ოთარ კვირიკაშვილი: “მიშა ქარელს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა გოგა ხაინდრავამ დაავალა”

ოთარ კვირიკაშვილი: "მიშა ქარელს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა გოგა ხაინდრავამ დაავალა"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს “გამარჯვებული საქართველოს” წევრი ოთარ კვირიკაშვილი პასუხობს.
– როგორ აფასებთ ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებს? სრული ქაოსია ხელისუფლებაში, სერიოზულია წნეხი დასავლეთიდან. რას იტყვით თქვენ?
– ამ ეტაპზე “ქართული ოცნება” გაკოტრებულია როგორც შიგნით, ისე გარეთ. თუ გარეთ აქამდე, როგორც ევროპარლამენტში, ისე სენატში, კონგრესში, პოლიტიკოსები, უბრალოდ, კითხვებს სვამდნენ, “ქართული ოცნება” რას აკეთებს, რატომ აკეთებსო და კულუარულად საუბრობდნენ და კულუარულად ჰქონდა ამაზე უკმაყოფილება, ახლა უკვე ღიად გამოიტანეს და საჯაროდ აკრიტიკებენ “ქართულ ოცნებას”, რაც უკვე დასასრულის დასაწყისი კი არა, პირდაპირ დასასრულია. არანაირი საგარეო მხარდაჭერა არ დარჩათ, მთლიანად გაკოტრებულები არიან.
– წერილი წერილზე მოდის ამერიკიდან.
– დიახ, ჰარი პოტერის მსგავსად, დღე არ გავა, წერილი არ მოვიდეს. საგარეო პოლიტიკის არცოდნა, ყველა პრობლემა ერთმანეთს დაემთხვა. “ოცნებაში” კონგრესმენები თავიდან მოქრთამულებად მონათლეს. ამას დაემატა უფრო მძიმე წერილები, უკვე ევროპარლამენტშიც გაკეთდა განცხადებები და “ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, წავიდა დასასრულისკენ, ისეთი დასასრულისკენ, რომ მომავალიც კი არ ექნებათ. როგორც კი “ოცნება” წააგებს არჩევნებს, მათ საერთოდ დასაყრდენი აღარ ექნებათ დასავლეთში, რადგან ახლა თუ დასავლეთიდან ვინმე ეკონტაქტება, ეკონტაქტებიან იმის გამო, რომ ისინი ქვეყანას უჭერენ მხარს, საქართველოს და არა ცალკეულ პოლიტიკოსებს. როგორც კი ესენი დარჩებიან ხელისუფლების გარეშე, როგორც კი ამათ ჩამოეშლებათ ხელისუფლება, მომკითხავი აღარავინ ეყოლებათ.
– იმის თქმა გინდათ, რომ საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან?
– ასე იქნება, თუ არ მიებნენ სანქცირებულ ირანელ ბიზნესმენებს ან რუსეთში ცალკეულ პოლიტიკოსებს, როგორც, მაგალითად, “პატრიოტთა ალიანსია” მიბმული. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ “პატრიოტთა ალიანსი” ხელისუფლების დანამატია და ესეც ერთი თამაშის ნაწილია. მე ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” საერთოდ ჩამოიშლება, ისე, როგორც მოქკავშირი დაიშალა.
– რამდენად ადეკვატურად აფასებენ შექმნილ სიტუაციას “ოცნების” ლიდერები? ახლა თალაკვაძეს აგზავნიან სიტუაციის დასალაგებლად ამერიკაში. რამდენად შეძლებენ, არჩევნებამდე მაინც შეინარჩუნონ სტაბილურობა და დაალაგონ სიტუაცია?
– ხელისუფლებიდან გარკვეული ნაწილი აფასებს ადეკვატურად შექმნილ სიტუაციას, გარკვეული ნაწილი ვერ აფასებს, მაგრამ უფრო საკუთარ ამომრჩევლებს უკეთებენ გულს. ვიცით, რა კატეგორიის ხალხი უჭერს მათ მხარს. ვინც მართლა მებრძოლი იყო, ვინც მართლა სამართლიანობისთვის იბრძოდა, იმ ხალხის 80-90% “ქართულ ოცნებაში” აღარ არის.
– აბა ვინ არის?
