ოთარ კვირიკაშვილი – “თუ უგულავა დაიჭირეს, ყველა მუნიციპალიტეტის მერი დასაჭერია”

ოთარ კვირიკაშვილი - "თუ უგულავა დაიჭირეს, ყველა მუნიციპალიტეტის მერი დასაჭერია"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “ახალი თაობის” კითხვებს ოთარ კვირიკაშვილი პასუხობს.
– ოთარ, ხელისუფლებამ დაპატიმრებების ახალი ტალღა დაიწყო. გიგი უგულავა დაპატიმრებულია, ახლა ნიკა მელიას დაჭერაც დააანონსეს. რას იტყვით?
– უგულავას ედავებიან, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი დაასაქმა და, შეიძლება, მართლა დაასაქმა და რეალურად მათ ხელფასებში დაიხარჯა 48 მილიონი. მაშინ თუ ნაციონალურ მოძრაობას თავის ხალხი მაინც ჰყავდა დასაქმებული და მათ აკეთებინებდა საქმეს, ახლანდელ ხელისუფლებას დასაქმებული კი ჰყავს რაღაც სამსახურებში აქტივისტების გარკვეული კატეგორია, მაგრამ რეალურად ამ ადამიანებს არ აკეთებინებს არაფერს, ამათ გასაკეთებელს კიდევ სხვა აკეთებს, ქირაობს საკონსულტაციო კომპანიებს, იმათ ცალკე უხდის ფულს და ბიუჯეტის ფული იმათ მომსახურებაში კიდევ ცალკე იხარჯება.
– ცნობილია თქვენთვის კონკრეტული შემთხვევები?
– არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახური, სადაც მუშაობს 9 ადამიანი. ამ ადამიანების ხელფასებში 2017-2019 წლებში დაიხარჯა 185 ათასი ლარი და მათ საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, ქვა ქვაზე არ დაუდვიათ. მათი საქმე სიღნაღის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ საკონსულტაციო ფირმას გააკეთებინა და 20 ათასი ლარი გადაუხადა.
აუდიტის სამსახური პირდაპირ უწერს, ეს 9 ადამიანი იმისთვის გყავთ, რომ ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, გაგიკეთონ საქმეო, მაგრამ ესენი სულ ტყუილად ჰყავთ დასაქმებული, პენსიასავით აძლევენ ამ ხელფასებს. მაშინ ამ პრინციპით, სხვა ფულის ფლანგვები, ის ტენდერები და შესყიდვები რომ აღარ ჩავთვალოთ, ნებისმიერი მერია დასაჭერი საქართველოს მასშტაბით.
– რატომ?
– იმიტომ, რომ საკუთარ ამომრჩევლებზე აქვთ გათვლილი. ნეპოტიზმის ბუდედ არიან გადაქცეული მუნიციპალიტეტები, მერიები და საკრებულოები. თუ უგულავა დაიჭირეს, ყველა მუნიციპალიტეტის მერი დასაჭერია! რისთვის ყრიან ამ თანხებს? 185 ათასი, 200 ათასი, 300 ათასი, აი, ასეთ თანხებზეა საუბარი. მე ერთი სამსახურის მაგალითი მოვიყვანე და თითო მუნიციპალიტეტში 7-8 სამსახურია.
– ანუ რისთვისაც დააკავეს უგულავა, იმავე დანაშაულს ჩადიან თვითონ?
– დიახ, ასეა. თუმცა ჩვენ არ ვიცით, ვინც უგულავამ დაასაქმა, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი რამდენი იყო და მათ რა მოუტანეს მაშინდელ თბილისის მერიას. შეიძლება მართლა ჰყავდა დასაქმებული უგულავას ის ადამიანები, მაგრამ უგულავას ის ფული ჯიბეში ხომ არ ჩაუდვია?! რასაც ესენი ედავებიან, მთელი საქართველოს მასშტაბით რომ გადავიანგარიშოთ, 48 მილიონიც გამოვა და ბევრად მეტიც. ბოლო დღეები აუდიტის დასკვნებს ვეცნობოდი და ისეთი კორუფცია მძვინვარებს, რომ რა გითხრათ.
