ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.
– ბატონო შალვა, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას კვლავაც აქტიურად აგრძელებს. გიგი უგულავას დაკავება არის შურისძიება ოპონენტებზე? რა თამაში წამოიწყო ივანიშვილმა?
– როგორც ჩანს, უგულავას გამოშვებისას ხელისუფლება შეცდა. ეგონათ, რომ უგულავა აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდებოდა, თუმცა უგულავას აქტიურობამ ეს შეხედულება შეცვალა და ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი, როგორ გაენეიტრალებინა უგულავა.
პროცესები ძირითადათ ივნისიდან გამწვავდა. პირველად იყო გავრილოვის ღამე, მერე ბიძინა ივანიშვილის დაპირება პროპორციულზე, შემდეგ მისი პოზიციის შეცვლა და გადაგდება, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე მოსახლეობის. ამას ოპოზიციის მხრიდან სერიოზული გააქტიურება მოჰყვა. იმდენად გააქტიურება, რომ შესაძლოა, ეს პროცესი არჩევნებამდეც კი ვერ მისულიყო, ამიტომ ხელისუფლებამ დაიწყო ასეთი აქტიური ფიგურების განეიტრალება და დანარჩენი ოპოზიციური ლიდერებისთვის მაგალითის ჩვენება, რომ თუ გააგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურობას, თქვენც იგივე მოგელით.
– ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიციური ლიდერი, რომელიც ან დაკავებული არ იყოს, ან საქმე არ ჰქონდეს სასმართლოში. ეს რამდენად ნორმალურია?
– რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური. მე აბსოლუტურად ვემხრობი ამერიკელი სენტორების და კონგრესმენების შეფასებებს. ჩვენ არ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და არც არასდროს ვყოფილვართ! იყო დემოკრატიის მცირე ჩანასახები ყველა ხელისუფლების პერიოდში, თუმცა ამან განვითარება ვერ ჰპოვა. ამის პირველი მაჩვენებელია არადემოკრატიული საარჩევნო სისტემა და მეორე, არადემოკრატიული, არათავისუფალი სასამართლო.
ამ ყველაფრის მთავარი შემადგენელი ნაწილი ეკონომიკაა. თუ ეკონომიკა არ გაქვს და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო არა ხარ, დემოკრატიაზე საუბარი არის არაფრის მომცემი. თუნდაც უგულავაც რომ არ დაეპატიმრებინათ, ეს სამი მაჩვენებელი არის იმის წინაპირობა, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ გაქვს!
– ახალ დაკავებებს თუ ელოდებით?
– რა თქმა უნდა, ახალი დაკავებები იქნება. რა თქმა უნდა, არაადეკვატური ნაბიჯები იქნება, მაგრამ აქ ორი ფაქტორია გასათვალისწინებელი.
პირველი. ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ თუ იქნება არჩევნების დროს ქაოსი და დიდი არეულობა, ეს მის წისქვილზე ასხამს წყალს. ის არის კრიზისმენეჯერი, ანუ ის მართავს კარგად, როდესაც ქვეყანაში არის კრიზისი. ამიტომ ასეთი კრიზისული ფონი მისთვის მომგებიანია და ამას არც მალავს ეს ადამიანი. მე ხელისუფლებაში პრობლემას ვეღარ ვხედავ.
– ეს რას ნიშნავს?
– რას და მათი ყველა პრობლემა სახეზეა, ხელისუფლება რაც გვყავს, ის გვყავს. თუ რამის გამკეთებელი იყო, აქამდე გააკეთებდა. შესაბამისად, დადგა ჯერი იმისთვის, რომ მოხდეს ცვლილება. ხელისუფლების დიაგნოზი ვიცით, ამ შემთხვევაში უფრო პრობლემური ოპოზიციის დიაგნოზია.
კვლევები ამბობს, რომ არც ის მომწონს და არც ის. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა გეგმები აქვს და რას აპირებს ოპოზიცია.
– ოპოზიცია ცდილობს, გაერთიანდეს, ბოლო დღეებია, საინტერესოდ გააქტიურდნენ გიორგი მარგველაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი, შესაძლოა ისინი ხაზარაძესთან ვიხილოთ?
– ერთს მივუმატოთ ნოლი, არის ერთი. მარგველაშვილი არის ნოლი, კვირიკაშვილი არის ნოლი. ეს ხალხი არ არის პოლიტიკური რესურსის მქონე. გარდა იმისა, რომ ერთი პრემიერად დანიშნა ბიძინა ივანიშვილმა, არ დაგავიწყდეთ, ივანიშვილმა თავის დროზე ქართუ ბანკიდანაც გააგდო. მარგველაშვილზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. მარგველაშვილს თუ ჰგონია, რომ ივანიშვილს რომ არ ნდომოდა, ვინმე პრეზიდენტად აირჩევდა, მაშინ მისი ფსიქიკური მდგომარეობა ძალიან მძიმე ყოფილა.
ეს ყველაფერი არაფრის მომცემია. ოპოზიციის ბაქიბუქიც არაფრის მომცემია. ვერაფერსაც ვერ იზამენ. აქ ყველაზე საინტერესო სააკაშვილის სვლაა.
– რას გულისხობთ, მის ბოლოდროინდელ განცხადებას? და რა იყო ამაში საინტერესო?
– დიახ. სააკაშვილმა მიიღო ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ოპოზიციონერების დიდ ნაწილს ყიდულობს, თან ძალიან იაფად.
– თქვენ გაქვთ ეს ინფორმაციები?