– ახლა “ქართულ ოცნებაში” არის ის ხალხი, ვინც მუდმივად პორტირდებოდა ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ მოქკავშირში, შემდეგ ნაციონალებში და ყველა პარტიის მხარდამჭერი რომ იყო. აი, ეს მედროვე კატეგორიაა უმეტესობა. “ქართული ოცნების” ლიდერბორდშიც კარგად იციან, რა კატეგორია უჭერს მხარს. მათ ისიც იციან, როგორც კი ეს ხალხი დაინახავს, რომ “ქართული ოცნება” და მათი პოზიციები შეირყა თუნდაც საშინაო და თუნდაც საგარეო ასპარეზზე, ისინი ჩამოსცილდებიან “ქართულ ოცნებას”. მათ ერთი სული აქვთ, დაინახონ სხვა ახალი პერსპექტივა, რომ ახლა იქ გადაპორტირდნენ. მე ვფიქრობ, უფრო ამ კატეგორიის ხალხისთვის არ იმჩნევს “ოცნება”, რომ ეს ხალხი მაინც შეინარჩუნონ და 20-30 კაცით მაინც შევიდნენ პარლამენტში, რათა ის მოპარული თანხა, ის ბიზნესები მაინც გადაირჩინონ, რაც ამ 8 წელში ეს ქვეყანა გაატყავეს. “ოცნებამ” კორუფცია დააბრუნა იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც შევარდნაძის პერიოდის შემდეგ აღარ ყოფილა.
– ამერიკის ელჩი შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას ჩვენს ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრთანაც ჰქონდა შეხვედრა. ეს რამდენად მნიშვნელოვანი საკითხია?
– ძალიან მნიშვნელოვანია ელჩის ჩამოსვლა, თუნდაც იმ კუთხით, რომ აქამდე იძახდნენ, რომ, მაგალითად, ამერიკელებს ინფორმაცია არ აქვთ, სწორი ინფორმაცია არა აქვთ. ამაზე საუბარი ძალიან დიდი სისულელეა, ამერიკელებს კი არა, ნებისმიერ საელჩოს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე ადგილობრივ პოლიტიკოსებს.
ისინი აქ იმისთვის არ სხედან, რომ ა ლა ფურშეტებზე იარონ და სადღაც ლენტი გაჭრან. ახლა ეს კოზირიც ეცლება “ოცნებას” ხელიდან, რომ სადღაც კიდევ თქვან, რომ, მაგალითად, ამერიკაში ინფორმაცია არა აქვთ. ჩამოვიდა ელჩი და უშუალო კონტაქტი ექნება, თანაც საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია.
– რა იქნება ამ კრიტიკული წერილების შემდეგ? ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ სანქციებზე. რამდენად ელოდებით ამას?
– ამ წერილების შემდეგ, სავარაუდოდ, უკვე სახელმწიფო დეპარტამენტიც გააკეთებს განცხადებას. არაერთხელ მითქვამს, რომ ნებისმიერ ინდექსში, იმ ძირითად ინდექსებში, რომლებიც აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე, იქ ბიზნესის ხელშეწყობის ინდექსია, მედიის თავისუფლების ინდექსი, აბსოლუტურად ყველაფერში უკან დავიხევთ.
დემოკრატიის ინდექსზე უკვე გამოქვეყნდა, რომ უკან ვართ. რა მაჩანჩალა ეკონომიკაც გვაქვს, ესეც ცხადია. ძირითად მსოფლიო პოლიტიკას აკეთებენ ეს კონგრესმენები და სენატორები, ამიტომ მათი ყოველი კრიტიკული წერილი მკვეთრად აისახება შენზე, მით უმეტეს, როცა მათ სიტყვას ბანზე აგდებ. სავარაუდოდ, ამას მოჰყვება დეპარტამენტის განცხადებები. უკვე სანქციებზეც დაიწყეს საუბარი. ვნახეთ, როგორ გამოიკვეთა ირანული შავი ფულის ამბავი.
– გახარიას სკანდალს გულისხმობთ?
– დიახ, ეს თემა კიდევ უფრო გაიშლება და ძალიან დიდი სკანდალი იქნება. როგორმე უნდა ეცადოს “ქართულმა ოცნება” და მიაღწიოს 2020-ის არჩევნებამდე, იმიტომ, რომ ძალიან გაუჭირდება.
