“სქაი კლუბში” დუბაიდან ჩამოსულმა ორმა ბიზნესმენმა 2 კათხა ლუდში 3.100 ლარი გადაიხადა

"სქაი კლუბში" დუბაიდან ჩამოსულმა ორმა ბიზნესმენმა 2 კათხა ლუდში 3.100 ლარი გადაიხადა“სქაი კლუბში” დუბაიდან ჩამოსულმა ორმა ბიზნესმენმა 2 კათხა ლუდში 3.100 ლარი გადაიხადა. შეკვეთილი სასმელების ჩამონათვალშია – შამპანიური ცქრიალა ღვინოც, რომელზეც ტურისტები ამბობენ, რომ არ შეუკვეთავთ.

არასწორი ქვითარი და მუქარა პროტესტის გამო – ამ ბრალდებებზე საუბრობს დღეს კერძო ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი. ალექსანდრე გიორგიძე, რომელიც ბიზნესმენებს თბილისში გიდობას უწევდა, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების დასჯას ითხოვს.

“სქაი კლუბის” მთავარი მენეჯერი, რომელიც 20 თებერვალს მომხდარი ფაქტის შემდგომ “კურიერთან” პირველ სატელეფონო კომენტარს აკეთებს, ბრალდებებს უარყოფს. კითხვაზე – რატომ გადაახდევინეს 15 ლარამდე ღირებულ შამპანიურში ტურისტებს დაახლოებით 3.100 ლარი, პასუხობს, რომ სტრიპტიზკლუბისთვის ეს ფასი ადეკვატურია და ბიზნესმენები ამის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.

ალკოჰოლურ სასმელებზე განუსაზღვრელი ფასების გამო “სქაი კლუბიდან” გამოსული დასისხლიანებული ტურისტების შესახებ საუბრობენ კოტე აფხაზის ქუჩაზე მცხოვრებლები. ერთ-ერთი ადგილობრივი “კურიერთან” აცხადებს, რომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე თითქმის ყოველდღე მიდის, თუმცა ამის გამო პასუხი არავის უგია და ყველა მსგავსი დაწესებულება მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობს.

დუბაიდან ჩამოსულმა ბიზნესმენებმა 20 თებერვლის შემთხვევის შემდეგ ქვეყანა მალევე დატოვეს, მათ პოლიციაში არ უჩივლიათ, თუმცა უკვე გამოიკითხა გიდი, რომელმაც ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

“კურიერის” ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე კლუბის მენეჯერითა და მომსახურე პერსონალით არ დაინტერესებულა. დაწესებულებების სია, სადაც ტურისტებისგან დანაშაულებრივი სქემით ათასობით ლარს ზედმეტად იღებენ, საკმაოდ დიდია.

“2 ლუდში 3.100 ლარი გადაახდევინეს” – რა ხდება პეკინის 3-ში