რის სანაცვლოდ უხდიდა გივი თარგამაძეს ქრთამს არჩილ გეგენავა და რატომ ლობირებდა მამუკა ხერხეულიძე ელგუჯა ბუბუტეიშვილს?! 

რის სანაცვლოდ უხდიდა გივი თარგამაძეს ქრთამს არჩილ გეგენავა და რატომ ლობირებდა მამუკა ხერხეულიძე ელგუჯა ბუბუტეიშვილს?! „2020NEWS“ აგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.

„პარალელურად, ჩემი ბიზნესის განვითარებაზე ვზრუნავდი. ჯორჯიან ონლაინში ჩემს პარტნიორებთან, დათო დვალთან და მერაბ ბუზალაძესთან ერთად, კომუნიკაციის ბიზნესის განვითარების მარტივი სქემა შევიმუშავეთ.

ფიქსირებულ ქსელებს, რომელსაც პოპულარული ენით ქალაქის ტელეფონს ვეძახით, ახალ სეგმენტს, ე.წ. უმავთულო სატელეფონო კომპანიას დავუმატებდით და  უმსხვილეს კომპანიას მივიღებდით, რომლის საერთო კაპიტალიზაცია სოლიდური თანხა გახდებოდა. ვაპირებდი ლიცენზიის აღებას ამ უკაბელო სატელეფონო კომპანიის შესაქმნელად. შემდეგ ჩვენ უკვე შეთანხმებული ვიყავით ფრიდონ ინჯიასთან, ვისაც კერძო კომპანია “ახალი ქსელები” ეკუთვნის, ჩვენი რესურსები გაგვეერთიანებინა. ამ რესურსით გავერთიანდებოდით ელექტროკავშირთან, რომელიც სახელმწიფო კომპანიად დარჩებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის მენეჯმენტს, ხუთი წლის ვადით ჩვენ განვახორციელებდით.

ელექტროკავშირს 300 000 აბონენტი ჰყავდა, ახალ ქსელებს – 180 000.

დადგენილია, რომ საშუალოდ ერთი სატელეფონო აბონენტი 300 დოლარი ღირს. 300 000 აბონენტის პირობებში ელექტროკავშირის მთლიანი ღირებულება 90 მილიონი გამოდიოდა, თუმცა ეს არარეალურად მაღალი ფასია, ვინაიდან ამ 300 ათასიდან 150 000 ათასი აბონენტია აქტიური, ანუ თბილისის მოსახლეობა. რაიონების აბონენტთაგან წლიური შემოსავალი მიზერულ თანხას შეადგენს. შევარდნაძის პერიოდში პირობითად ელექტროკავშირის ფასი 50 მილიონს თუ შეადგენდა.

ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, როცა სერვისს გავზრდიდით, დავამატებდით საკაბელო ტელევიზიას, ინტერნეტს, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს და მომხმარებელთა არეალს მნიშვნელოვნად გავზრდიდით, 5 წლის თავზე ამ კომპანიის ფასი ნახევარი მილიარდი გახდებოდა.

ამის შემდეგ თვითონ სახელმწიფომ გადაწყვეტდა, როგორ გაეყიდა ეს კომპანია: პირველი, შესაძლოა კომპანია დაექსაქსა და ცალ-ცალკე სეგმენტად გაეყიდა. მარტო ვაკის 22-იან ატეესს 100 მილიონ დოლარად გავყიდდი. მეორე გზა იყო, კომპანიის ლონდონის ბირჟაზე გაყიდვა. მესამე, შეგვეძლო ეს სტრატეგიული ინვესტორისთვის მიგვეყიდა ისეთებისთვის, როგორებიცაა – “ბრითიშ ტელეკომი”, “თურქტელეკომი”, “ფრანსტელეკომი” ან “დოიჩეტელეკომი”.

ჩვენ აქ უნდა მოგვეყვანა მსხვილი ინვესტორი და არა სპეკულიანტები ყაზახეთიდან, რომელთაც რაღაც ფული ჩადეს ამ ბიზნესში და ეს სფერო სულს ღაფავს, რის გამოც ხან ინტერნეტ-მომხმარებელია დაზარალებული და ხანაც სატელეფონო. სფერო არ ვითარდება. ჩვენმა ხელისუფლებამ ელექტროკავშირი 80 მილიონ დოლარად გაყიდა, როცა ჩვენი გეგმით ამაზე მეტ თანხას ერთი ატეესის გაყიდვიდან მივიღებდით. ასეთი სტრატეგიით, ჩვენ ყველა მოვიგებდით. თუკი მე 50 მილიონიან კომპანიას ნახევარ მილიარდი დოლარის ღირებულებამდე გავზრდიდი, ჩვენი ბიზნეს ჯგუფი წარმატებული ბიზნეს პროექტისთვის 10 პროცენტს მიიღებდა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმაა.