– რა თქმა უნდა, მეც მაქვს ეს ინფორმაციები. ამიტომ სააკაშვილმა გააკეთა ძალიან სწორი სვლა – მე ვიქნები ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვხსნი იქ შტაბს და ოპოზიციას უთხრა, თქვენ თუ რამეს წარმოადგენთ, გამოჩნდებაო.
მოდით, ვაღიაროთ, ეს ამომრჩეველი არც მაჭუტაძისაა და არც ედპ-სი. ძირითადი ამომრჩეველი ნაცმოძრაობას მოჰყავს. მიშას ჯერ არ უთქვამს, რომ ნაცმოძრაობა ტოვებს ოპოზიციურ ერთობას, მიშამ დანარჩენებს უთხრა, რომ თუ თქვენ გააგრძელებთ ბიძინასთან ვაჭრობას, მე მაშინ ცალკე წავალო. სწორედ ამის მერე ხდება უგულავას დაპატიმრება, დააკვირდით მოვლენებს.
– ამ ყველაფერთან უგულავას დაპატიმრება რა კავშირშია, უგულავამ უარი თქვა ბიძინას ფულზე?
– როგორც ჩანს, უგულავამ უარი თქვა მიყიდვაზე. ამიტომ საჭირო გახდა ასეთი ტიპის ღონისძიება შეურიგებელი ოპოზიციისთვის. შესაბამისად, სააკაშვილის სვლა სწორი ყოფილა. სააკაშვილის ამ განცხადებიდან ორ-სამ დღეში დააპატიმრეს უგულავა.
– ანუ უგულავა სააკაშვილის მხარეს აღმოჩნდა?
– ასე აღმოჩნდა. როგორც კი უგულავა დაიჭირეს, მაშინვე ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დაიწყო საუბარი, რომ აქტიური მოქმედებაა საჭირო, რაიონებში გავიდეთო. საიდან დავიწყე და სად მოვედით, ანუ ოპოზიციაშია მთავარი პრობლემა! ჩვენ არ გვყავს რეალური ოპოზიცია. ისინი თანახმა არიან, პირველივე დაძახილზე მიეყიდონ ივანიშვილს.
– ბატონო შალვა, როგორც იურისტს, რა მოლოდინი გაქვთ, თუ დასჭირდათ, დააპატიმრებენ ხაზარაძეს ან სხვებს?
– ხაზარაძეს ამზადებენ დასაპატიმრებლად. ასევე ნიკა გვარამიას. პროცესების ასე ინტენსიურად ჩანიშვნა სხვა არაფერია. მიიყვანენ პროცესს დასასრულისკენ, მოსამართლე ამოწურავს მოწმეების დაკითხვას. დაიტოვებს ორ პროცესს, პროკურორის და ადვოკატის დასკვნით სიტყვას და ამის მერე თუ გადაწყვეტენ, რომ მოსაშორებელია და პრობლემბს ქმნის, მოიშორებენ და ციხეში გაუშვებენ, თუ ჩათვლის, რომ ისინი არაფრის გამფუჭებლები არ არიან, მაშინ არ დაიჭერს.
– ანუ სიტუაცია მიჰყავთ იქით, რომ ხაზარაძე და გვარამია გაანეიტრალონ?
– რა თქმა უნდა, მიჰყავთ. თუმცა აქვე ვიტყვი, რომ გვარამიას შემთხვევა უფრო რთულია, მასთან უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას, რადგან გვარამია იდეურია, თან ტელევიზიის ხელმძღვანელია. დიდი პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვს. ანუ ის უფრო მძიმე არტილერიაა.
მე მგონი, ამდენ ოპოზიციურ პარტიას, ერთად აღებულს, ერთი ნიკა გვარამია ჯობს თავის გადაცემებით. ანუ პოლიტიკურ კლიმატს ქმნის გვარამია და არა პოლიტიკური პარტიები. თუ გვარამიაა მარტო ოპოზიცია, მაშინ წავიდნენ ესენი სახლში და გადაწყვეტს მერე ქართველი ხალხი, გვარამია უნდა ხელისუფლებაში თუ ბიძინა ურჩევნია, რადგან ყველა ერთად აღებულზე ასჯერ მეტს აკეთებს გვარამია!
– რამდენად უმართავი გახდება პროცესები არჩევნებამდე?
– ყველაფერი ოპოზიციაზეა დამოკიდებული. გვესმის უკვე ოპოზიციისგან განცხადებები, რომ კი, კარგია სენატორების განცხადებები, მაგრამ, ხალხო, თქვენც გაინძერით, რატომ ხართ ინერტული.
ხალხი არ არის ინერტული. ის 54%, რომელსაც არც ერთი მოსწონს და არც მეორე, არ არის პატარა ციფრი. უმრავლესობაა, ხალხო! თუ მაგარი ხარ, წადი და იმ 54%-დან 30% მაინც წამოიყვანე. არ მოგყვება? ე.ი. არ ვარგიხარ.
ისე მიდის სიტუაცია, რომ მე არ გამოვრიცხავ პაშინიანის ვარიანტს, რომ ხალხიდან იშვას ლიდერი. დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში, ამ ეტაპზე არის ორი პოლიტიკური ფიგურა, ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილი, მეორე მხარეს მიხეილ სააკაშვილი. ხოლო ხალხის 54%, ანუ უმრავლესობა, ამბობს რომ არც იქით და არც აქეთო. ამიტომ პოლიტიკა ასეთი რამაა, შესაძლოა, უცებ ვიღაც შემოვარდეს და ეს 54% სწორედ მან წაიღოს.
ისტორია იცნობს ასეთ მაგალითებს, პაშინიანამდეც და მის მერეც. სხვათა შორის, თუნდაც უკრაინაშია ზელენსკის მაგალითი.