თორნიკე შარაშენიძე – “ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ყველა პრობლემას დასავლეთი ვერ მოგვიგვარებს”

თორნიკე შარაშენიძე - “ოპოზიციამ უნდა იცოდეს, რომ ყველა პრობლემას დასავლეთი ვერ მოგვიგვარებს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს.
– ბატონო თორნიკე, მოვიდა ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელსაც ყველა თავის სასარგებლოდ კითხულობს. თქვენ რა გაიგეთ ამ დასკვნიდან?
– არაფერი სასწაული ამ დოკუმენტში არ წერია. სიმართლე სადღაც შუაშია. იქ წერია, რომ როგორც ჩანს, გერმანული მოდელი არ საჭიროებს კონსტიტუციის ცვლილებას. ამავე დროს იქ წერია ისიც, რომ საერთოდ ჯობია, არჩევნებამდე ერთი წლით ადრე პერიოდში, საკანონმდებლო ცვლილებები არ მოხდეს. მეორეც, ოდირი ვერ დადებს დასკვნას, რამდენად კონსტიტუციურია ესა თუ ის საკანონმდებლო ცვლილება. ეს არ არის მისი პრეროგატივა. ის უბრალოდ წერს, რამდენად კარგია ეს ყველაფერი დემოკრატიული განვითარებისთვის.
– ანუ რა გამოდის, რჩება ძველი მოდელი?
– ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ყველაფერს იზამს, რომ ეს მოდელი დარჩეს. სხვა შემთხვევაში მას შანსი არ აქვს არჩევნების მოგების.
– ოპოზიცია დამარცხდა ამ ბრძოლაში?
– ოპოზიცია, მე მგონი, შეგუებულია, რომ ამ მოდელით მოუწევს მას გასვლა არჩევნებზე და ფიქრობს იმაზე, როგორი სტრატეგიით იმუშაოს არსებული მოდელის პირობებში.
– რამდენად აქვს ოპოზიციას დასავლეთის ზეწოლის იმედი? კონგრესმენების და სენატორების კრიტიკული წერილები რამდენად უშველის საქმეს?
– იმედი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ყველა პრობლემას დასავლეთი ვერ მოგვიგვარებს, ესეც უნდა იცოდნენ. აქ შენით უნდა მოიგო არჩევნები. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. უნდა იმუშაონ სწორად, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი, რომლის პროცენტული რაოდენობა მაღალია, სახლში არ დარჩეს.
– ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ რესურსი, არჩევნებზე აიღონ 60%. საიდან მოიტანენ ამხელა შედგეს?
– დაშინებით და გაყალბებით, სხვა საიდან უნდა მოიტანონ?!
– ზედმეტად ხმამაღალი განცხადება ხომ არ იყო?
– რა თქმა უნდა. როდის იყო, კობახიძე მოკრძალებულ განცხადებას აკეთებდა.
– თეორიულად არის იმის შანსი, რომ დადონ 60%?
– არანაირად. ლეგიტიმური არ იქნება. არავის თვალში არ იქნება ლეგიტიმური 60%. არავინ არ დაიჯერებს, რომ მათ ამხელა მხარდაჭერა აქვთ. ბოლოს და ბოლოს ყველაფერს აქვს საზღვარი. ყველა უყურებს და ხედავს, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვთ, ასე ელემენტარულად ვერ გაქაჩავენ. თუ აპირებენ მერე კიდევ 4 წელი მართონ ქვეყანა ამ რეიტინგით, პირველ რიგში საკუთარ თავს მიიყვანენ კატასტროფამდე.
– არჩევნებს გააყალბებენ?
– რატომაც არა? რა, შერცხვებათ თუ რა?! ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ მერე ყველა გამოვა ქუჩაში და ამათ სახლში გავუშვებთო, ეს ქვეყანას დააზიანებს. ამიტომ ჯობია, თუ ხელისუფლების შეცვლას აპირებენ, ახლა შეცვალონ. ბუნებრივია, არჩევნების გზით.
ოპოზიციამ ხალხის გული უნდა მოიგოს პირველ რიგში, თორემ ვერც ევროპა უშველის და ვერც ამერიკა.
– “ოცნების” მომხრეებში გაჩნდა იმის იმედი, რომ რადგან არ მოხერხდა ტრამპის იმპიჩმენტი, ჩვენი ხელისუფლებაც პოზიციებს გაიმაგრებსო. ეს რამდენად სწორი ხედვაა?
– ეს არაფერ შუაშია. ტრამპს იმპიჩმენტი სერიოზულად არ ელოდა არასოდეს. გამომდინარე იქიდან, რომ მას მხარდაჭერა ჰქონდა საკუთარ პარტიაში დიდი. რესპუბლიკელები აკონტროლებენ უმრავლესობას სენატში. ეს ერთი, მეორეც, ტრამპის დაპირისპირება ოპოზიციასთან არანაირად არ ეხება საქართველოს საკითხს.
ტრამპი არ იწუხებს მაინცდამაინც თავს საქართველოს საკითხებზე ფიქრით. მისი საფიქრალია საპრეზიდენტო არჩევნები, სამუშაო ადგილები ამერიკაში, საქართველოზე თუ იფიქრებს, დაუჯერებს მათ, ვინც ჰყავს მრჩევლები ამ საკითხებში.
მეოცნებეების სიხარული, რომ ტრამპის იმპიჩმენტი ვერ მოახერხეს და “ოცნება” გაიმარჯვებს, ჩვეულებრივი სისულელეა.
– ოპოზიციის ინიციატივა საერთო მაჟორიტარული კანდიდატების დასახელების შესახებ რამდენად იმუშავებს და რამდენად მოხერხებენ ამაზე შეთანხმებას?
– თუ უნდათ, რაღაც გამოვიდეს, უნდა მოახერხონ. მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია მაჟორიტარულის პირობებში ხელისუფლების დამარცხება, თუ არ მოხდა კოორდინაცია მაინც.
– ოდირის ეს დაკვნა იყო ნიშანი, რომ ცვლილება კანონში არ იქნება?
– ალბათ არ იქნება. ჩაეჭიდება ამ დასკვნას “ოცნება”.