სოსო ცინცაძე – “ოცნებამ” მთავრობა არჩევნების წინ უნდა შეცვალოს”

სოსო ცინცაძე - “ოცნებამ” მთავრობა არჩევნების წინ უნდა შეცვალოს”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო სოსო, სამთავრობო ცვლილებებზე პრემიერმა გახარიამ ჟურნალისტებს უთხრა, გაზაფხულს დაელოდეთ! ვრცელდება ინფორმაცია, რომ გახარიას სუსის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლებს. ამ ეტაპზე რამდენად არის მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები?
– მე ვერ ვხედავ გახარიას შეცვლის მიზეზს. თუ ვინმე მეტყვის, რომ მას ზურგზე ივნისის მოვლენები ჰკიდია – რომ ნიშნავდნენ, მაშინ უფრო მწვავედ არ იდგა ეს პრობლემა?! რაც შეეხება გაზაფხულს დაელოდეთ – ეს არც ისე ელეგანტური ხუმრობა იყო გახარიას მხრიდან.
ვინც არ უნდა გახდეს საქართველოს პრემიერი, სულ მთლად მარსიდან რომ ჩამოიყვანონ და ყველაზე დიდი მიღწევების ავტორი პრემიერები რომ გააცოცხლონ, ვერაფერს გახდებიან.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ოქტომბრამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და მეორე, ამის პოლიტიკური ნება უნდა არსებობდეს, რომ რეალური რეფორმების გატარება დაიწყოს. ამიტომ, თუ სამთავრობო ცვლილები უნდა იყოს, უკეთესი იქნება უშუალოდ არჩევნების წინა პერიოდში, რომ ამით “ქართულმა ოცნებამ” ხალხში მოლოდინები გააჩინოს.
– რამდენად შეძლებს?
– საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამ მოლოდინებს ირწმუნებს, ახალი დაპირებები გარკვეულწილად კონვერტირდება საარჩევნო ხმებში, მაგრამ მინიმუმზეა საუბარი. აბსოლუტური უმრავლესობა ამას არ დაიჯერებს. აბა, ვინ დაიჯერებს, რომ ოქტომბრამდე ვინმეს შეუძლია უმუშევრობის დამარცხება, ლარის კურსის გამყარება, პროდუქტებზე ფასების დაკლება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება?! რაც შეუძლებელია, იმას ვერავინ გააკეთებს.
– მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს. რამდენად რეალურია, მართლაც მოხდეს შეთანხმება?
– პროპორციულ არჩევნებზე შეთანხმებას გამოვრიცხავ. სხვა დანარჩენი არის სავაჭრო თემა. ხელისუფლებამ იცის, რომ არსებული პირობებით არჩევნებს თუ ჩაატარებს, მაშინ მისი შედეგების ლეგიტიმაციას დასავლეთი კითხვის ქვეშ დააყენებს. ამიტომ “ქართული ოცნება” ახლა ყველა მეთოდით ცდილობს, ოპოზიცია დაუბრუნოს მოლაპარაკების მაგიდას. ასევე, ნიშანდობლივია დასავლელი დიპლომატების აქტიურობაც, რასაც ხელისუფლება იგნორირებას ვერ გაუკეთებს. ამიტომ, თვის ბოლოსთვის მე მორიგ რაუნდს არ გამოვრიცხავ.
ორივე მხარე შეეცდება, სახე შეინარჩუნოს. ოპოზიცია ეცდება, თავის მომხრეებში უკომპრომისო მებრძოლის იმიჯი შეინარჩუნოს, ხელისუფლება კი ამ მხრივ უფრო რთულ მდგომარეობაშია – მან უნდა აჩვენოს დასავლეთს, რომ მოლაპარაკება შეძლო, კომპრომისზე წასვლა შეძლო და თავის ამომრჩეველსაც უნდა უთხრას, რომ ნაციონალებისთვის არ დაუთმია.
– რესპუბლიკელმა დავით ბერძენიშვილმა არ გამორიცხა, რომ 4 აპრილს აქციაზე თბილისში შეთანხმებული მაჟორიტარი კანდიდატები დაასახელონ. ხომ არ ჩქარობს ოპოზიცია?
– არა! ოპოზიციამ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს ამომრჩეველს, რომ ამომრჩეველმა დროულად მიიღოს გადაწყვეტილება. ამომრჩევლის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია ყველა საკვანძო, მნიშვნელოვანი არჩევნების წინ.
ოპოზიციას რეგიონებში უფრო გაუჭირდება მაჟორიტარული ოლქების მოგება, ვიდრე თბილისში. თბილისი ყოველთვის იყო ოპოზიციურად განწყობილი. ამ არჩევნებზე ოპოზიციის მთავარი რესურსი ხალხის საერთო უკმაყოფილებაა, მაგრამ რამდენად შეძლებს ამ რესურსის სათანადოდ გამოყენებას ოპოზიცია, ეს რთული სათქმელია.
ყველაზე დიდი მტერი ამ არჩევნებზე ოპოზიციისთვის არის ნიჰილიზმი – “არც ერთი უქნია ღმერთს და არც მეორე”. მე ეს ფრაზა ყოველდღე უფრო და უფრო მესმის ქუჩაში. თუ ოპოზიცია ადამიანების ამ განწყობას არ დაუპირისპირებს რაიმე კრეატიულს, რაიმე ისეთს, რომ მისი ირწმუნოს ხალხმა, მაშინ ვერაფერს გახდება. სტანდარტიდან უნდა ამოვარდეს ოპოზიცია. მე ვგულისხმობ იმ სტანდარტს, რომელიც ასე უხვად გვესმის, მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.
– 4 აპრილის აქცია რამდენად მასშტაბური შეიძლება იყოს? როგორც ჩანს, ხელისუფლება აქცენტს ხალხის რაოდენობაზე გააკეთებს.
– უდაოდ! ძალიან დიდ რისკზე მიდის ოპოზიცია, როდესაც ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს. ხელისუფლება აუცილებლად დაითვლის გამოსულ ხალხს! ხომ იცით, ყველაფერი შედარებითია. ამ შემთხვევაში შეადარებენ თავისუფლების მოედანზე შეკრებილ იმ ხალხის რაოდენობას, როდესაც “ქართულმა ოცნებამ” ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა იზეიმა.
პარტიები კი ტრაბახობენ – მე 10 ათასი ადამიანი გამომყავს, მე 11 ათასი, მაგრამ მილიონნახევრიან ქალაქში ეს სასაცილოა.
საუბარია გაერთიანებულ ოპოზიციაზე, მაგრამ სულ რამდენიმე პარტიის კისერზე გადაივლის ეს.
ვნახოთ, რამდენს გამოიყვანენ, ახლა ყველა ამას უყურებს.