთავისუფლდნენ. ეს არ არის ცუდი ვარიანტი. მე არ მგონია, რომ “გირჩი” რაიმე დათმობაზე წავიდეს. რამდენიმეთვიანი შეხვედრები გვაქვს ერთმანეთთან და მე ვიცი ეს ხალხი, ისინი დამთმობები არ არიან. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი მოურიგდნენ ივანიშვილს.
– ზურა ჯაფარიძემ დაწერა, ჩვენ ღიად შევხვდით და ეს არ არის პრობლემა, პრობლემაა, ვინც ჩუმად ხვდებაო. ხომ არ იცით, კიდევ ვინ შეხვდა “ოცნებას”?
– მეც ვფიქრობ, რომ აქ პრობლემა არ არის, პრობლემა მალულად გამართულ შეხვედრაშია. ვინ შეხვდა, არ ვიცი, თუმცა არ გამოვრიცხავ, იმიტაციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეიძლება, მეც შემომთავაზოს ბიძინა ივანიშვილმა, შენ იქნები პარლამენტის წევრი და გამოდი მათი რიგებიდანო. ეს იქნება ამ ერთობის ნგრევა, მაგრამ ეს გამორიცხულია, ისეთი მყარი ერთობაა ჩამოყალიბებული. პოლიტიკური კულტურა იზრდება, წინააღმდეგობა ზრდის ადამიანებს. ამიტომ, ძნელი სავარაუდოა, რომ რომელიმე პარტია ამაზე წავიდეს.
თუ ხელისუფლებას მართლაც სურს საარჩევნო კანონის ცვლილება, მაშინ დაიწყოს ცვლილება. მას აქვს ამისთვის ყველა შესაძლებლობა. პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის გადაწყვეტილება მათ ჩვენგან დამოუკიდებლად შეუძლიათ მიიღონ, ხმები თუ დასჭირდებათ პარლამენტში, მივეხმარებით. დაუბრუნდეს თავის დანაპირების შესრულებას ივანიშვილი და არავითარი პრობლემა არ იქნება, ყველაფერი თავისით დალაგდება.
მე არ გამოვრიცხავ, რომ ინდივიდუალური შეხვედრები სწორედ იმიტომ სჭირდება გარკვეულ პირებთან “ქართულ ოცნებას”, რომ მათთან მოახდინოს გარიგება მაჟორიტარულ ოლქებში – დააყენებთ თქვენს კანდიდატურას, ჩვენ არ დაგიყენებთ კონკურენტს. ამას არ გამოვრიცხავ. არც იმას გამოვრიცხავ, რომ შემდეგ ეს ხალხი მთავრობის დაკომპლექტების დროს გამოიყენოს “ქართულმა ოცნებამ”, მაგრამ მე ვარწმუნებ, რომ ეს არ გამოუვა.
– რატომ არ გამოუვა?
– იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” მაჩანჩალაა, არჩევნებამდე შეიძლება ბორბალიც კი მოძვრეს და ვინ ისურვებს იქ ასვლას?! პრივატულ საუბრებში ივანიშვილი ჩემთან ამბობდა, მე ხმების 40% მჭირდებაო. ის არ ფიქრობდა, რომ 50%-ზე მეტს მიიღებდა და სააკაშვილს დაამარცხებდა. ის ფიქრობდა, რომ 40% საკმარისი იყო ხელისუფლების ასაღებად, დანარჩენს პარლამენტში იყიდდა.
დღესაც ასე განიხილავს ოპოზიციას და ამიტომ არის ეს შემოთავაზება, მაგრამ ოპოზიცია მკაცრად არის ჩამოყალიბებული – არავითარი გარიგება და მოლაპარაკება ამ ხელისუფლებასთან.
– ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით როგორია თქვენი პოზიცია. ოპოზიცია მიიღებს მას, თუ ის პოლიტიკას დაუბრუნდა?
– მე, ვანო მერაბიშვილის ადგილზე, ტაიმ-აუტს ავიღებდი. ბევრი რამის გადახარშვა მოუწევს. უამრავი რამ აქვს გასააზრებელი. იყო შეცდომებიც, იყო დანაშაულებიც, იყო პლუსებიც და მინუსებიც. ასეთი მძიმე რეალობის შემდეგ ასე უცებ პოლიტიკაში შემოსვლა არ მგონია, დიდი წარმატების მომტანი იყოს არც იმ ხალხისთვის, ვისთანაც მივა და არც მისთვის პირადად.
თუმცა, ციხეში საკმაოდ ღირსეულად მოიქცა, ვიცით, როგორ ტყდებიან ადამიანები ციხეში და როგორ მოიყოლებენ ხოლმე თანამებრძოლებს, მეგობრებს.
მე არ ვიტყვი წაქცეულ კაცზე აუგს. მე უფრო მახსოვს მისი წარმატებული რეფორმა, საპატრულო პოლიციის შექმნა, ვიდრე გავიხსენებდი 7 ნოემბერს, 26 მაისს, რომლის მონაწილიც ვარ.
– აპატიეთ?
– არაფერი არ მიპატიებია! მეტიც, 2012 წელს მე ვანო მერაბიშვილი დავამარცხე.
არაფერი არ მიპატიებია, დამარცხებულ კაცზე არ მიყვარს წიხლის მიყოლება, ეს არის და ეს.