“ოცნება” გორში მაჟორიტარებად გიორგი ხოჯევანიშვილს და გიორგი კანდელაკს დაასახელებს?

"ოცნება" გორში მაჟორიტარებად გიორგი ხოჯევანიშვილს და გიორგი კანდელაკს დაასახელებს?საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში გაიმართება, თუმცა პოლიტიკურ პარტიებში მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატებს უკვე განიხილავენ.
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის შემდეგ მმართველ გუნდში ახლა უკვე ამჟამინდელი გუბერნატორის კანდიდატურაზე მსჯელობენ, თუმცა რადიო “მოზაიკას” ინფორმაციით, “ქართულ ოცნებაში” ამ საკითხზე ჯერჯერობით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

როგორც რადიო “მოზაიკასთვის” გახდა ცნობილი თუ გორში ორი ოლქი იარსებებს თემში მმართველი გუნდი მსოფლიო ჩემპიონისა და ბიზნესმენის, გიორგი კანდელაკის კანდიდატურის დაყენებას ფიქრობს.

თავად გიორგი ხოჯევანიშვილი ამ დროისთვის რადიო “მოზაიკას” კითხვებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით არ პასუხობს.

“ქართული ოცნების” წარმომადგენელი გორში მიხეილ გოგინაშვილი კი კითხვაზე, განიხილება თუ არა მმართველ გუნდში გორის მაჟორიტარობაზე გიორგი ხოჯევანიშვილის, თემში კი გიორგი კანდელაკის კანდიდატურები, ამბობს, რომ არ იცის.

მაჟორიტარობის სურვილი აღარ აქვს მოქმედ დეპუტატს იოსებ მაკრახიძეს, თუმცა რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობს, რომ გასულმა 4 წელმა მნიშვნელოვანი გამოცდილება შესძინა და განწყობის მიუხედავად, შეთავაზების შემთხვევაში, უარს არ იტყვის.

“მე არ გამიგია ხოჯევანიშვილსა და კანდელაკს თუ უპირებენ მაჟორიტარობას, მაგრამ ჩემი აზრით, გუბერნატორს დეპუტატობა არ გაუჭირდება, გიორგი კანდელაკი კი ვფიქრობ, რომ ამ შეთავაზებას არ დათანხმდება. ბიზნესმენი კაცია და ჩემი გამოცდილებიდან თუ გაინტერესებთ გეტყვით, რომ პოლიტიკა პოლიტიკოსმა უნდა აკეთოს და ბიზნესმენი პარლამენტარობაზე კენჭს არ უნდა იყრიდეს,” – ამბობს იოსებ მაკრახიძე.

ჯერჯერობით უცნობია, ვის დაასახელებს გორში ნაციონალური მოძრაობა. პარტიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელის ბადრი ბასიშვილის ინფორმაციით, ამ საკითხზე გაერთიანებულ ოპოზიციაში კონსულტაციებს გადიან და გადაწყვეტილებას მარტის ბოლოს მიიღებენ.

“რაც შეეხება ენმ-ს,  ჩვენ გაერთიანებული ოპოზიციის წევრებთან და გორის ორგანიზაციის აქტივთან კონსულტაციებით მივიღებთ გადაწყვეტილებას მარტის ბოლომდე თუ ვინ იქნება მაჟორიტარი კანდიდატი რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს.რაც შეეხება მმართველ გუნდს, ჩვენი ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან” გუბერნატორს აქვს სურვილი ჩვენი ინფორმაცით და დანარჩენ მსურველებს ან მოქმედ პარლამენტის წევრებს ქართული ოცნებიდან უარს ეუბნებიან”, – ამბობს ბადრი ბასიშვილი.

შეუერთდება თუ არა გაერთიანებულ ოპოზიციას ან ეყოლება ცალკე კანდიდატი, ახლად ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ მოძრაობაში არ იციან. “ლელო- საქართველოსთვის”პოლიტსაბჭოს წევრი სოსო ვახტანგაშვილი ამ საკითხზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს და ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე დრო საკმარისია.

“ლელო არის ჩამოყალიბების პროცესში, ჩვენ ნაჩქარევ და სწრაფ გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ, დრო საკმარისია იმისთვის რომ გავშალოთ, სრულმასშტაბიანი და სიღრმისეული კამპანია, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი შედეგი ვაჩვენოთ ამ არჩევნებზე. არაფერია გამორიცხული, შეიძლება საერთოდ არ დავაყენოთ კანდიდატურა, სიტუაცია და მოცემულობა როგორი იქნება იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, კიდევ ვიმეორებ დღეს ამაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია”, – აცხადებს ყოფილი პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილი.

ცესკოს ადგილობრივ ოფისში ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ შევა თუ არა ცვლილება კანონში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და რამდენი ოლქი ექნება გორს. ამ საკითხზე იქნება დამოკიდებული გორში კანდიდატების რაოდენობა.

თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ისევ 73 -იან მაჟორიტარულ ოლქს დატოვებენ, გორს ორი მაჟორიტარი ეყოლება პარლამენტში და ერთი ოლქი 50 ათასი ამომრჩევლით იქნება წარმოდგენილი, ხოლო თუ არჩევნებამდე კანონში ცვლილება შევიდა გორი ერთ მაჟორიტარს აირჩევს.

რადიო “მოზაიკას ინფორმაციით, მმართველი გუნდი აპირებს, რომ 110/40 ან 100/50 სისტემა დაამტკიცოს, საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარული ოლქები შეამციროს და ამომრჩეველთა რაოდენობა გორში 70 ათასიდან- 80 ათასამდე გაზარდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გორში პოლიტიკურ გაერთიანებებს მაჟორიტარობის მხოლოდ ერთი კანდიდატის დასახელება შეეძლებათ.

რადიო მოზაიკა