– ანუ გაქვთ კონკრეტული მაგალითები, სად რა ხდება?
– კი, რა თქმა უნდა. გორი, დუშეთი, სიღნაღი, მცხეთა, ზუგდიდი, საკმაოდ ბევრ ქალაქზე დაიდო უკვე დასკვნა. ზუგდიდი ახლა დაიდო და დეტალურად ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ ერთი ფაქტია ისეთი, კომედიურ ჟანრშიც რომ არ გადის – 70-ლიტრიან მანქანის ავზში ჩაასხეს 160 ლიტრი ბენზინი, ასე აქვთ გაფორმებული. იპარავენ ყველაფრიდან!
მაგალითად, სიღნაღის მუნიციპალიტეტი შეგნებულად არ ატარებს ტენდერებს, ანუ აცხადებს და აგდებს ან საერთოდ არ ატარებს, რომ შემდეგ ერთ პირს გაუფორმოს ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის სახით. ძალიან სისტემური კორუფცია იკვეთება ამაშიც. საკუთარ ახლობლებს აძლევენ ამ ტენდერებს ერთპიროვნულად. ეს ახლობლები, გარდა იმისა, რომ ტენდერებს იგებენ, არიან “ქართული ოცნების” შემომწირველების ბაზაში და აი, სისტემური დანაშაულის ასეთი წრეა აწყობილი.
ახლა რაც ხდება, არ მომხდარა არასდროს! 2016 წლის შემდეგ, რაც მეორე ვადით მოვიდნენ, ერთი ტენდერი არ ჩაუტარებიათ! სად მიდის ეს ხარჯები, კაცმა არ იცის.
– თბილისშიც მუშაობს ეს სქემები თუ რეგიონებში უკეთ ახერხებენ ასეთი თაღლითური სქემების შემუშავებას?
– აბსოლუტურად ყველგან, მთავარია, უწყება იყოს და მნიშვნელობა არ აქვს, განსაკუთრებით კი რეგიონებში, იმიტომ, რომ რეგიონებში შედარებით ნაკლებია მედიის წნეხი, ნაკლებია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ეს ადამიანები დატაცებაზე არიან. გორშიც უამრავი ფაქტია ასეთი.
– კერძოდ?
– გორის ბაზრის ტერიტორია ეკუთვნის მაკრახიძეების ოჯახს. ეს ტერიტორია 4.000 კვ.მ-ია. ეს ოჯახი იჯარაში წელიწადში იხდის 8.000 ლარს, ანუ კვ.მ-ში 2 ლარს. შიგნით უამრავი მაღაზია აქვთ გაქირავებული კვ.მ. 140 და 150 ლარად, ანუ 80-ჯერ უგებს თითქმის მუნიციპალიტეტს.
– “ოცნებასთან” ახლობლობით ხდება ეს ყველაფერი?
– კი, რა თქმა უნდა! აუდიტს პირდაპირ უწერია გორის ბაზარზე, რომ წელიწადში 280 ათას ლარს ზარალობს მუნიციპალიტეტი იმის გამო, რომ არარელევანტულ ფასად გადასცეს ბაზრის ტერიტორია საკუთარ ახლობლებს. უკვე იმდენი რაღაციდან ჭამენ ფულს, ისეთი მეტასტაზებივითა და კიბოს უჯრედებით არის გამჯდარი ეს კორუფცია ამ “ოცნების” ხელისუფლებაში, რომ ამას აღარაფერი ეშველება.
– საით მიდის სისტემა, ლპობისკენ?
