რამაზ საყვარელიძე – “მერაბიშვილი პარტიებისთვის საფრთხობელაა”

რამაზ საყვარელიძე - “მერაბიშვილი პარტიებისთვის საფრთხობელაა”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო რამაზ, რამდენად შეძლებს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში ერთ კანდიდატზე შეთანხმებას? გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ თბილისის ოლქებში უკვე გვარების დონეზეა შეთანხმება.
– არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ მართლაც შეძლოს ამ შეთანხმების მიღწევა. უცნაურად არ მეჩვენება, რადგან ეს მათ სჭირდებათ და ამ საჭიროებიდან გამოვლენ, ამიტომ შეთანხმდებიან.
– ლიდერები თავად იყრიან კენჭს თუ სხვა პოპულარულ, ე.წ. ცნობად სახეებს დაუჭერენ მხარს, რაც ხშირად ხდება მაჟორიტარულ ოლქებში?
– მეეჭვება, რომ არაპოლიტიკურ სახეებზე გააკეთონ აქცენტი. პარლამენტში მოხვედრა პოლიტიკოსებს უნდათ.
– გასაგებია, მაგრამ რამდენად მოიგებენ? არიან ისეთი ლიდერები, რომლებსაც მაჟორიტარული ოლქები წაგებული აქვთ.
– აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვა პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე. ისინი აცხადებენ, რომ მათ არჩევნების მოგება იმიტომ სჭირდებათ, რომ კოალიციური მთავრობა უნდა ჩამოაყალიბონ, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, რამდენად მოუგებენ ამათუ იმ ოლქს ხელისუფლების კანდიდატს.
ამ შემთხვევაში ოპოზიციამ აქცენტი ხომ მოგებაზე უნდა გააკეთოს და არა ცდა ბედის მონახევრეაზე?! ხშირად ოპოზიციას სურვილები და ემოცია სძალავს ხოლმე, მეტი საღი აზრია საჭირო. საღი აზრის შემთხვევაში ოპოზიცია დაბოქლომების აქციას და სხდომათა დარბაზში მყრალი სითხის მოსხმას არ დაიწყებდა, ამისთვის არ მოცდებოდა. ამით ამომრჩეველს ხომ ვერ აფიქრებინებ იმას, რომ შენ ქვეყანას კარგად მოუვლი. ამომრჩეველმა ხომ ეს უნდა გადაწყვიტოს, ვინ უკეთესად მოუვლის ქვეყანას.
– რა შეიძლება იყოს ხელისუფლების ნაბიჯი?
– ხელისუფლებამ თქვა, რომ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვას პასუხი ოპოზიციამ. ვნახოთ, რა პასუხი ექნებათ.
– პარტიებთან ცალ-ცალკე შეხვედრები შეიძლება გარკვეული მცდელობა იყოს?
– არ არის გამორიცხული. ალბათ “ქართული ოცნება” ეცდება, ასეთი შეხვედრები დააგროვოს. გაირკვა, რომ მხოლოდ “გირჩთან” არ ყოფილა შეხვედრა. ხელისუფლება ეცდება, ეს შეხვედრები წარუდგინოს საერთაშორისო პარტნიორებს – ჩვენ ოპოზიციასთან დიალოგში ვართ. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ 100-50-ზეც შეთავაზება დასავლეთის დასანახად გაკეთდა. თუმცა, ვფიქრობ არც ნაციონალური მოძრაობა არ არის დიდად დაინტერესებული მოლაპარაკების გაგრძელებით.
– რატომ?
– იმიტომ, რომ პროპორციული არჩევნები მათ არ აწყობთ, როგორც “ქართულ ოცნებას”.
– ვანო მერაბიშვილი ოპოზიციისთვის შენაძენია თუ ნეგატივი?
– ბევრი თვალსაზრისით შეუძლებელია, ვანო მერაბიშვილი შესაძენი იყოს. სხვას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სააკაშვილმა მოახდინა მისგან დისტანცირება, რის გამოც შემდეგ თავის მართლება მოუწია. მერაბიშვილი რადგან მოსახლეობისთვის არ არის მისაღები ფიგურა, ამიტომ პარტიებისთვისაც არ არის მისაღები, რაც სრულიად ბუნებრივია.
– ნინო ბურჯანაძემ თქვა, იმედი მაქვს. მოლაპარაკების მაგიდაზე მერაბიშვილი არ მოვა და უხერხულობას არ შეგვიქმნისო.
– დარწმუნებული ვარ, ასეთი დამოკიდებულება აქვს ყველას, მაგრამ ზოგი ამას ღიად ამბობს და ზოგიც ვერ ამბობს. პრაქტიკულად მერაბიშვილი საფრთხობელაა იმ გაგებით, რომ რომელ პარტიასთანაც მივა, იმ პარტიის ამომრჩეველს დააფრთხობს. ამიტომ, მეეჭვება პარტიები დიდი აღფრთოვანებით და გულღიად შეხვდნენ.
დარწმუნებული ვარ, ამას თვითონაც კარგად ხვდება.