პროკურატურა ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითხოვს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ განუცხადა. როგორც მდინარაძე აცხადებს, პროკურატურის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს.

„პროკურატურის მოთხოვნაა, რომ ნიკა მელია ბანკი „ქართუს“ საქმეზე იმ მუხლშიც გამტყუნდეს, რაშიც საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილება აქვს მიღებული. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ჩემი აზრით, პროკურატურის საჩივარი სრულიად უსაფუძვლოა, რადგან პირველ ინსტანციაშიც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ საერთოდ არ იყო მტკიცებულებები მელიას წინააღმდეგ, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ გაიზიარა და ერთ მუხლში გაამართლა. ამასთან, მიმაჩნია, რომ მელია იმ მუხლში, რაშიც დამნაშავედ არის ცნობილი, ცოტა გაუგებარია იქედან გამომდინარე, რომ ბრალში ერთი ქმედებაა აღწერილი და ორი მუხლი აქვს წაყენებული. თუ მოსამართლემ ჩათვალა, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და მტკიცებულებები საკმარისი არ იყო, ერთ ნაწილში როგორ გაამტყუნა და მეორეში გაამართლა? ეს ჩემი აზრით, სამართლებრივი ნონსენსია“, – განაცხადა მელიას ადვოკატმა და დასძინა, რომ პროკურატურის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს.

„გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იმ ნაწილში, რაშიც მერია გამტყუნდა და ვითხოვთ მის გამართლებას. ძალიან დიდი მოცულობის საქმეა, ბრალიც დიდია და განაჩენიც 240 გვერდია. მიკვირს, რომ სააპელაციო სასამართლოში ასეთ რთულ საქმეს ერთი მოსამართლე ვეფხია ლომიძე იხილავს. ასეთი რთული კატეგორიის და პრაქტიკისთვის მნიშვნელოვანი საქმეები პირველ ინსტანციაშიც კი კოლეგიურად უნდა განიხილონ, არა თუ სააპელაციო სასამართლომ. ერთი მოსამართლე იხილავდეს საქმეს, უკვე არასერიოზული მიდგომა ჩანს“, – განაცხადა მდინარაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრსას.

რაც შეეხება მოსალოდნელ შედეგს, როგორც ადვოკატი აცხადებს, შესაძლებელია, მელიას ბრალი დაუმძიმდეს, თუმცა, მდინარაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება სასამართლოს ობიექტურობა და მიუკერძოებლობა.

„ზოგადად, სააპელაციო სასამართლოს ბრალის დამძიმება შეუძლია მაშინ, როდესაც პროკურორი ასაჩივრებს. ვინაიდან ვიცით, რომ პროკურორს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს, შესაძლებელია, ბრალი დაუმძიმდეს კიდეც და მისი საპატიმროში გაშვებაც მოხდეს თუ პროკურორის საჩივარს დააკამყოფილებს, მაგრამ მე როგორც ადვოკატს, მაქვს მოლოდინი, რომ თუ მოსამართლე ობიექტური და მიუკერძოებელი იქნება, გავლენების ქვეშ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაშინ მელია უნდა გამართლდეს. თუ არ გამართლდება, გამიჩნდება ეჭვი, რომ ეს არ იყო დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, სასამართლო პროცესი 10 მარტს, 12:00 საათზეა არის დანიშნული.

პრროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილისა დანიკა მელიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი 2019 წლის 2 დეკემბერს გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია საწარმოში და სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი და სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში დახმარება მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებით, მოსალოდნელი და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებებისათვის თავის არიდების მიზნით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. ხოლო მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებაში ნიკა მელია გამტყუნდა და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა – 25.000 ლარის ოდენობით. მასვე, „ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი თანამდებობის დაკავების უფლება შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, 2 წლის და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.