გარდა იმისა, რომ ვაპირებდით ელექტროკავშირის მენეჯმენტის ხელმძღვანელობას, ჩვენი საკომუნიკაციო ბიზნესი 5-6 სეგმენტს მოიცავდა. შესაძლებელი იყო მობილური კომპანიაც შემექმნა და ფიჭური კავშირგაბმულობის სეგმენტშიც დავმკვიდრებულიყავით. ამას გარდა, რახან ბიზნესში დარჩენას ვაპირებდი, გადავწყვიტე მეხამრიდის ფუქცია მეკისრა და ხელისუფლებაში გადაბარგებული რევოლუციონერებისთვის ფინანსურად ხელს გაუმართავდა.

შევარდნაძის დროს მინისტრებს ხელფასი 100 ლარი ჰქონდათ და თითქმის ყველანი კორუფციის ჭაობში ჩაეფლნენ. სააკაშვილმა მის მინისტრებს 1500 ლარი დაუნიშნა, რაც პენსიის რაოდენობის ფონზე დიდი თანხა ჩანდა, თუმცა ვთვლიდი, რომ ბიზნესიდან ხელისუფლებაში გადასული პირებისთვის, არც ეს თანხა იყო იმის გარანტი, რომ მათ ფულის კეთებაზე არ ეფიქრათ.

რევოლუციამდე ზურა ადეიშვილი კერძო ბიზნესში მუშაობდა. მე დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ იგი იუსტიციის მინისტრობაზე დაყაბულებულიყო, ისევ ბიზნესში დარჩენა სურდა. თავისი ბიზნესები ჰქონდათ ირაკლი ოქრუაშვილს და ირაკლი ჩუბინიშვილს. ვანო მერაბიშვილს რაც ვიცნობდი, სულ იმაზე ოცნებობდა, რომ ახალციხეში სავაჭრო ცენტრი გაეხსნა.

მე შევარდნაძის პერიოდში, როცა ყველა ხელს მიშლიდა, სამი წარმატებული კომპანიის შექმნა მოვახერხე. ახლა იმ პირობებში, როცა აგრესიული გარემო  შეიცვალა იმით, რომ ხელისუფლების სათავეში ჩემი მეგობრები მოვიდნენ, რას უნდა შეეშალა ხელი, რომ წარმატებულად გამეგრძელებინა ბიზნესი? მე ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი და პარალელურად, ჩემი ძალისხმევა იქით მივმართე, რომ ამ ბიჭებს, ფულის შოვნის ნაცვლად, მხოლოდ საქმეზე ეფიქრათ.

24 საათის რედაქციაში მერაბიშვილი, ადეიშვილი და ოქრუაშვილი დავიბარე და შევთავაზე, რომ 5 წლის შემდეგ, როცა ისინი ხელისუფლებაში აღარ იქნებოდნენ, მე მათ ჩემს ბიზნესში დავასაქმებდი. მათ ე.წ. ოქროს ქოლგას შევუქმნიდი. ეს დასავლეთში ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, როცა ყოფილი სახელმწიფო მოღვაწეები, რომეთაც საკმარისი გავლენაც აქვთ და გამოცდილებაც, პოლიტიკური კარიერის შემდეგ, კერძო ბიზნესში საქმდებიან. იდეალური კანდიდატები იყვნენ იმ თანამდებობაზე, რომელსაც იმავე დასავლეთში ცეო-ზე ანუ სენიორ ეგზეკუტივ ბოარდს ეძახიან. ამათმა თავები დამიქნიეს, დამეთანხმნენ, მერე წავიდნენ და ყველამ თავისი ე.წ “ობშიაკები” გააკეთეს. ცოტა მოგვიანებით კი, ჩემს ამ ინიციატივას სხვა სახელი დაარქვეს – ეროსის ყველა ბიზნესის მართვა და ჯიბეში ჩადება უნდა. დღეს ნათლად გამოჩნდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ვის რა ინტერესი ამოძრავებდა. რევოლუციის შემდეგ ყველანი საკმარისად გამდიდრდნენ.

სიგარეტის ბიზნესის რეფორმირებაზე საინტერესო პროექტი შემომთავაზეს, რომელიც ხელისუფლებას გავაცანი, მაგრამ ეს პროექტი არ განხორციელდა და ყველაფერი დარჩა ისე, როგორც დარჩა. კერძოდ, შევთავაზე სიგარეტის ბიზნესი ავსტრიულ მოდელზე გადაგვეყვანა. ავსტრიაში სიგარეტის გაყიდვის მონოპოლია მთლიანად სახელმწიფოს ეკუთვნის. სიგარეტი სპეციალურ სახელმწიფო მაღაზიებში იყიდება, სადაც მხოლოდ ინვალიდები მუშაობენ და მათი დასაქმების პრობლემაც მოგვარებულია.

ანალოგიურად განვითარდა მეტალურგიული ქარხნის ისტორია. მე ვაპირებდი ეს გაძარცვული ქარხანა აგვემუშავებინა და სახელმწიფოს შემდეგ სტრატეგიულ ინვესტორზე სოლიდურ თანხად მიეყიდა.

ჩეხებმა ერთ დოლარად მიყიდეს საავტომობილო ქარხანა გერმანულ ავტოკონცერნ “ფოლკსვაგენს.” შედეგად, მოზიდული ინვესტიციებით ისეთი ავტომანქანა “შკოდა” მიიღეს, რომელზეც მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნილებაა. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის ეს ძალიან კარგი მაგალითია.