– შეცვლის გახარიას არჩევნებამდე ივანიშვილი?
– მე ვფიქრობ, რომ თუ ძალიან არ გამოიკვეთა ირანის ამბავი და დიდი ზეწოლა არ წამოვიდა დასავლეთიდან, ივანიშვილი არ შეცვლის გახარიას.
– თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ირანული სკანდალი კიდევ უფრო გაიშლება?
– წესით, უნდა გაიშალოს. ჯერ კიდევ 2014 წლიდან ამერიკული პრესა, საკმაოდ მნიშვნელოვანი გაზეთები წერდნენ იმაზე, რომ ირანული სანქცირებული კომპანიები საქართველოში გადმოდიან და ქართველების ხელით აკეთებენ ბიზნესებს, ანუ ქართველს აფორმებდნენ კომპანიის დირექტორად და ირანული ფული შემოდიოდა.
150-მდე ასეთი კომპანია იყო და სხვადასხვა დარგში და სხვადასხვა სექტორში იყო გაშლილი. სოფლის მეურნეობაში შემოდიოდნენ, სამშენებლო ბიზნესში – თითქმის ყველა სფერო მოიცვეს ამ ირანულმა კომპანიებმა. როდესაც ამერიკამ ჩაუკეტა ირანს ადგილობრივი ბიზნესი, ადგილობრივი ეკონომიკა, საქართველომ სუნთქვა გაუხსნა. შემდეგ ამას მოჰყვა 11 სექტემბრის ოქროს მოწმის დაჭერა გახარიას მიერ ირანის ელჩის დაკვეთით. მე ვფიქრობ, ეს თემები კიდევ უფრო გაიშლება.
– ანუ დიდ სკანდალშია გახარია გახვეული?
– დიახ, ასეა. “ქართული ოცნების” წევრებს უნდათ მონათლონ, რომ თითქოს ამას მხოლოდ ქართული პრესა უწერს და ჭორებს უგორებენ გახარიას. ასე არ არის. ძალიან ბევრი სტატიაა ამ თემაზე. ამერიკული პრესა ჯერ კიდევ 2014 წლიდან წერდა.
– ანუ თუ არ აიძულებენ ივანიშვილს, ის შეეცდება, არჩევნებამდე შეინარჩუნოს გახარია?
– რა თქმა უნდა, ეცდება, იმიტომ, რომ რეალურად მას კადრებიც აღარ ჰყავს, ყველანაირად გაკოტრებულები არიან, პიროვნულადაც, პოლიტიკურადაც. ივანიშვილის გარშემო ფიგურები არ არიან. ეს კი ივანიშვილის არჩევანი იყო თავიდანვე, რომ ასეთი ხალხი ჰყოლოდა. მე ვფიქრობ, გახარიას წასვლით ძალიან დაზარალდება “ოცნება”. საერთოდ აღარავინ ჰყავთ.
– ისეთ სახელებსა და გვარებს ასახელებენ, ისეთ არაპოპულარულ სახეებს უბრუნდებიან, რომ… ამბობენ, გორის მაჟორიტარად მომავალ პარლამენტში ქარელი ეყოლებათო. რატომ, ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებისთვის დააწინაურებენ?
– მე ვფიქრობ, რომ ქარელს ატყუებენ. რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რომ ქარელს შეჰპირდნენ, თუმცა, ვფიქრობ, ქარელს იყენებენ. არის ინფორმაცია, რომ ქარელს სისტემატურად ხვდებოდა ხელისუფლებიდან გოგა ხაინდრავა და ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ სთავაზობდა სხვადასხვა დივიდენდს. ითქვა ისიც, რომ ქარელმა გოგა ხაინდრავასგან თანხაც მიიღო. ასევე გოგა ხაინდრავასთან ვაჭრობის დროს ხაინდრავა შეჰპირდა გორის მაჟორიტარობას, რადგან სწორედ ხაინდრავა იყო მომლაპარაკებელი “ოცნების” ლიდერებსა და ქარელს შორის. ასევე მე მაქვს ინფორმაცია იმაზეც, რომ ამან ძალიან გაანაწყენა გორის ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე ის ხალხი, რომელსაც დღეს გორი აბარია.
