“ქართული ოცნების” იმედი მაქვს – ვალერი გელაშვილი ხაშურის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას იწყებს

"ქართული ოცნების" იმედი მაქვს - ვალერი გელაშვილი ხაშურის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას იწყებსსამგზის პარლამენტარს და ბიზნესმენს, ვალერი გელაშვილს, რომელიც “ქართული ოცნების“ თაოსნობით, სულ მალე მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდება, ამბიცია აქვს, რომ ხაშურის მაჟორიტარული ოლქიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრიც გახდეს. ამის შესახებ გელაშვილმა “2020NEWS”-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც გელაშვილი სააგენტოსთან აცხადებს, პარლამენტში შესვლის შემდეგ, იგი საკუთარ ბიზნესებს საკუთარი მეუღლის სასარგებლოდ დათმობს.

ბიზნესმენი გელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სპორტის მიმართულებით იმუშავებს. როგორც ყოფილი და მომავალი დეპუტატი აცხადებს, ის ამ სფეროს გაჯანსაღებისთვის “ყველაფერს გაააკეთებს“.

ვალერი გელაშვილი: ჩემთვის დეპუტატობის შემოთავაზება მოულოდნელი იყო. ამ თემაზე სასაუბროდ წინა პარასკევს დამირეკეს. ისე ვარ ჩემს საქმეებში გართული, რომ ყველაფერის გადალაგება მომიწევს. არც ვიყავი მზად იმისთვის, რომ პარლამენტში შევსულიყავი.

მე ისევ სპორტის კომიტეტში უნდა შევიდე, ასეთ თემებში თუ რაღაცას გავაკეთებ… ჩემს რაიონში, ხაშურში ჩემი სკოლა მაქვს. ახალგაზრდებისთვის რაღაცებს ვაკეთებ.

– რის გაკეთებას აპირებთ კონკრეტულად სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში?

– ჩავერთვები სპორტის საქმიანობაში და თუ რამე სჭირო იქნება ჩემი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებ. მე სპორტთან კავშირი არ გამიწყვეტია. როგორც უკვე ავღნიშნე, ხაურში ჩემი სკოლა მაქვს, თავის დარბაზითა და ყველაფრით.

– დეპუტატობის პარალელურად, ბიზნესაქმიანობაში ჩართული კვლავ იქნებით?

– არა. დღეს უკვე ჩემი ბიზნესების აქციები ჩემს მეუღლეს უნდა გადავუფორმო. ჩემი ბიჭი დირექტორი იქნება, ისიც ვალერი გელაშვილია. მთელი ოჯახი საქართველოში წამოვედით.

– V, VI, VIII მოწვევის პარლამენტში ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი ბრძანდებოდით. 2016 წელსაც გსურდათ ამ ქალაქის მაჟორიტარობა, თუმცა არჩევნებში “მრეწველების“ კანდიდატ სიმონ ნოზაძესთან დამარცხდით. კვლავ დააყენებთ 2020 წელს ხაშურის მაჟორიტარად თქვენს კანდიდატურას?

– აუცილებლად. მსურს კიდევ ერთხელ გავხდე ხაშურის მაჟორიტარი.

– არჩევნებში “ქართული ოცნება“ მხარს დაგიჭერთ?

– არ ვიცი. მე მგონი მმართველი პარტია მხარს დამიჭერს. მოლაპარაკება მაქვს და ჯერჯერობით, არ ვიცი “ქართული ოცნება“ ხაშურის მაჟორიტარად წარმადგენს თუ არა. იმედი მაქვს, რომ წარმადგენს.

– იმ შემთხვევაში თუ “ოცნებამ“ არ წარგადგინათ, დამოუკიდებელ კანდიდტად იყრით კენჭს?

– ვარაუდებით საუბარს ვერ დავიწყებ. მოვა დრო და გავარკვევთ. კენჭს პარტიის გარეშე არ ვიყრი.

– რატომ გსურთ ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი მეოთხედ გახდეთ?

– მე რაიონი არ მიმიტოვებია. ჩემს რაიონში რაღაცებს ვაკეთებ. მინდა, რომ ჩემი რაიონი უფრო წინ წავიდეს.

– რა კუთხით?

– ახალგაზრდებისთვის რაც საჭიროა ყველაფერს ვაკეთებ. ვაკეთებ კინოთეატრს, რომელიც მალე გაიხსნება. ხაშურში გასაკეთებელი მაქვს სხვა პროექტებიც. ჩემი კომპანიის საკუთრებაა პიონერთბანაკი და იქ დიდ პროექტს გავაკეთებ.