სოსო ცინცაძე – “ამერიკამ თუ საქართველო ჩამოწერა, გავრილოვი შემოგვივარდება და სახლიდანაც გაგვაგდებს”

სოსო ცინცაძე - “ამერიკამ თუ საქართველო ჩამოწერა, გავრილოვი შემოგვივარდება და სახლიდანაც გაგვაგდებს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, უკვე თბილისშია ამერიკის ელჩი კელი დეგნანი და ოფიციალური შეხვედრებიც გამართა. გამოითქვა ვარაუდი, რომ ივანიშვილის დუმილი ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორების კრიტიკულ წერილებზე სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ის ელჩს ელოდება, მასთან შეხვედრას. შეიძლება ასეც იყოს?
– საინტერესო მოსაზრებაა. თუმცა, ჩვენ უკვე ვიცით სენატში ელჩის დამტკიცების პროცესში მისი გამოსვლიდან პოზიცია, რომლითაც ის ჩამოვიდა.
სენატი კვირაში რამდენიმე ელჩს ამტკიცებს სხვადასხვა ქვეყანაში და ყველას ტექსტი ერთნაირია, ტრადიციულია, მაგრამ კელი დეგნანის გამოსვლა განსხვავებული იყო. ეს იყო პირდაპირი გზავნილი. გზავნილი ქართველი ხალხის, ხელისუფლების და კიდევ ბევრის მისამართით. იმ გამოსვლაში გამოიკვეთა, რომ ის არ იქნება სტანდარტული ელჩი. არის ქვეყნები, სადაც ელჩებს განსაკუთრებული ფუნქციები აქვთ, ასეთია ამერიკისთვის საქართველო. სენატის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ის აბსოლუტურად სრულად არის გარკვეული საქართველოს შიდა პოლიტიკაში.
ისტორიული მაგალითი მინდა გავიხსენო: ამერიკელი მომღერლის ფრენკ სინატრას ოცნება იყო იტალიაში ელჩად წასვლა. იტალიელ მაფიოზებთან მისი მეგობრობა ცნობილი იყო. რეიგანი პრეზიდენტი რომ გახდა, ცერემონიალზე იმღერა კიდევ და სთხოვა იტალიაში ელჩობა. თუმცა, სენატმა რეიგანს აგრძნობინა, რომ მის კანდიდატურას ჩააგდებდნენ.
ეს მაგალითი იმიტომ გავიხსენე, რომ ვთქვა, აბსოლუტურად განსხვავებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანი აქ ჩამოვიდა გარკვეული მიზნებით, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილია. მე ეჭვი არ მეპარება, რომ კელი დეგნანს ყველა იმ ამერიკელ კანონმდებელთან არაოფიციალური შეხვედრა ჰქონდა, ვისაც საქართველო აინტერესებს.
– ასეთი შეხვედრები შეიძლება აქ დახურულ კარს მიღმაც იყოს ხელისუფლებასთან?
– არ გამოვრიცხავ, რომ მან უკვე დახურულ კარს მიღმა გააცნოს ოფიციალური ამერიკის პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ხელისუფლებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილის დონეზე იყოს. რასაკვირველია, ამერიკისთვის წითელი ხაზია, მით უფრო საარჩევნო წელს ოპონენტების, ოპოზიციის ლიდერების სასამართლო პროცესები, მათი დაჭერების დაანონსება. ამაზე უკვე ელჩი პირისპირ ეტყვის ხელისუფლებას, რომ ეს იქნება წითელი ხაზი.
ახალი ელჩის მთავარი მიზანი წინასაარჩევნო კამპანიის შეფასება-დაკვირვება იქნება. ის არჩევნებს გამადიდებელი შუშით დააკვირდება და ალბათ ამერიკა გადამწყვეტ სიტყვასაც იტყვის.
მე არც იმას არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციასთან შეხვედრის მეხუთე რაუნდი გადაიდო იმიტომაც, რომ ელჩის ჩამოსვლას ელოდებოდნენ. ეს ძალიან ლოგიკური იქნებოდა.
საქართველო ამერიკისთვის განსაკუთრებული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამერიკაში არც ისეთი ძლიერი ლობი გვყავს, როგორც სომხეთს, არც ნავთობი გვაქვს, როგორც აზერბაიჯანს, საქართველოს წონა სახელმწიფო დეპარტამენტში სხვა არის მისი გეოსტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე ქართველი ხალხის მენტალობითაც.
რეგიონში, ამერიკას ერთადერთი პოტენციური ერთგული მოკავშირე – საქართველო ჰყავს. სომხეთი მთლიანად რუსეთის გავლენის ქვეშ არის, აზერბაიჯანი თამაშობს რუსეთსა და თურქეთს შორის. ამიტომ, ერთადერთი ერთგული დასაყრდენი, მეგობარი არის საქართველო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამერიკა დაეჭვდა, ვერ გეტყვით, სამართლიანად თუ უსამართლოდ, მაგრამ ფაქტია, რომ დაეჭვდა. ეს ეჭვი სახეზეა.
– როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს და რაზე იქნება ეს დამოკიდებული?
– ეს ძალიან ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. პირველ რიგში ეს იქნება დამოკიდებული ხელისუფლების ნაბიჯებზე. თუ გაგრძელდება სამარცხვინო რიტორიკა, რომ ამერიკის კონგრესი ორივე პალატა ლევან ხაბეიშვილსა და მის ძმაკაცებს ჰყავს მოსყიდული, მაშინ კარგი დღე არ დაადგებათ. თურმე, შეცდომაშია შეყვანილი მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფო და ვინ შეიყვანა – ხაბეიშვილმა. ეს უკვე სასაცილოც არ არის.
კიდევ ერთ ფაქტორზე უნდა გავამახვილო ყურდაღება: რუსეთმა იცის, რომ ამერიკა საქართველოს ზურგს უკან დგას. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რუსეთმა დაინახოს, რომ ამერიკამ საქართველო ჩამოწერა, მერე ნახეთ, გავრილოვი არათუ პარლამენტის სპიკერის სავრძელში დაბრძანდება, სახლში შემოგვივარდება და სახლიდან გაგვაგდებს.
ამაზე უნდა დაფიქრდნენ.