– და ვინ არის ეს ხალხი?
– ძალოვანი მინისტრის მოადგილე საბანაძე და ხოჯევანიშვილები. მათ საკუთარი კანდიდატურის გაყვანა სურდათ 2020-ის არჩევნებზე. როგორც გავიგე, ძალიან გაანაწყენა მათი კლანი ამაზე, რადგან მათ არც კი შეუთანხმეს ქარელის ამბავი. სწორედ ამის შემდეგ გამოვიდა ხმები “ოცნებიდან”, რომ ქარელს ატყუებენ და იყენებენ. ქარელი მოტყუებულიც რომ დარჩეს, უკვე ხმას ვეღარ ამოიღებს, რადგან მან უკვე ივაჭრა “ოცნებასთან”, როგორც ამბობენ, დიდი ფულიც აქვს აღებული, წავიდა მათთან მოლაპარაკებაში, გაისვარა და, რომც მოატყუონ, ვეღარ გამოძვრება ამ სიტუაციიდან, ვეღარაფერს იტყვის.
– ანუ, შესაძლოა, გადააგდონ?
– “ოცნებისგან” არაფერი გამიკვირდება, თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ ქარელს ატყუებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული შეჯახება მოუხდებათ საბანაძეებისა და ხოჯევანიშვილების კლანთან. მოგეხსენებათ, საბანაძე შს მინისტრის მოადგილეა, ხოჯევანიშვილებიდან ერთი ძმა გუბერნატორია, მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე. ასე ვთქვათ, ადვილი არ იქნება მათთან დაჯახება და ქარელის კანდიდატურის გატანა, როგორი გოგა ხაინდრავაც არ უნდა იყო. იმის მიუხედავად, რომ გოგა ხაინდრავა ყველაფერს კადრულობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას თავისას გაატანინებენ “ქართულ ოცნებაში”.
– მიმდინარეობს ოპოზიციის დევნა-დაპატიმრება. ყველა ოპოზიციურ ლიდერზე საქმეა აღძრული, ზოგი დაკავებული ჰყავთ, ზოგის პროცესი მიდის. ეს საყვედურიც გაისმა დასავლეთიდან, აქტიურ ლიდერებს ანეიტრალებენო. გააგრძელებს ამ წნეხს “ოცნება” ოპონენტების წინააღმდეგ?
– რა თქმა უნდა, ყველაფერზე მიდიან აბსოლუტურად. ადამიანი არ დარჩა ოპოზიციაში, რომელზეც საქმე არ აღძრეს, იერიში არ მიიტანეს. ვინც ამათ აკრიტიკებს, აგერ ხაბეიშვილი ამათ კორუფციულ სქემებზე საუბრობდა და პირდაპირ ცემა ეს ადამიანი მთელმა საკრებულომ და საქმე ისევ ხაბეიშვილზე აღძრეს.
ვნახეთ, უგულავას დაუშინეს აეროპორტში და უგულავაზე აღძრეს საქმე. ივანიშვილი ჩვეულებრივი ავტორიტარული მეთოდებით მიდის და მეტი გზა აღარ დარჩენია, კარგად იცის, რომ ძალიან ცოტა დრო დარჩა და ამ მცირე პერიოდსაც შეინარჩუნებს მხოლოდ და მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმით. სხვანაირად ის ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ამიტომ მიდიან ყველაფერზე. სწორედ ამიტომ დაიჭირეს ირაკლი ოქრუაშვილიც. ოქრუაშვილი რომ გარეთ ყოფილიყო, ისინი უფრო მალე ჩამოიშლებოდნენ, უფრო მალე ჩამოანგრევდა ამ სისტემას ოქრუაშვილი. ამიტომ მიდის დანარჩენი პოლიტიკოსების განეიტრალებაც, რომ რამენაირად ივანიშვილმა შეძლოს და მივიდეს არჩევნებამდე. მერე ფიქრობს, რომ ვიღაცას იყიდის, ნაწილს გააყალბებს და ასე შემდეგ. ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და კონსოლიდაცია, რომ 2016 წელი არ განმეორდეს და ივანიშვილი მშვიდად არ მიიყვანონ არჩევნებამდე.
