რამაზ საყვარელიძე – “მაჟორიტარები შეიძლება “ოცნების” თავსატეხი გახდეს”

რამაზ საყვარელიძე - “მაჟორიტარები შეიძლება “ოცნების” თავსატეხი გახდეს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, გერმანული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის დასკვნა ცნობილია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ის არაფრის შეცვლას არ აპირებს. როგორ ფიქრობთ, არჩევნები არსებული, შერეული სისტემით ჩატრდება?
– როგორც ჩანს, მართლაც აქეთკენ მიდის ყველაფერი. პრაქტიკულად დაეჭვების ფაქტორი აღარ არის, რომ არსებულ საარჩევნო მოდელს შეცვლის ხელისუფლება.
– თუმცა, არც ოპოზიცია აპირებს დათმობას.
– დიახ, როგორც ოპოზიცია აცხადებს, ის ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა რა რესურსია მის ხელთ, რას აპირებენ მომავალში, ამაზე ჯერ მკაფიოდ არ არის პოზიცია ფორმულირებული.
– ოპოზიცია აცხადებს, რომ არსებული საარჩევნო სისტემითაც მოუგებს “ქართულ ოცნებას”, ისინი მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატით აპირებენ გასვლას. რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმებას?
– ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. არ ვიცი, რამდენად შეძლებენ, რადგან ეს ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, თუ გააცნობიერებს ოპოზიცია, რომ ამ შეთანხმებით შეუძლია სერიოზული პრობლემის შექმნა ხელისუფლებისთვის არჩევნებში, მაშინ შეძლებს.
– შეთანხმება რაზე იქნება დამოკიდებული?
– ოპოზიციის შიდა სამზარეულოზე. რამდენად კმაყოფილი იქნება თითოეული მათგანი ამა თუ იმ გადაწყვეტილებით, მაგალითად, სიის შემთხვევაში ვინ რომელ ადგილს დაიკავებს, გამარჯვების შემთხვევაში ვინ რა როლში იქნება და ა.შ.
ასეთი ნაბიჯების შემდეგ იწყება ხოლმე დაპირისპირებები. ასეთ მრავალპარტიულ ერთობაში პიროვნების უკმაყოფილების მიზეზსს რა დალევს?! ვნახოთ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ამ პიროვნულზე ამაღლებას, ეს დროში გამოჩნდება. ხომ იცით, არაფერი დაიმალება.
– ოპოზიციის მიერ დაყენებული ერთი კანდიდატის წინააღმდეგ ხელისუფლებას ბრძოლა გაუჭირდება?
– რა თქმა უნდა, გაუჭირდება. ამ შემთხვევაში მთელი ოპოზიციის ძალისხმევა მიმართული იქნება სწორედ იმისკენ, რომ ამ ერთმა კანდიდატმა გაიმარჯვოს და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ.
კიდევ ერთი ფაქტორი იქნება გადამწყვეტი. საქართველოში პოლიტიკური პარტიები არ უყვართ, ამიტომ, მაჟორიტარულ არჩევნებში პარტია უკანა პლანზე გადადის და წინ ადამიანი მოდის, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რადგან ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა და “ევროპული საქართველო” არ იქნება წინა პლანზე, ესეც შეიძლება გადამწყვეტი იყოს.
– თქვენ ამბობთ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს პიროვნება იგებს და არა – პარტია?
– დიახ, პიროვნების წილი ძალიან დიდია ამ შემთხვევაში. მაგალითად, თბილისის მერის არჩევნებში კალაძის გამარჯვებაში ორივე ფაქტორმა იმუშავა, ერთი მხრივ კალაძემ, მეორე მხრივ მმართველმა პარტიამ, მაგრამ მის კონკურენტ ალეკო ელისაშვილის შემთხვევაში მხოლოდ პიროვნება იყო წამყვანი ფაქტორი, ელისაშვილის უკან არავითარი პარტია არ ყოფილა. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს პიროვნება იგებს და არა – პარტია.
თუ ოპოზიცია კარგად იმუშავებს და ადგილებზე შეარჩევს ხალხში პოპულარულ, სანდო ადამიანებს, რომლებსაც ამომრჩეველი ენდობა და მათ ხალხი არასდროს გაუწბილებიათ, მაშინ “ქართულ ოცნებას” მართლაც გაუჭირდება. მეტიც, შეიძლება ამ არჩევნებზე მაჟორიტარები ხელისუფლების პლუსი კი არ იყოს, არამედ დიდი თავსატეხი გახდეს.
– “ქართული ოცნების” ლიდერებმა არჩევნების 60%-იანი მოგება დააანონსეს. ეს საარჩევნო პიარის ნაწილია თუ შიდა კვლევებზე დაყრდნობით ამბობენ?
– ვერ გეტყვით, რა შიდა კვლევები აქვთ, შეიძლება აქვთ კიდეც, მე არ ვარ საქმის კურსში. თუმცა, რასაკვირველია, პირველ რიგში ეს არის სწორედ წინასაარჩევნო პიარის ნაწილი. არჩევნების წინ მითხარით პარტია, რომელიც ამბობს, არჩევნებს წავაგებო! ოპოზიციაც იგივეს ამბობს, არსებული მოდელითაც კი დავამარცხებთო. ამდენად, გასაკვირი არაფერი უთქვამს “ქართულ ოცნებას”, თუმცა, არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა.
– ამ ერთ წელიწადში ელოდებით რაიმე ისეთ პოლიტიკურ ძვრებს, რომლებიც შეიძლება არჩევნების წაგების ან მოგების ფაქტორი გახდეს?
– რაღაც ტიპის სიახლეებს ალბათ მაინც ექნება ადგილი. ვნახოთ, ალბათ არც “ქართული ოცნება” იქნება გულხელდაკრეფილი, რეიტინგის ასაწევად ისიც რაღაც ნაბიჯებს გადადგამს.