“ნიკოლოზ ხადურმა ტაქსისტი დავით შამათავა ნაჯახით და დანით მოკლა” – ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა – ვიდეო

"ნიკოლოზ ხადურმა ტაქსისტი დავით შამათავა ნაჯახით და დანით მოკლა" - ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - ვიდეოგარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში, ტაქსის მძღოლის დავით შამათავას მკვლელობაში ბრალდებულს, ნიკოლოზ ხადურს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა, პროკურორის, ლევან ჯალაღანიას შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

საქმის პროკურორის განცხადებით, მოთხოვნა იყო ბრალდებულის მიმართ, სასამართლოს გამოეყენებინა აღკვეთი ღინისძიების სახით პატიმრობა, ვინაიდან გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულს ჰყავს დედა თურქეთის რესპუბლიკაში, მას უფიქსირდებოდა სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე საზღვრის კვეთები, შესაბამისად ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ არის რეალური საფრთხე იმისა, რომ ბრალდებული მიიმალოს.

“ბრალდებულმა დაიქირავა მოკლული ტაქსის სერვისის გაწევის მიზნით და მოსთხოვა გადაეყვანა სოფელ ყარაჯალარში, სადაც მიიყვანა ტაქსი დაუსახლებელ პუნქტში და მან, მის ხელთ არსებული მცირე ზომის ნაჯახის და საოჯახო დანის გამოყენებით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა, რის შემდეგაც ტაქსის მძღოლი დავით შამათავა გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებული გაემართა თბილისში, უკვე სხვა ტაქსი დაიქირავა შემთხვევის ადგილის მახლობლად, სადაც შეიძინა ბენზინი დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე გადაიყვანა მანქანა ტყის პირას, მოათავსა უკანა სავარძელში ტაქსის მძღოლი, წაუკიდა ცეცხლი და მიიმალა”, – განაცხადა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

ბრალდებულის ადვოკატის ნიკა გუჯაბიძეს თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულიად უდანაშაულოა. დაცვის მხარემ სასამართლოს შესთავაზა გირაო 10.000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლომ აღნიშნული არ გაითვალისწინა. ადვოკატის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

“მიმაჩნია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის სრულიად უდანაშაულო. სახელმწიფო ბრალდებას აღნიშნულთან დაკავშირებით არანაირი პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტსაც კი ვერ ლახავს. აქედან გამომდინარე ის რაზეც ბრალდების მხარემ ყურადღება გაამახვილა ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდია”, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ნიკა გუჯაბიძემ.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა და იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხადი, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება და მკურნალობის კურსი დაენიშნება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში 16 თებერვალს მოხდა.

ინფორუსთავი