– სისტემა დამპალია. მიუშვეს უკვე სიტუაცია, ვეღარაფერს აკონტროლებენ. უბრალოდ, იციან, ვინ რას აკეთებს და ყურებით ჰყავთ ისინი დაჭერილი, ამიტომ ამ ხალხს სხვა გზა არ ექნება და ისევ “ოცნებაზე” უნდა იმუშაოს. ვერ იჭერენ. ეს ხალხი რომ დაიჭირონ, ვინღა რჩებათ, არავინ?
აბსოლუტურად ყველა იპარავს. ისეთი სქემები აქვთ ამუშავებული, რომ რა გითხრათ. ამაში ჩართულია შესყიდვების სააგენტოც, ჩართულია სამხარაულის ბიურო, რადგან პროექტების დამტკიცება ხომ სჭირდებათ. ყველა გასვარეს, ყველა ჩაითრიეს. ვერც შესყიდვების სამსახურის გარეშე გაუფორმებენ ხელშეკრულებას. ერთხელ ხომ მაინც უნდა გაუჩნდეს კითხვა შესყიდვების სააგენტოს, აქ კორუფციული ნიშნები ხომ არ იკვეთება?! აუდიტს თუ გაუჩნდა კითხვები, მე თუ გამიჩნდა, ამათ რატომ არ უჩნდებათ ამდენი წელია?!
– ანუ ყველა რგოლი გარეულია?
– კი, სისტემური დანაშაულია. სისტემური კორუფციაა! სამხარაულის ბიურო, შესყიდვების სააგენტო, ყველა მუნიციპალიტეტი გარეულია! ყველა მერი დასაჭერია!
საკრებულოების, ასევე ადგილობრივი სატენდერო კომისიების პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი, თითქმის ყველაზეა დასაწყები გამოძიება. შიდა აუდიტები სრულიად უფუნქციოა.
პროკურატურას უამრავი საქმე აქვს და ამ დროს სანახაობრივი საქმეებით ირთობს თავს. უგულავას თემა, გვარამიას თემა. ახლა გადავიდნენ იმაზე, რომ მედია დაიმორჩილონ. იმ დღეს ოხანაშვილის განცხადებები არ ყოფილა შემთხვევითი. აჭარის ტელევიზიაში რაც ხდება, აქეთ ტვ პირველი…
– ანუ საით მიდის საქმე?
– საით მიდის და ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ, რომ როგორმე თავი გადაირჩინონ. ამათ მეტი გზა აღარ რჩებათ. დღეს ესენი სირაქლემის პოზაში არიან. ჩაღუნეს თავი და აღარც ევროპას უსმენენ და აღარც ამერიკას, ცდილობენ, ამ ძალისმიერი მეთოდებით შეინარჩუნონ ხელისუფლება, რომ როგორმე დასაჭერები არ გახდნენ.
ყველა გარეულია და ყველა დასაჭერია. არ დარჩა ხელისუფლების შტო, რომ გარეული არ იყოს. ქვედა დონე, ზედა დონე – ყველა იპარავს. რიგითი სპეციალისტებიც კი გარიეს ამ საქმეში.
– თქვენ ამბობთ, ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონო. რამდენად გამოუვათ?
– არ გამოუვათ, გამორიცხულია! არც საშინაო მხარდაჭერა აქვთ და არც – საგარეო. ინვესტორები განდევნეს ქვეყნიდან. ყველა საერთაშორისო მხარდამჭერი გადაიკიდეს. აგონიაში არიან და სულელურ განცხადებას განცხადებაზე აკეთებენ. ამ ხელისუფლებამ ყველანაირი ზღვარი გადალახა, გადაუარა კანონსა და კონსტიტუციას.
ეს არის ჩვეულებრივი ბანდა, 90-იანებში რომ იყვნენ, ისეთი. ძალიან ცუდად დაამთავრებენ. ამ ხელისუფლებიდან იმდენი ადამიანი წავა ციხეში, რომ ალბათ ციხეები არ ეყოფა.