– ოთარ, ხშირად საუბრობენ იმაზეც, რომ კახი კალაძე აქტიურ მოლაპარაკებებშია ოპოზიციონერ ლიდერებთან და ერთი სული აქვს, თავი დააღწიოს “ოცნებას”.
– ეს ინფორმაციები მეც მქონდა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერს ელაპარაკებოდა კალაძე. ეს იცოდნენ თვითონ “ოცნებაშიც” და ამის გამო კალაძეს ძალიან დიდი დაპირისპირება ჰქონდა გახარიასთან და მის კლანთან. სანამ ივანიშვილია, კალაძე ვერ წამოვა იქიდან, იმიტომ, რომ ერთმანეთზე კომპრომატები აქვთ. კალაძე უფრო მომავლისთვის იმზადებს ნიადაგს. თუ ივანიშვილი გუნდიდან წავიდოდა, კალაძე იქნებოდა ერთ-ერთი დასაყრდენი, კალაძე შექმნიდა ერთ-ერთ სივრცეს, სადაც “ოცნების” კორუმპირებული ახალგაზრდა სახეები მოიყრიდნენ თავს. ასევე მათ თუ დავუმატებთ “ოცნებიდან” წამოსულებს, ჩუგოშვილებსა და დანარჩენებს, რაღაც გუნდი შეიკვრება მათგან. სამომავლოდ ამისთვის ემზადება კალაძე. ეს ადამიანები იმდენ სიბინძურეში არიან გარეული, რომ ელემენტარულად თავის გადარჩენა, იმუნიტეტი სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდად წავა მათი საქმე.
– გახარია-კალაძის დაპირისპირება ახსენეთ და ასევე საეჭვოდ მოხვდა ყურს გახარიას განცხადება, როდესაც ამაზრზენი უწოდა მან იზორიას ძმის საქციელს, მაშინ როდესაც გომელაურმა დაიცვა ძმები. მათ შორისაც დაპირისპირებაა თუ რას ნიშნავდა გახარიას განცხადება?
– გახარია არ არის ამ კლანის წარმომადგენელი. გახარიას ვალდებულებები უფრო რუსეთთან აქვს, ვიდრე იზორიების კლანთან. მოგეხსენებათ, რომ ეს იზორია, წულუკიანი, დოლიძე-ჩიქოვანები ალასანიასთან იყვნენ და საერთოდ არ ყოფილან გახარიას გუნდში. გახარიას მათთან არც მეგობრული და არც პიროვნული ურთიერთობები არ ჰქონია.
– არ მოსწონთ ერთმანეთი?
– გამყიდველი ადამიანი არც გახარიას უყვარს და არც ივანიშვილს. მე ვფიქრობ, რომ გახარიას არც რამე ვალდებულება და არც შიში ამ კლანებისა არ აქვს. გახარიას პატრონები რუსეთში არიან, ამიტომ გახარია საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, რა თქმა უნდა, იზორიასაც დაუპირისპირდება. იზორია კი ვნახეთ, როგორ დააქვეითეს, ისე, როგორც ალასანიას სხვა მოღალატე გუნდის წევრები.
– როგორც ჩანს, წულუკიანიც მიდის.
– რა თქმა უნდა, წულუკიანიც წავა. არჩევნები ახლოვდება და რეალურად წამგებიანი სახეა წულუკიანი. როგორც არ უნდა სჭირდებოდეს “ოცნებას” წულუკიანი, ის უკვე ძალიან დიდ აგრესიას იწვევს საზოგადოებაში. ბიძინა ცდილობს, კიდევ განახლება შემოგვთავაზოს, თუმცა ყველამ კარგად ვნახეთ, 2016-ში “ოცნებამ” ვინც შემოიყვანა თითქოს და ახალი სახეები, ყველაზე ამაზრზენი სახეები ეგენი გამოდგნენ – მდინარაძეები, ოხანაშვილები, ეგ ყველაფრის მკადრებლები და ყველაზე ნეგატიურები. არა მგონია, ვინმე საღ ჭკუაზე მყოფი “ოცნებისკენ” გადაიხაროს და მასთან მივიდეს. “ოცნება” ჩასაძირად განწირული გემია. მას აღარაფერი უშველის.