ასეთი იყო ჩემი ბიზნეს პროექტები, რომელთაც მიმაჩნია, რომ აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს.

შამწუხაროდ, ამ პროექტების განსახორციელებლად ხელისუფლებას არც მაშინ ეცალა და არც შემდეგ მოუფიქრებიათ რაიმე უკეთესი, ხოლო ბიზნესმენები ხელისუფლების გავლენიანი პირების დახმარებით ძირითადად,  ან ახალი აქტივების დათრევაზე ჩალიჩობდნენ, ანაც ის ხალხი ვინც შევარდნაძის მმართველობისას თავს დაჩაგრულად გრძნობდა, ახლა მათ რევანშის სურვილი გაუჩნდათ.

სავაჭრო პალატაში მწერალმა, საზოგადო მოღვაწემ და ასე შემდეგ მამუკა ხერხეულიძემ მომაკითხა და მეუბნება, ჩემს ქვისლის, მძახალსო თუ ვიღაც ნათესავს ბანდიტები ავიწროებენო და დამეხმარეო. მისი ეს ნათესავი კონიაკ სარაჯიშვილის მეპატრონე ელგუჯა ბუბუტეიშვილი აღმოჩნდა. ხერხეულიძე მიხსნის,  რომ შევარდნაძის პერიოდში გათახსირებული ბანდიტები მას ავიწროებდნენ და აიძულებდნენ, რომ რუსეთში კონიაკის გაყიდვაზე ექსკლუზიური ლიცენზია მათთვის მიეცა. ეს ვიღაც ბანდიტები ბუბუტეიშვილისგან კონიაკს პირობითად რომ ვთქვათ, ერთ ლარად ყიდულობდნენ და რუსეთში 10 ლარად ყიდიდნენ, რის გამოც ბუბუტეიშვილი უზარმაზარ ფულს კარგავდა. მეხვეწებოდა, დამეხმარე იქნებ რამე ვუშველოთო.

ვინ აღმოჩნდა ეს გათახსირებული, გარეწარი და ბანდიტი? – არჩილ გეგენავა! მთაწმინდის ახლანდელი მაჟორიტარი დეპუტატი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი გამორჩეული სახე! ხერხეულიძე მეკითხება, კონიაკი რომ აღარ მივცეთ შენ რას იტყვიო? – კაცო თუ ასეთი ბანდიტია და ძალით ართმევს, პოლიციეს მიმართოს და თავს დაანებებს-მეთქი. სხვა რა უნდა მერჩია?

ერთი კვირის შემდეგ, ჩემთან მოდის ირაკლი ჩიქოვანი, სარეკლამო სააგენტო მაგი-სტილის დირექტორი, რომელიც ახლა “რუსთავი 2”-ის დირექტორი და 25%-ის წილის მფლობელია და მეკითხება: – აჩიკოს ხომ იცნობ, გეგენავას? – კი მეთქი – შენი მეგობარია, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამდებობის პირი. შენთან შეხვედრა უნდა, ძალიან მეხვეწება, რომ რამენაირად შემახვედრე ეროსიო, – მეუბნება ჩიქოვანი. მე ვუთხარი კარგი რა სისულელეა, მოვიდეს-მეთქი.

მოდის გეგენავა და მიყვება, რომ სადისტრიბუციო კომპანია აქვს, კონიაკის შესყიდვაზე ბუბუტეიშვილთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ახლა მამუკა ხერხეულიძე ცდილობს, რომ მან წაიღოს კონიაკი რუსეთში გასაყიდად. გეხვეწები ჩვენთან დადებული კონტრაქტი არ დაარღვევინო და რაც საჭიროა, ყველაფერს გავაკეთებთო. მთავაზობდა “დაგვკრიშე” და ფულს ვიხდითო. ასეთი ხალხის თვალში ქურდი ვარ. რა სავაჭრო პალატის შეფი, “რუსთავი 2”-ის მფლობელი და რევოლუციის ავტორი. ქურდად ვზივარ და საქმეებს მარჩევინებენ.

მე მამუკა ხერხეულიძეს დავურეკე და ვუთხარი, რომ დაჯექით დაილაპარაკეთ და სიმართლე თავად გაარკვიეთ. მე მართლის მხარეს დავიჭერ-მეთქი. უხეშად რომ ვთქვათ, გეგენავას არაფერი გავუკეთე, პასუხგაუცემლად წავიდა.

ამის შემდეგ, რუსეთში კონიაკის გაყიდვა ისევ გეგენავამ განაგრძო, ბუბუტეიშვილი კიდევ ჩიოდა, რომ მას ძარცვავდნენ. მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანმა მითხრა – იცი როგორ გაკეთდა ეს საქმე? თვეში 5000 დოლარის საფასურად, გეგენავას ლობირება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ – გივი თარგამაძემ გაუწია! – ამათი დავა ასე დასრულდა“, – წერს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მოგონებებში.

გაგრძელება იქნება